აშშ-ში გენმოდიფიცირებული კოღოები ბუნებაში პირველად გაუშვეს
ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Oxitec-მა მის მიერ გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოები ფლორიდის პატარა კუნძულებზე გაუშვა. მათი მიზანია ამ რეგიონში ბინადარი დაავადებების გადამტანი კოღოების პოპულაციების შემცირება. აღსანიშნავია, რომ გენმოდიფიცირებული კოღოები აშშ-ში ბუნებაში პირველად გაუშვეს.
Oxitec-ს კოღოს სახეობა Aedes aegypti-ს გენმოდიფიცირებული ვარიანტები აქამდე გაშვებული ჰყავს ბრაზილიაში, კაიმანის კუნძულებზე, პანამასა და მალაიზიაში. კომპანიის ცნობით, ამ ქმედების შემდეგ ამ ადგილებში A. aegypti-ს ადგილობრივი პოპულაციები, სულ მცირე, 90 პროცენტით შემცირდა.
A. aegypti-ს გადააქვს ისეთი დაავადებები, როგორიც არის ზიკა, დენგეს ცხელება, ჩიკუნგუნია და ყვითელი ცხელება. გენმოდიფიცირებული კოღოების ბუნებაში გაშვება ამ მწერების პოპულაციის პესტიციდების გარეშე კონტროლის გზას წარმოადგენს.
Oxitec-ის მიერ გენმოდიფიცირებული კოღოები ყველა მამრია და ისე არიან შეცვლილები, რომ სასიკვდილო გენს ატარებენ. როდესაც ასეთი მამრი ველურ მდედრ კოღოსთან შეჯვარდება, სასიკვდილო გენი მათ შთამომავლებსაც გადაეცემა.
მართალია, ეს გენი მამრებზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ მდედრებში წარმოქმნის ისეთ ცილას, რომელიც მათ იქამდე კლავს, ვიდრე მომწიფების ასაკში შევლენ.
ცნობილია, რომ ადამიანებს მხოლოდ მდედრი კოღოები კბენენ (მამრები ნექტრით იკვებებიან); შესაბამისად, გენმოდიფიცირებულ კოღოებსა და მათ მამრ შთამომავლებს ადამიანებისთვის რაიმე დაავადების გადაცემა არ შეუძლიათ.
გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/ashsh-shi-genmodificirebuli
კომენტარები