მედიცინა

მეცნიერებმა ძუძუს კიბოს განკურნების ახალ მეთოდს მიაკვლიეს

დიდ ბრიტანეთში მდებარე ონკოლოგიური კვლევების ინსტიტუტში მოღვაწე მედიკოსებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებებში მომუშავე კოლეგებთან ერთად, სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებზე მკურნალობის ახალი მეთოდი გამოსცადეს, რამაც დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაცია New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ მათ ნაშრომშია წარმოდგენილი.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა Olaparib-ის სახელით ცნობილი მედიკამენტის გამოყენება გადაწყვიტეს, რომელიც ცდაში მონაწილე ქალებს ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში დაუნიშნეს. პაციენტებს ძუძუს მემკვიდრეობითი სიმსივნე ჰქონდათ. ეს უკანასკნელი გენების – BRCA1 და BRCA2 მუტაციით არის გამოწვეული, ხშირად მწვავე ფორმით ვლინდება და განკურნების მიუხედავად ზოგჯერ ორგანიზმში ხელახლა იჩენს თავს. ამის საწინააღმდეგოდ, აღნიშნული პრეპარატი სიმსივნურ უჯრედებს დნმ-ის აღდგენის საშუალებას არ აძლევს, რასაც მოლეკულის PARP შესუსტების გზით ახერხებს. შედეგად, ისინი სიცოცხლისუნარიანობას კარგავენ და ნადგურდებიან.

Olaparib-ის სახელით ცნობილმა მედიკამენტმა ძუძუს კიბოსგან განკურნებულ პაციენტებში დაავადების დაბრუნებას და ორგანიზმში მეტასტაზების გავრცელებას შეუშალა ხელი

სპეციალისტთა განცხადებით, ექსპერიმენტის დაწყებიდან ორწლინახევრის შემდეგ მიღებულმა შედეგებმა Olaparib-ის ეფექტიანობა დაამტკიცა. კერძოდ, მედიკამენტის წყალობით 921 ცდისპირიდან 85.9 პროცენტი სრულად განიკურნა. იმ პაციენტებში კი, რომლებმაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღეს, ამ მაჩვენებელმა 77.1 პროცენტი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ კიბოს დაბრუნების რისკი საერთო ჯამში 42%-ით შემცირდა. ასეთივე მონაცემები დაფიქსირდა ორგანიზმში მეტასტაზების გავრცელების მხრივაც. მსგავსი რამ არ მომხდარა პაციენტთა პირველი ნაწილის 87.5 პროცენტის, საკონტროლო ჯგუფიდან კი 80.4 პროცენტის შემთხვევაში.

მეცნიერებს ახალი მიგნება მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ. მათი აზრით, ის ძუძუს კიბოთი დაავადებული უამრავი ქალის გადარჩენაში დაგვეხმარება და მათ ბოლომდე გამოჯანმრთელებას შეუწყობს ხელს.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close