fbpx
საზოგადოებასაქართველო

ერთად დაბერებაზე ვოცნებობდით… ისეთი თბილი ჩახუტება იცოდა, მეგონა, მთელ სამყაროს ვეხუტებოდი მაგ დროს – ჟურნალისტ კობა ალხაზაშვილის მეუღლე

ჟურნალისტ კობა ალხაზაშვილის მეუღლე გვანცა ციმინტია მეუღლესთან პირველ შეხვედრას იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დუდის მეძახდა. პირველად რომ შემხვდა, ძალიან დაბნეული იყო, ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი, მერე მეუბნებოდა – ისე მკაცრად იჯექი, არ ვიცოდი, რა მექნაო, „გავიწურეო“, იცინოდა სახეგაბადრული და მიყვებოდა რაღაცეებს. სახლში რომ მივყავდი, გზაში თმა ჩამომეშალა, გაჩერდა და ძალიან თბილად ყურს უკან გადამიწია. ვიფიქრე, პირველივე შეხვედრაზე ეს როგორ გამიბედა-თქო, მაგრამ ისე თბილად გამოუვიდა, არაფერი მითქვამს, გავუღიმე. სახლში ძალიან აფორიაქებული დავბრუნდი, ვფიქრობდი, ვაანალიზებდი. მეორე დღეს იყო მუზეუმი, უაზროდ მივაშტერდი რაღაც სურათს, მოვიდა და მაკოცა, ჩემი მეორე მე მიყვიროდა – რამდენს აბედინებ ამ თავხედ ახალგაზრდას, მეორე დღესვე რომ მოდის და საფეთქელთან გკოცნის, მოურიდებლად. ვუთხარი კიდეც და აქაც გამიღიმა – ვერ მოვითმინეო…

რამდენს ვსეირნობდით, მთაწმინდიდან პლეხანოვამდე, პლეხანოვიდან ნახალოვკამდე. ისე დამოკლდა ქალაქში მანძილი, ვეღარც ვიგებდით ლაპარაკ-ლაპარაკში სად, რომელ უბანში ამოვყოფდით თავს. 4 თვე ვიბოდიალეთ ასე, იმდენი ვისაუბრეთ, რამხელაც თბილისია. ვხვდებოდით, რომ ახალი ეტაპი იწყებოდა და უნდა დაწყებულიყო ჩვენს ცხოვრებაში. მოულოდნელად მითხრა ცოლად გამომყვებიო? მე ვითომ ვერ გავიგე-გაიგე, რაც გკითხეო? – რა-მეთქი, თითქოს დასაფიქრებლად დრო მჭირდებოდა, როგორ დავთანხმდი, არც მახსოვს, მაგრად ჩავეხუტე, წავედით რესტორანში და გვიანობამდე ვისაუბრეთ მომავალზე. ბავშვურად აჟიტირებულებმა და აფორიაქებულებმა ღერი ღერზე გავაბოლეთ და შევუდექით სამომავლო გეგმების დალაგებას.

უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, ეჭვიანი არ ვარო, მეუბნებოდა და სადმე, მის გარეშე თუ წავიდოდი, მალევე მირეკავდა – სად ხარ? მალე მოხვალ? სამსახური რომ დავიწყე პანდემიის დროს, დილით მიმიყვანდა და მერე მანქანაში ან იქვე ახლოს მელოდებოდა. ადრე მაკითხავდა და დროზე ადრე მივყავდი სახლში. თუ დავიგვიანებდი, გაბუტული იჯდა ცოტა ხანი და მხოლოდ ჩახუტებით თუ მოიყვანდი ხასიათზე.

ისეთი თბილი ჩახუტება იცოდა, მეგონა, მთელ სამყაროს ვეხუტებოდი მაგ დროს. ისეთ ენერგეტიკას ვუზიარებდით ერთმანეთს, ფიზიკურ ტკივილსაც რომ შველოდა. თუ თავი ტკიოდა, თავზე ვეფერებოდი, ტკივილი მივლის, როცა ხელს მკიდებო. მეც ანალოგიურად. მის გარეშე ძალიან ძნელია, პატარა ბავშვივით ავეტორღიალებოდი და ყველგან დავყვებოდი, მერე მოვიდა ნუშიკო ჩვენს ცხოვრებაში და ეხლა უკვე მისი ორი საოცნებო ხუჭუჭა გოგო დაყვებოდა კუდში და ამით ისეთი ბედნიერი იყო, სახეზე ეტყობოდა უდიდესი პასუხისმგებლობა და სიამაყე.

დაგვაობლა.

ორივე დაგვაობლა.

ისე ვუყვარდი, მგონია, ასე არ უყვართ ჩვეულებრივ ადამიანებს მეორე ნახევრები. როგორი მადლიერი იყო იმით, რომ ასეთი ადამიანი შეხვდა, მე მისით ვიყავი მადლიერი, ასეთი ბიჭი რომ შემხვდა. სულ იმას მეუბნებოდა, ადრე რატომ არ შეგხვდიო, დავბოდიალობდი უაზროდო. ალბათ როცა საჭირო იყო მაშინ შევხვდით, მაგრამ ასე მალე რატომ დასრულდა ეს ყველაფერი?

სადაც უნდა წავსულიყავით, სპექტაკლზე, თამაშებზე, მეგობრებთან, დასასვენებლად, წინასწარ შემირჩევდა ადგილს, წინასწარ მომიმზადებდა გარემოს, ბედნიერად რომ მეგრძნო თავი, ასეთი მზრუნველი ადამიანი არც შემხვედრია არასდროს.

იმხელა სიყვარული მომანიჭა სამყაროს რომ სცდება. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება და მაცოცხლებს.

თვითონ როგორც ამბობდა-ზოგი მთელი ცხოვრება ვერ პოულობს ამ გრძნობას და უსიყვარულოდ მიდის ამ ქვეყნიდან, ჩვენ კი ამ მცირე დროში ისე საინტერესოდ ვიცხოვრეთ, ყველგან ვიბოდიალეთ, ყველას მოვეფერეთ, ყველას შევაყვარეთ თავი, ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ, ჩვენი ბუდე ავაშენეთ, მოვაწყვეთ, ვიცხოვრეთ, მთელი გულით ვიცხოვრეთ, ვამაყობდით ასეთი ოჯახით, გვეამაყებოდა ჩვენი გარშემომყოფები, ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, უბრალოდ კეთილი ნაცნობები. ყველა, ვინც იზიარებდა ჩვენს კარგს პირველ რიგში. ყველასთვის კარგი გვინდოდა, გულწრფელად და ბავშვურად ალალად.

ერთად დაბერებაზე ვოცნებობდით, მოხუციც ეგრე უნდა გატაროო, ჩემზე გამობმულიო. წინასწარ ვგეგმავდით, სად და როგორ უნდა გაგვეტარებინა სიბერე შვილიშვილებთან ერთად. საგურამოში სახლი გვექნებოდა, მეგობრებთან ერთად დღედაღამე აგვერეოდა.

ბათუმში, ძველ უბანში, პატარა სახლი უნდა გვქონოდა, ზღვასთან ახლოს, – „შვილებს გამოვეპარებით და ჩვენთვის ვიქნებითო“. ძალიან მიჭირს შენ გარეშე ამ ყველაფრის წარმოდგენა. სამყარო უსამართლოდ მოგვექცა შენ, მე, ნუშიკოს, ჩვენს ოჯახს. გაგვანადგურა და არ გვაცადა გამარჯვება. ჯერ კიდევ 6 თვის წინ რა ბედნიერები ვიყავით, რა უცბად შეიცვალა ყველაფერი. დაუნდობელია ეს სამყარო. იმის იმედით უნდა ვიცხოვრო, ოდესმე, სადმე გნახო. ახალი ის არის, რომ სიკვდილის აღარ მეშინია, შენ რომ მანდ მეგულები. ვიცი, ბევრჯერ დავიბადებით, ვიცი, ბევრჯერ მოვა ჩვენი სული აქ, მაგრამ შენ ძალიან ადრე წაგიყვანა ამ ქვეყნიდან, ძალიან ადრე იყო ეს. არ იყავი მზად არც შენ, არც მე. მთელი ცხოვრების სევდა ამკიდე. არ ვიცი, როდის მოვბეზრდები ამ სამყაროს, მაგრამ, როცა უნდა იყოს, ვიცი, როგორც დამხვდები, როგორც ყოველთვის, ჩემთვის საუკეთესო ადგილს აარჩევ და შენს დუდის მაგრად ჩაეხუტები.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი 21 ივნისს გარდაიცვალა. მას ნახევარი წლის წინ სწრაფად პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

პოსტკოვიდურ პერიოდში ჟურნალისტს ბრონქის სიმსივნე განუვითარდა, შემდგომ მეტასტაზები თავის ტვინზე და ფილტვებზეც გავრცელდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კობა ალხაზაშვილი სამკურნალოდ თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close