მიგრაციასაზოგადოებაჩვენი ფავორიტი

საბერძნეთი და ბერძნული დიასპორა: როგორ ყალიბდებოდა ურთიერთობები

საბერძნეთს საკუთარ დიასპორასთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. დღეს უცხოეთში არსებული ბერძნული დიასპორა მრავალრიცხოვანია და თითქმის უტოლდება საკუთრივ საბერძნეთის მოსახლეობას. ვფიქრობთ, საქართველოსთვის, რომელიც ახლა აყალიბებს ურთიერთობას ახლად წარმოქმნილ ქართულ დიასპორასთან, საინტერესო უნდა იყოს ბერძნული გამოცდილება, მით უმეტეს, რომ განსხვავებებთან ერთად ბევრი მსგავსებაც არსებობს. გთავაზობთ პირველ წერილს, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ

თანამედროვე საბერძნეთის სახელმწიფოს შექმნის მომენტისთვის ბერძნული მოსახლეობის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ აღმოჩნდ: ნაწილი, ძირითადად, ევროპულ სახელმწიფოებში ცხოვრობდა დიასპორის სახით და ნაწილი ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში აღმოჩნდა.

საბერძნეთის პირველი კონსტიტუციით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ბერძნებს უფლება მიენიჭათ, მოეპოვებინათ საბერძნეთის მოქალაქეობა ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე როგორც ქვეყანაში დაბრუნების, ისე უცხოეთში საცხოვრებლად დარჩენის შემთხვევაში.

1820-იანი წლების ბოლოს გაფორმებული შეთანხმებები და ოქმები, რომელთა მიხედვითაც მოხდა საბერძნეთის სახელმწიფოს აღიარება, განსხვავებული შინაარსის იყო: გამოყენებულ იქნა ტერიტორიული კრიტერიუმები. საბერძნეთი იძულებული გახდა, ამ პრინციპს დათანხმებოდა. მიუხედავად ამისა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 1834 წლიდან ავალებდა თავის საკონსულოებს, გაეადვილებინათ საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება თანამემამულეებისთვის, რომლებიც მათი პასუხისმგებლობის სივრცეში ცხოვრობდნენ. ბერძნულ კანონმდებლობაში გაჩნდა ტერმინი „თანამემამულე“, რომელიც მოიცავდა როგორც საბერძნეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, ისე უცხოეთში მცხოვრებ ბერძნებს. ამ უკანასკნელთ მოქალაქეობის მოპოვების პროცედურის განსახორციელებლად სჭირდებოდათ მხოლოდ პირობის დადება, რომ ქვეყანაში დაბრუნდებოდნენ, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდათ. ამგვარად, მათ საბერძნეთის საკონსულოები იცავდნენ, როგორც საბერძნეთის სახელმწიფოს ემიგრანტ მოქალაქეებს.

ემიგრანტები, როგორც დიასპორა თუ რეპატრიაციის კანდიდატები?

მე-19 საუკუნის განმავლობაში ბერძნულ სახელმწიფოს არ უცდია, ხელი შეეწყო მასობრივი რეპატრიაციისათვის. გამონაკლისს წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრ ხარილაოს ტრიკუპისის ინიციატივა, რომელმაც თესალიის რეგიონის შემოერთების შემდეგ წარმოშობილი დემოგრაფიული პრობლემის გადასაწყვეტად კავკასიის რეგიონიდან ბერძნების რეპატრიაციის იდეა წამოაყენა. ტრიკუპისის იდეა საბერძნეთის შემდგომმა ხელისუფლებებმა არ გაიზიარეს. მათი აზრით, სამშობლოში ბერძნების მასობრივი დაბრუნება ხელს შეუშლიდა ოსმალეთის იმპერიის ევროპულ ნაწილზე ბერძნული სუვერენიტეტის განვრცობას და ისტორიული ბერძნული ტერიტორიების ახალი საბერძნეთის შემადგენლობაში მოქცევას. რამდენიმე ათეული კავკასიელი ბერძენი, რომლებიც ტრიკუპისის წინადადებას გამოეხმაურნენ და საბერძნეთში დაბრუნდნენ, პირეოსის პორტის მიდამოებში არსებულ ბანაკებში შიმშილისა და სიცივისგან დაიღუპა. გადარჩენილები უკან, რუსეთის იმპერიაში გააბრუნეს.

მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულამდე საბერძნეთის ხელისუფლება კმაყოფილდებოდა ეკონომიკური კავშირების დამყარებით იმ ქვეყნებთან, სადაც ბერძნული დიასპორა არსებობდა, მოქალაქეობას აძლევდა ადგილობრივ ბერძნებს და ამ გზით მათთვის სხვადასხვა სახის შეღავათებს მოიპოვებდა.

მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა ახალი ტიპის ბერძნული დიასპორა: ეკონომიკური პრობლემების გამო საბერძნეთი დატოვეს მისმა მოქალაქეებმა, რომლებიც ისეთ ქვეყნებში გადასახლდნენ, სადაც ტრადიციულად არ არსებობდა ბერძნული თემები. განსაკუთრებით გაძლიერდა ემიგრაცია აშშ-ის მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობდა ემიგრანტი ბერძნების „გაამერიკელებას“ და ადვილად აძლევდა მათ მოქალაქეობას. აშშ-ში ნატურალიზებულმა ბერძნებმა კარგად იცოდნენ, რომ საბერძნეთის მოქალაქეობას კარგავდნენ (ბერძნული კანონმდებლობა მაშინ ორმაგ მოქალაქეობას კრძალავდა), მაგრამ მაინც წყვეტდნენ კავშირს სამშობლოსთან. ასეთი ტიპის ემიგრანტების უკან დაბრუნება პრობლემური ჩანდა.

ბერძნები აშშ-ში მიემგზავრებიან. პატრა, საბერძნეთი, 1910 წ.

დიასპორის აღიარების პირველი ნაბიჯები

1919-1922 წლების საბერძნეთ-თურქეთის ომში განცდილმა მარცხმა ბერძნული პოლიტიკური ელიტა აიძულა, გადაეხედა თავისი საიმიგრაციო პოლიტიკისთვის. ეკონომიკური ემიგრანტების დიდი ნაწილი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, როგორც ახალი სამშობლოს ჯარისკაცი, რაც მათ ურთიერთკავშირს მნიშვნელოვნად აძლიერებდა. თურქეთში მცხოვრები ბერძნები თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობდნენ და სამშობლოში მასობრივად ბრუნდებოდნენ. ცხადი გახდა, რომ საბერძნეთის ტერიტორიის შემდგომი გაფართოება უკვე შეუძლებელი იყო. ამას გარდა, ახალი (ეკონომიკური) საემიგრაციო ტალღის შედეგად საბერძნეთის მოსახლეობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული და საჭირო იყო ამ დემოგრაფიული ვაკუუმის შევსება.

მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ეკონომიკური მიგრანტების მიერ ნათესავებისთვის გადმორიცხული თანხები საბერძნეთის სახელმწიფო შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. ბერძნული დიასპორის ფინანსური შესაძლებლობები ზრდიდა მათ გავლენას საბერძნეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ქვეყნის მთავრობები ხშირად მიმართავდნენ დიასპორას მხარდაჭერისთვის და ამ გზით ცდილობდნენ თავიანთი ძალაუფლების განმტკიცებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა მოიპოვეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ბერძნებმა, რომლებმაც რიცხობრივი სიმრავლის, ფინანსური კეთილდღეობის, ადგილობრივ პირობებთან შეგუების უნარისა და შესანიშნავი თემური ორგანიზების შედეგად ბერძნული დიასპორის იერარქიის სათავეში მოქცევა მოახერხეს. ჩრდილოეთ ამერიკული ბერძნული დიასპორის გავლენის დადასტურებას წარმოადგენდა დიქტატორ იოანე მეტაქსას წარმომადგენლის, დიპლომატ ნიკოლაოს ცერეპისის მოგზაურობა აშშ-სა და კანადაში 1939 წლის ივლისში. ცერეპისის მიზანს აღნიშნულ ქვეყნებში მცხოვრები ბერძნების ხელისუფლებისადმი ლოიალურობის მოპოვება წარმოადგენდა.

დიასპორისთვის ინსტიტუციების შექმნის პირველი მცდელობები

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბერძნეთმა დიასპორასთან საკუთარი ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაცია დაიწყო. 1947 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნა საზღვარგარეთ მცხოვრები ბერძნების საკითხთა სამმართველო, თუმცა აღნიშნულ სამმართველოს 1951 წლამდე მხოლოდ ორი თანამშრომელი ჰყავდა. 1951 წელი „უცხოეთში მცხოვრები ბერძნების“ წლად გამოცხადდა და შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმა. ორგანიზატორები მოუწოდებდნენ დიასპორის წარმომადგენლებს, ჩასულიყვნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, მოენახულებინათ წინაპართა საცხოვრებლები და გასცნობოდნენ ომისშემდგომ პერიოდში ქვეყნის წინსვლის პროცესს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხელისუფლება მოქმედებდა ამერიკული მხარის წინადადების ფარგლებში, რომელიც საბერძნეთში ტურიზმის განვითარებას ითვალისწინებდა. იმედოვნებდნენ, რომ პირველი ტურისტები ბერძნული დიასპორის წარმომადგენლები იქნებოდნენ, რომლებსაც, უცხოელი ტურისტებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობა დიდად არ შეაწუხებდათ. ითვლება, რომ ეს ღონისძიება წარუმატებელი აღმოჩნდა.

გიორგი ჯანელიძე

წყარო: Vogli, Elpida 2009. Η ελληνική πολιτική απέναντι στους απόδημους Έλληνες κατά το πρώτο μισό του 20ού αιώνα. In M. Rossetto, M. Tsianikas, G. Couvalis and M. Palaktsoglou (Eds.) “Greek Research in Australia: Proceedings of the Eighth Biennial International Conference of Greek Studies, Flinders University June 2009”. Flinders University Department of Languages – Modern Greek: Adelaide, 661-671.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close