fbpx
მედიცინატექნოლოგიები

იტალიელ პაციენტს ფრანგული კომპანიის მიერ შექმნილი ხელოვნური გული გადაუნერგეს

იტალიელ პაციენტს, რომელიც დონორის გულის ტრანსპლანტაციას ელოდება, ფრანგული კომპანია Carmat-ის მიერ შექმნილი ხელოვნური გული გადაუნერგეს.

ხელოვნური გულის გადანერგვის ოპერაცია ნეაპოლში გაკეთდა, ოპერაციის ღირებულება – 150 ათასი ევრო – რეგიონულმა ჯანდაცვის სისტემამ დაფარა.

გულის გადანერგვის საჭიროების მქონე ადამიანთა უმეტესობას მოცდა, მინიმუმ, ექვსი თვის განმავლობაში უწევს და ბევრი მათგანი იძულებულია, დონორს საავადმყოფოში დაელოდოს.

გულის პროთეზს შეუძლია რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშაოს, პაციენტი მობილური იყოს და მისცეს მას შესაძლებლობა, სახლის პირობებში დაელოდოს  ტრანსპლანტაციას.

კომპანია Carmat-ამ ხელოვნური გული Aeson-ის ბრენდის ქვეშ შექმნა.

ფრანგული საერთაშორისო რადიოს მონაცემებით, Aeson-ის პროთეზის გაყიდვა ევროპაში გასული წლის დეკემბრიდან ნებადართულია. Carmat-ის პრესსამსახურის ცნობით, 2008 წლიდან, როცა კომპანია დაარსდა, ეს ხელოვნური გულის გაყიდვის პირველი შემთხვევაა. ამ დრომდე Aeson-ის გული კლინიკური კვლევების მიღმა არასოდეს ყოფილა გამოყენებული.

Aeson-ის ხელოვნური გული გათვლილია პაციენტებზე, რომელთაც გულის ორმხრივი უკმარისობის ბოლო სტადია აქვთ.  

Camrat-ი მსოფლიოში მეორე კომპანია გახდა, რომელიც ხელოვნურ გულებს აწარმოებს. პირველია არიზონაში დაფუძნებული კომპანია Syncardia, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაშია ხელმისაწვდომი, მაგრამ ექსპერტების თქმით, Carmat-ის პროთეზი ბიოლოგიურ მასალებს შეიცავს, რაც პაციენტის მედიკამენტოზურ დამოკიდებულებას ამცირებს.

როგორ მუშაობს ხელოვნური გული

Carmat-ის ხელოვნური გული სამი ნაწილისგან შედგება , ესენია: იმპლანტირებადი პროთეზი, გარე აპარატურული სისტემა და კონტროლერი.

პროთეზი, თავისთავად, უკიდურესად რთული მოწყობილობაა – სარქვლების, ტუმბოების, სენსორების, კაბელების და სხვა ელექტრონიკის სისტემა ჰარმონიულად მუშაობს იმპლანტანტში სისხლის ცირკულაციისთვის.

ამასთან, მოწყობილობა უკავშირდება გარე ტექნიკურ სისტემას, რომლის წონა დაახლოებით 5 კილოგრამია და მისი ტარება ჩანთითაცაა შესაძლებელი.

სისტემაში შედის ბატარეები, რომლებიც დაახლოებით ოთხი საათი ძლებს – ეს დიდი დრო არ არის, მაგრამ პაციენტებს გადაადგილების საშუალება ეძლევათ.

რაც შეეხება კონტროლერს, ის პროთეზის მონიტორინგისათვისაა შექმნილი. კონტროლერი ექიმს საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნოს და უზრულველყოს ხელოვნური გულის გამართული მუშაობა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close