მსოფლიო

კანადაში ყოფილი სკოლა-პანსიონატის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს

კანადის ქალაქ კამლუპსში, ყოფილი სკოლა-პანსიონატის – Kamloops Indian Residential School-ის ტერიტორიაზე რადარის მეშვეობით 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. ბრიტანულ კოლუმბიაში მდებარე ერთ-ერთი უდიდესი სკოლა-ინტერნატი, რომელიც თავის დროზე მკვიდრი მოსახლეობის – ინდიელების ასიმილაციის მიზნით შეიქმნა, 1978 წელს დაიხურა

როგორც ВВС წერს, სამწუხარო აღმოჩენის შესახებ ქალაქის თემის მეთაურმა როზანა კაზიმირმა გაავრცელა ინფორმაცია.

გარდაცვლილი ბავშვები ბრიტანეთის კოლუმბიაში კამლუპსის სკოლის მოსწავლეები იყვნენ, ზოგიერთი დაღუპული ბავშვი მხოლოდ 3 წლის იყო.

როზანა კაზიმირის თქმით, რომლის ინიციატივითაც ჩატარდა გათხრები, ბავშვების გარდაცვალება სკოლის ადმინისტრაციას დოკუმენტურად არასდროს აუსახავს.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ ეს „აღმოჩენა ქვეყნის ისტორიის სამარცხვინო თავის მტკივნეული შეხსენებაა“.


მეცნიერები და სამართალდამცველები ბავშვების გარდაცვალების დროსა და მიზეზების დასადგენად მუშაობენ.

კანადაში XIX-XX საუკუნეებში სკოლა-ინტერნატები იყო შექმნილი მკვიდრი მოსახლეობის, ინდიელების ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით. ისინი მთავრობასა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდა. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 ათასი ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში მოათავსეს, სადაც 4100-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.

თავის დროზე კანადაში ყველაზე დიდი – კამლუპსის სკოლა-ინტერნეტი ინდიელთათვის 1890-იდან 1969 წლამდე მუშაობდა. ის რომაულ-კათოლიკურმა ადმინისტრაციამ გახსნა. დაწესებულებაში ერთდროულად 500 ბავშვის მიღება იყო შესაძლებელი და ყველაზე დიდი დასწრება იქ 1950-იან წლებში იყო.

სკოლის მართვა ცენტრალურმა მთავრობამ 1969 წელს აიღო საკუთარ თავზე. მას შემდეგ, 1979 წლამდე, სანამ დაიხურებოდა, სკოლას მოსწავლეთა საცხოვრებლად იყენებდნენ. ამის შემდეგ კი შენობა მიატოვეს.

2008 წელს კანადის მთავრობამ მკვიდრი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაციის მიზნით შექმნილი სასკოლო სისტემისთვის ოფიციალურად მოიხადა ბოდიში.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close