„სიყვარულის სახელით ადამიანი არ უნდა გაანადგურო! ასეთი ფიქრი და ქცევა არცხვენს საქართველოს“ – გია მურღულია
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ფილოლოგმა გია მურღულიამ სოციალურ ქსელში შეაფასა:
„ქართული მენტალობისა და ქცევის ყველაზე უარესმა, ამაზრზენმა მოცემულობებმა – ზოგ ყეყეჩს პატრიოტიზმის უმაღლესი მწვერვალი რომ ჰგონია – კონკრეტული მოძალადე სახეები შეიძინა და სიკვდილი დათესა. და ეს იმ ქვეყანაში, რომელმაც სამყაროს ამდენი კეთილი საქმე და გულღიაობა აჩვენა.
სიყვარული არასდროს არის სიკვდილის არც მიზეზი, არც მიზანი და არც შედეგი. მისი სახელით ადამიანი არ უნდა გაანადგურო!
ამ ახალგაზრდა კაცის, ტვ „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მაინც უნდა აუხილოს თვალი ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პრობლემათა გადაწყვეტის ლამის ერთადერთ შესაძლებლობად ძალადობას მიიჩნევს.
ასეთი ფიქრი და ქცევა არცხვენს საქართველოს – ყველას, ვინც აქ ვცხოვრობთ და აქვე ვხედავთ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს.
ეს ის მომავალი არ არის, რომელზეც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვოცნებობდით.
ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ დიდი ხანია რაღაცას არასწორად, სულელურად და უპასუხისმგებლოდ ვაკეთებთ.
თუ ღირსეული მომავალი გვინდა, ყველაზე მთავარი – ადამიანის მიმართ დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ.
შევინარჩუნოთ, რაც წინაპრებიდან სიკეთე მოგვდგამს და სიკვდილთან თამაშებს თავი დავანებოთ.
რამდენი რამ მოხდა ბოლო წლებში, რამდენი უბედურება, ძალადობა და საშინელება – ჭკუა არაფერმა გვასწავლა! ჩვენი სოციალური მეხსიერება ნულს ქვემოთაა. სამ დღეში ყველაფერი გვავიწყდება და ძველებურად ცხოვრებას ვაგრძელებთ.
თავად ასე ვცხოვრობთ და შვილებსაც ასე ვზრდით.
არც ოჯახი ცდილობს ადამიანის აღზრდას და სკოლას ეს საქმე ლამის საბოლოოდ გაუცნობიერებელი და საერთოდ მიგდებული აქვს. რეალობა გვიჩვენებს, რომ როცა ამას ვამბობ, მაინცდამაინც არაფერს ვაჭარბებ. ძალიან ცოტა ქართველს აქვს აღზრდის კულტურა და ძალა.
სხვა გზა არ გვაქვს – როგორმე ცოტა ხანგრძლივად უნდა შევწუხდეთ და ერთმანეთსაც ვუთხრათ, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ის თანაბრად შეურაცხყოფს ჩვენს ისტორიასაც, ტრადიციასაც და მომავალსაც. სიცოცხლე არაფერს გვასწავლის.
იქნებ ამდენმა სიკვდილმა მაინც გვასწავლოს.
ამაზე საზოგადოებაც უნდა დაფიქრდეს, მთავრობაც, პარლამენტიც და თითოეული მოქალაქეც.
უკან მიდევნებული სიბრძნეც არაფერს გვიშველის – წინმსწრები გონიერებით უნდა ვიცხოვროთ.
რაციონალური გადაწყვეტილებები, პრინციპულობა და სიმტკიცე გვმართებს“, – წერს გია მურღულია პოსტში.
კომენტარები