fbpx
სამზარეულორჩევები

განსხვავებული და გემრიელი – ხაჭოს, უსაფუვრო, კრემიანი და ცუკატიანი პასკების რეცეპტები

სააღდგომოდ ყველა სუპერმარკეტსა თუ საკონდიტროში შეხვდებით სხვადასხვაგვარ პასკას, თუმცა გემრიელი პასკის ყიდვა დღეს არც ისე იოლია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაფერს სახლში, საკუთარი ხელით გამომცხვარი სჯობს.

დიასახლისები აღდგომის დღესასწაულზე გემრიელი პასკის გამოცხობაში და სადღესასწაულო სუფრის გალამაზებაში  ერთმანეთს ეჯიბრებიან.   ძალიან ბევრი დიასახლისი ეძებს და ცდილობს განსხვავებულად მოამზადოს სააღდგომო პასკა, საბედნიეროდ პასკების მომზადების უამრავი  რეცეპტი არსებობს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ყველა ეს რეცეპტი გაგვეერთიანებინა, ერთად შეგვეკრიბა და თქვენთვის შემოგვეთავაზებინა.

ყველაზე მნიშნელოვანი, რაც ნებისმიერი სახის პასკის ცხობისას უნდა გაითვალისწინოთ, როცა ცომის მოზელას იწყებთ, სამზარეულოში მაქსიმალურად უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი დაცული, რადგან პასკის ცომს უპირველეს ყოვლისა, სითბო სჭირდება. ასევე ყველა ინგრედიენტი თბილი უნდა იყოს. სასურველია ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს, რათა ცომს აფუება არ გაუჭირდეს.

ბებიების რეცეპტით დამზადებული პასკა

რძე – 1,5 ლ; შაქარი – 1 კგ; კარაქი – 400 გ; კვერცხი – 10 ცალი; კვერცხის გული – 3 ცალი; საფუარი – 150 გ.

ათქვიფეთ კვერცხი, კარაქი დაჭერით საშუალო ზომის კუბებად, ყველა პროდუქტი აურიეთ თბილ რძეში და დატოვეთ თბილ ადგილას 8-12 საათის განმავლობაში (შეგიძლიათ გააჩეროთ მთელი ღამე). მიღებულ მასას დაუმატეთ: 1 ჩ. კ. მარილი, 200 გ ქიშმიში, 2-3 შეკვრა ვანილის ფხვნილი, 2 ს. კ. კონიაკი და დაახლოებით 2,5 კგ ფქვილი.

ცომი მოზილეთ ზეთში დასველებული ხელით, ხოლო შემდეგ გააჩერეთ საათ-ნახევარი, სანამ მასა ორმაგად აფუვდება. ფუმფულა ცომი გაანაწილეთ ფორმებში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ყავისფერ შეფერილობამდე (შეამოწმეთ ხის ჩხირით). მიღებული კულიჩი გააგრილეთ და ზემოდან სურვილისამებრ წაუსვით მინანქარი.

პასკა საფუვრის გარეშე

კვერცხი – 3 ცალი; შაქარი – 200 გ; კარაქი – 100 გ; ხაჭო – 200 გ; რძე – 50 მლ; ქიშმიში ან ცუკატები – 100 გ; ფქვილი – 350 გ; ზეთი – 1 ს. კ.; მუსტაკის კაკალი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, მიხაკი – სურვილისამებრ.

კვერცხი, შაქარი, მწიკვი მარილი, 1 ს. კ.ლიმონის წვენი ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ 200 გ ხაჭო და 50 მლ რძე ერთად დაბლენდერებული ან საცერში გატარებული. აქვე დაამატეთ 100 გ გამდნარი კარაქი, ვანილი, ჩ. კ. წვერით დაუმატეთ მუსკატის კაკალი, მიხაკი, ჯანჯაფილი, დარიჩინი. შეგიძლიათ არც დაამატოთ. ასევე დაამატეთ 350 გ ფქვილი, რომელშიც აურევთ 1 ჩ. კ. სოდას, აქვე ცომს დაუმატეთ 100 გ ქიშმიში, წინასწარ მოაყარეთ 1 ს. კ.ფქვილი ან სახამებელი, რომ ქიშმიში თანაბრად განაწილდეს პასკაში. აურიეთ ყველაფერი კარგად და მოზილეთ ცომი.

გადაანაწილეთ პასკის ფორმებში, გამოაცხვეთ 160 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში. ყველა ღუმელი განსხვავებულია, ამიტომ მზაობა გასინჯეთ ხის ჩხირით.

პოლონური ხაჭოს პასკა

500 გ წმინდა ხაჭო (3-ჯერ გატარებული მანქანაში); 5 კვერცხის გული; 200 გ შაქრის პუდრი; 100 -150 გ კარაქი; 1/2 ჭიქა ტკბილი არაჟანი; 50-50 გ ქიშმიში, ნიგოზი, ნუში და ფორთოხლის დაშაქრული კანი; 1 სირჩა კონიაკი; 1/2 ფილა მაგარი შოკოლადი გასაფორმებლად.

ხაჭო გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში; ქიშმიში გავრეცხოთ და დავასხათ კონიაკი და როცა დაიბერება მარცვლები, გადავიტანოთ საცერზე, რომ დაიწუროს. ქვაბში გათეთრებამდე ავთქვიფოთ კვერცხიოს გულები შაქართან ერთად. ბოლოს დავუმატოთ არაჟანი. ქვაბი ნელ ცეცხლზე დავდგათ და ვურიოთ. გავაცხელოთ, მაგრამ არ ავადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ. ნუშები მოვხალოთ და კანი გავაცალოთ, რამდენიმე გადავინახოთ, დანარჩენები დავჭრათ. ნიგოზი და ფორთოხლის კანიც წვრილად დავჭრათ (ცოტაოდენი ესეც გადავინახოთ ). ხაჭო, არაჟანი, კვერცხის გული, კარაქი, ცუკატები და ვანილი ავურიოთ ერთმანეთში. გადავიტანოთ სველ დოლბანდჩაფენილ საცერში. დოლბანდის ბოლოები შევკრათ. დავადოთ პატარა თეფში და რაიმე სიმძიმით მსუბუქად დავწნეხოთ. ასე გავაჩეროთ რამოდენიმე საათი და გადავიტანოთ ლანგარზე. მოვრთოთ ნიგვზებით, ნუშითა და ფორთოხლის კანებით. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.

იტალიური პასკა

ფქვილი – 1,5 კგ; რძე – 600 მლ; კვერცხი – 4 ცალი; საფუარი – 100 გ; კარაქი – 200 გ; შაქარი – 400 გ; მარილი – 1 ჩ/კ; ქიშმიში – გემოვნებით; გარგარის ჩირი – გემოვნებით;

ერთ ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და 3 ს/კ შაქარი. გავაჩეროთ, სანამ არ მოიყენებს თავს. დავუმატოთ გამდნარი კარაქი, დარჩენილი რძე, შაქარი, კვერცხი და მარილი. ავურიოთ, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. ნელ-ნელა შევურიოთ ფქვილი და თან ვურიოთ. ცომი ჩავდოთ ქვაბში, დავახუროთ თავსახური და დავდგათ თბილ ადგილას, სანამ ცომი არ გაორმაგდება. სუფთა მაგიდაზე დავყაროთ 200 გ ფქვილი, დავდოთ ცომი და შევაზილოთ ქიშმიში და დაჭრილი გარგარის ჩირი. გავყოთ ცომი ფორმების მიხედვით (თუ სპეციალური ფორმები არ გაქვთ, შესაძლებელია ქვაბში ჩააფინოთ ფოლგა და ისე გამოაცხოთ). თითოეულ ფორმაში ჩავდოთ ცომი ისე, რომ შუაზე ოდნავ მეტად შეავსოს. ამის შემდეგ ისევ ვდგამთ თბილ ადგილას და ველოდებით ცომის ამოსვლას. ამის შემდეგ გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. იმისათვის, რომ ძირი არ მიიწვას, შეიძლება ღუმელის ფსკერზე დავდგათ ჭურჭელი წყლით. მზა პასკა შეიძლება მოვრთოთ შაქრის პუდრით, გახეხილი ქოქოსით, თხილით და ა.შ.

შოკოლადიანი ხაჭოს პასკა ფორთოხლის ცუკატებით

ხაჭო – 300 გ; შაქარი – 60 გ; არაჟანი – 30 გ; კარაქი – 40 გ; შოკოლადი – 60 გ; ფორთოხლის ცუკატები; ვანილი.

ხაჭო გაატერეთ საცერში, დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი, დარბილებული კარაქი, არაჟანი და კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ცუკატები. ნახვრეტიან ფორმაში ან საწურზე დააფიენთ 4-ად გაკეცილი დოლბანდი და გადაიტანეთ ხაჭოს მასა. ზემოდან დააფარეთ და დაადეთ შედარებით მძიმე ნივთი. დატოვეთ რამდენიმე საათი ან მთელი ღამე მაცივარში, რომ სითხისგან დაიწუროს.  შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე და მორთეთ შოკოლადითა და ცუკატებით.

კრემიანი პასკა

რძე – 2 ჭ; სიმინდის სახამებელი – 6 ჩ. კ; კვერცხი – 1; ვანილის შაქარი – 3 ცალი; კარაქი – 50 გ; შაქარი – 4 ს. კ; დასპირტული ხილი ან ჩირი. აღნიშნული ინგრედიენტებით მხოლოდ ერთი პასკის გამოცხობას შეძლებთ.

თბილ რძეში გავხსნათ სახამებელი, შაქარი, ვანილი და დავდგათ ცეცხლზე. ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე. როცა შესქელდება, 1-2 წუთი ვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელ კრემს შევათქვიფოთ კვერცხი. ამასობაში პასკას მოვაჭრათ თავი და ამოვაჭრათ გული. კრემი რომ გაცივდება, შევათქვიფოთ კარაქი და დავუმატოთ დასპირტული ხილი. კრემში ავურიოთ ცოტა დაფხვნილი პასკის გული და მოვათავსოთ გულამოღებულ პასკაში. ზემოდან დავადოთ თავი და შევდგათ მაცივარში გასაცივებლად.

გულსართად შეიძლება ნებისმიერი სხვა კრემი გამოვიყენოთ. ხილთან ერთად შეგვიძლია შევურიოთ შოკოლადი, ნიგოზი, ნუში და სხვა ინგრედიენტები.

გემრიელად მიირთვით!

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close