ლიტერატურა/წიგნებიქართველები უცხოეთშიიტალია

მილანში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა  

ჯერჯერობით ვერც წიგნების ფართო არჩევანს სთავაზობს მკითხველს და ვერც დიდ სამკითხველო დარბაზებს, თუმცა თავად ფაქტი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია – მილანში, გარიბალდის 73-ში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკა ალექსანდრე ელერდაშვილის სახელს ატარებს.

ამ ძალიან კარგი საქმის სულისჩამდგმელია ასოციაცია „მერანის“ პრეზიდენტი, ქალბატონი მელი თურმანიძე, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებლები იცნობენ შესანიშნავი პროექტით – „ლიტერატურული საუბრები მელისთან ერთად“, აგრეთვე, რუბრიკით – „გარიბალდის 73-ში!“ აქვე აღვნიშნავთ, რომ ასოციაცია „მერანი“ მელი თურმანიძემ და ხათუნა შარაძემ (ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი) დააარსეს. „ჩრდილოეთის და სამხრეთის ემიგრანტები გავერთიანდით და გავაკეთეთ ასოციაცია“, – ამბობს ჟურნალისტი ხათუნა შარაძე, რომელიც იტალიის სამხრეთშია, ბარის რეგიონში. მართალია იგი გახსნას ვერ დაესწრო, მაგრამ მალევე ჩავიდა მილანში და მოინახულა ბიბლიოთეკა.

ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნის შესახებ ვრცელი წერილი ფეისბუქის სოციალურ გვერდზე „Milano – ინგას მილანი“ გამოქვეყნდა.

 „ასოციაცია „მერანის“ პრეზიდენტის, ქალბატონი მელი თურმნიძის დიდი ძალისხმევით, იტალიურ-ქართული ბიბლიოთეკა-სამკითხველო გაიხსნა. გარიბალდის ქუჩას რომ შეუყვები, საქართველოს მოფრიალე დროშა და ვაზის ფოთლები შორიდანვე მოგხვდება თვალში და ხვდები – შენიანებთან ხარ და სიხარულით ივსები. თან მშვენიერი დიასახლისი რომ გადმოგხედავს მისეული ღიმილითა და სითბოთი და გადმოგძახებს: „ამოდი, გოგო!“ – მთლად საქართველოში გგონია თავი, ახლობლებთან, – პატარა საქართველოში, რომლის შეგრძნებაც და განწყობაც ნამდვილად შექმნა დიასახლისმა. თან როცა ჭკვიანი, მოღიმარი ქართველებიც გხვდებიან სტუმრად, სიხარული ათმაგდება.
სასიამოვნო, მნიშვნელოვანი საღამო იყო. გაიხსნა პატარა, მაგრამ თბილი, მყუდრო გარემო, სადაც მარტო არასოდეს იქნები. სივრცე, რომელსაც ველოდით. წიგნის, ქართული წიგნის სამყარო, რომელიც სხვანაირად ავსებს საკუთარი ქვეყნის მონატრებას“, – წერს ავტორი.

ბიბლიოთეკის ფონდში ამჟამად არსებული წიგნების დიდი ნაწილი ქალბატონმა მელიმ საკუთარი სახსრებით შეიძინა, ბევრი წიგნი კი აჩუქეს და მან მილანში ჩატანის ხარჯი აიღო საკუთარ თავზე.

მაგალითად, გივი ჩიღვინაძემ, პირველმა, ორჯერ გაუგზავნათ წიგნები; ასევე ორჯერ გაგზავნა გვინინა (ნანუკა) ჭკუასელმა, სტუდენტმა, ახალგაზრდა პოეტმა. თამარ ნიკურაძის ნაჩუქარი წიგნების ნაწილი უკვე მილანშია, ნაწილი კი მალე ჩავა.

ფონდი ახლო მომავალში კიდევ შეივსება, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკიდანაც. იგეგმება ბავშვებისთვის, და არა მხოლოდ, კითხვის საღამოების მოწყობა, მულტიპლიკაციური ფილმების, ზღაპრების ჩვენება და განხილვა.

უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, მორიგი კვირას, 17 ივლისს მოეწყობა. პროგრამაშია კეკელიძის „თომას ზღაპრების“ წაკითხვა ქართულად და იტალიურად (მელი თურმანიძის თარგმანი) და განხილვა; ქართული ფილმის ნახვა და განხილვა.

ვფიქრობთ, გარიბალდის ქუჩის პატარა ქართული „სავანე“ მალე იქცევა მილანში მყოფი ქართველებისთვის მნიშვნელოვან სივრცედ, სადაც მონატრებული საქართველოს „სუნთქვას“ შეიგრძნობენ, სულიერ საზრდოს მიიღებენ და დადებითი მუხტით აივსებიან. ბევრი ალბათ მოინდომებს, ბიბლიოთეკის ფონდის შევსებაში თავისი წვლილიც შეიტანოს.

თავად ქალბატონი მელი კი ასე ამბობს:

„ბიბლიოთეკის დიდი იდეის პატარა, ნამცეცა ფუნდამენტი წიგნების სიყვარულია. ყველაფერი ალბათ იქიდან დაიწყო, როცა სამუშაოდ წასულმა მამამ გასამრჯელოს მაგიერ წიგნები ითხოვა და სახლში ძალიან ბედნიერი დაბრუნდა, – მოხუცებმა, რომელთაც საკმარისი თანხა არ გააჩნდათ, წიგნებით გადაიხადეს საფასური. მახსოვს მამაჩემის სახე, როგორი ბედნიერი და სიყვარულით სავსე ალაგებდა წიგნებს ტომრებიდან და თითქოს ებოდიშებოდა, მაპატიეთ, ტომარაში ყოფნა რომ გაკადრეთო.

მერე იყო ემიგრაციის პირველი წელი: უკრაინაში წასულებმა, ერთი დიდი ფუთით წიგნები წავიღეთ. მახსოვს ხარკოვში დამხმარე მუშის დაუდევრობით გახეული ფუთა და მიმოფენილი ვაჟა, ილია, აკაკი, ვახტანგი… მაინც „მივიყვანე“ სახლამდე ყველა მათგანი.

მერე ისევ ემიგრაცია… ისე მოხდა, რომ ჩემმა წიგნებმა იტალიაში მე ჩამასწრეს 🙂

16 წლის წინ ძალიან ცოტანი ვიყავით, გაიზარდა და მომწიფდა ემიგრაცია, აქ ბევრი ქართველი ბავშვი იზრდება და მე უკვე საკუთარ ემოციებზე კი არა, ვალდებულებებზე ვფიქრობ: ჩემი თაობის ემიგრანტებს ძალიან დიდი, მძიმე და რთული მისია გვაქვს, როგორმე, სულ ცოტა მაინც, ქართული სული შევუნარჩუნოთ ამ ლამაზ ქართველ გოგო-ბიჭებს“.

ბიბლიოთეკის გახსნა ორიგინალური ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close