fbpx
მედიცინა

არავაქცინირებული ადამიანების სხეული შეიძლება კორონავირუსის „შტამების ფაბრიკა“ გახდეს

ადამიანები, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინირებულნი არ არიან, არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას აყენებენ რისკის ქვეშ, არამედ წარმოადგენენ „შტამების ფაბრიკებს“. ამის შესახებ ინფექციურ დაავადებათა ექსპერტმა CNN-ს განუცხადა.

„არავაქცინირებული ადამიანები შტამების პოტენციური ქარხნები არიან“, – ამბობს ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების პროფესორი უილიამ შაფნერი.

მისი განცხადებით, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება არავაქცინირებული, ვირუსს გამრავლებისთვის მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს.

შტამები კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში ვითარდება.

„როდესაც ეს ხდება, ის მუტაციას განიცდის და შეიძლება წარმოქმნას კიდევ უფრო საშიში მუტაცია“, – აღნიშნავს შაფნერი.

ვირუსები, მათ შორის, COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2, მუდმივად განიცდიან მუტაციებს; ზოგიერთმა მუტაციამ შეიძლება თავად ვირუსი დააზიანოს, მაგრამ ზოგიერთი პირიქით – დაეხმაროს. მაგალითად, მუტაციას შეუძლია, რომ ვირუსი უფრო გადამდები გახადოს.

როდესაც ვირუსი სხვა ადამიანში გადადის, მუტაცია ასლებს ქმნის და მრავლდება; თუ ეს პროცესი წარმატებული აღმოჩნდა და გავრცელება განაგრძო, ის უკვე შტამი ხდება.

არავაქცინირებული ადამიანები მუტაციებს გამრავლების საშუალებას აძლევენ.

„ვირუსებში მუტაციების მიმდინარეობისას, ისინი, რომლებიც გადარჩებიან, ვირუსს პოპულაციაში გავრცელებას უადვილებენ. ცვლილების ყოველ ჯერზე ვირუსს მუტაციების დამატების ახალი პლატფორმა ეძლევა. ახლა უკვე გვაქვს ვირუსები, რომლებიც უფრო ეფექტიანად ვრცელდება“, – ამბობს ჯონს-ჰოპკინსის ბლუმბერგის სამედიცინო სკოლის მიკრობიოლოგი და იმუნოლოგი ენდრიუ პეკოში.

არსებითად, თუ ვირუსს გავრცელება არ შეუძლია, ვერც მისი მუტაცია მოხდება.

უკვე არსებობს კორონავირუსის რამდენიმე შტამი (ვარიანტი), რომელთაგან ოთხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „შემაშფოთებელ შტამებს“ უწოდებს.

მათ შორის არის ბრიტანეთში გამოჩენილი ალფა, სამხრეთ აფრიკაში გამოჩენილი ბეტა, ბრაზილიაში გამოჩენილი გამა და ინდოეთში გამოჩენილი დელტა; ისინი უფრო მეტ რისკს შეიცავენ, რადგან არიან გადამდები და იწვევენ უფრო მწვავე დაავადებას, ანდა შეუძლიათ გვერდი აუარონ იმუნურ თავდაცვას.

ეს შტამები იმ პერიოდებში აღმოაჩინეს, როდესაც ინფექციის შემთხვევათა რაოდენობა მაღალი იყო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები განსაკუთრებით შიშობენ დელტა ვარიანტზე, რომელიც შეიძლება ვაქცინირებულ ადამიანთათვისაც კი საშიში იყოს. მართალია, ვაქცინები შტამების წინააღმდეგ ეფექტიანი აღმოჩნდა, მაგრამ ისინი შეიძლება ერთნაირად ეფექტიანი არ იყოს ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა 88-პროცენტიანი ეფექტიანობით ახდენს დელტა ვარიანტით გამოწვეული სიმპტომური COVID-19-ის შემთხვევების პრევენციას.

ექსპერტები შიშობენ, რომ არავაქცინირებულ საზოგადოებებში შეიძლება შტამები გავრცელდეს და შემთხვევათა მკვეთრი მატება გამოიწვიოს. რაც უფრო ნაკლები ადამიანია ვაქცინირებული, ადამიანიდან ადამიანში გადასვლის მით მეტი შანსი აქვს ვირუსს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close