კანადის ქალაქ ვანკუვერში დაფუძნებულმა აქტივების მართვის კომპანიამ – Mercer-მა მიმდინარე წელს საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქალაქები გამოავლინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა იქ 200-ზე მეტი ნივთისა თუ მომსახურების საფასური, მათ შორის, ტრანსპორტირების ხარჯები, საკვებისა და საოჯახო საგნების ღირებულება გაითვალისწინეს.
სპეციალისტებმა კვლევის დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე 209 ქალაქის მონაცემები შეისწავლეს. შედეგად დადგინდა, რომ მათ შორის 2021 წელს ცხოვრება ყველაზე იაფი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკშია. რეიტინგში მეორე ადგილზე ზამბიაში მდებარე ლუსაკა იმყოფება, რომელიც ამ აფრიკული სახელმწიფოს პოლიტიკური, ინდუსტრიული და კულტურული ცენტრია. რაც შეეხება მესამე ადგილს, ჩამონათვალში აღნიშნულ პოზიციას საქართველოს დედაქალაქი – თბილისი იკავებს.
კომპანია Mercer-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის პირველ ათეულში ზამბიაში მდებარე ლუსაკასთან ერთად აფრიკის კონტინენტზე განლაგებული კიდევ ოთხი ქვეყნის, ტუნისის, ნამიბიის, ბოტსვანისა და გამბიის დედაქალაქები – ტუნისი, ვინდჰუკი, გაბორონე და ბანჯული მოხვდნენ. მათ შორის არიან ბრაზილიისა და უზბეკეთის მთავარი ქალაქები – ბრაზილია და ტაშკენტი, ასევე, პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში მდებარე კარაჩი. ამ უკანასკნელის დედაქალაქი ისლამაბადი კი ჩამონათვალში მე-11 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება 2021 წელს საცხოვრებლად ყველაზე ძვირ ქალაქს, ასეთად თურქმენეთში მდებარე აშხაბადი დასახელდა. ამ მხრივ, რეიტინგში მეორე პოზიციაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსის მქონე ჰონგ კონგი იმყოფება, მესამე ადგილს კი ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი იკავებს. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად ათეულში შვეიცარიის სამი ქალაქი – ციურიხი, ჟენევა და ბერნი მოხვდა. მათ შორისაა იაპონიის, სინგაპურისა და ჩინეთის დედაქალაქები – ტოკიო, სინგაპური და პეკინი, ასევე, აღმოსავლეთ აზიაში მდებარე, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი სახელმწიფოს უდიდესი ქალაქი შანხაი.
popx.ge
კომენტარები