კინო/ფილმებიჩვენი ფავორიტი

„გიორგი სააკაძე“ – ისტორიული კინოეპოპეა სტალინის არჩეული სცენარით

ისტორიული კინოეპოპეა „გიორგი სააკაძე“ ცნობილი რუსი მწერლის, ანა ანტონოვსკაიას რომანის – „დიდი მოურავის“ მიხედვით გადაიღეს. ანტონოვსკაია თავადაა ფილმის სცენარის ავტორიც, თავის ვაჟთან, ბორის ჩორნისთან ერთად. როგორც ცნობილია, ორი სცენარი იქმნებოდა პარალელურად, ერთს გიორგი ლეონიძე წერდა, მეორეს – ანა ანტონოვსკაია და ბორის ჩორნი. საბოლოოდ საკითხი ამ უკანასკნელების სასარგებლოდ სტალინმა გადაწყვიტა, მის აზრს კი, ცხადია, ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. ეს იყო 1940 წლის 11 ოქტომბერს. სწორედ ამ დღით თარიღდება იოსებ სტალინის წერილი, რომელშიც ხაზგასმულია, ვის სცენარს უნდა მინიჭებოდა უპირატესობა.

სხვათა შორის, „გიორგი სააკაძის“ გადაღებას რეჟისორი სიკო დოლიძე აპირებდა და ამის შესახებ რესპუბლიკის ხელმძღვანელობასაც მოახსენა. მათ ჰკითხეს, ვის სთავაზობდა გიორგი სააკაძის როლს, აკაკი ხორავასო, – მიიღეს პასუხად. მოეწონათ რეჟისორის გადაწყვეტილება, მაგრამ უთხრეს, ერთი-ორი წლით გადაედო ამაზე ფიქრი.

თავის მოგონებებში სიკო დოლიძე წერს: „ომის დაწყებამდე გიორგი ლეონიძემ ჩემთვის დაწერილი სცენარი „გიორგი სააკაძე“ მოიტანა. რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, რომ ფილმი მე უნდა დამედგა, მთავარი როლი კი აკაკი ხორავას განესახიერებინა. ვიდრე გიორგი ლეონიძე სცენარზე მუშაობას დაიწყებდა, ერთი წლით ადრე მე „გიორგი სააკაძის“ სცენარზე ვმუშაობდი ანა ანტონოვსკაიასა და ბორის ჩორნისთან ერთად და რადგან „გიორგი სააკაძის“ სცენარზე მუშაობის სურვილი გიორგი ლეონიძემაც გამოთქვა, იწერებოდა ორი სცენარი. მათ ბედს, ესე იგი სცენარის ხარისხს, გადაწყვეტდა ამხანაგი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი.

„გიორგი სააკაძის“ სცენარზე მუშაობის პერიოდში მე ხშირად ვხვდებოდი გიორგ ლეონიძეს, ჩავსხდებოდით მანქანაში და ქალაქგარეთ მივდიოდით, იქ, სადაც დღეს სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის შენობაა აღმართული. ამ ადგილას გვიყვარდა მინდორზე ყოფნა, სეირნობის დროს ვსაუბრობდით მომავალ ფილმზე. გიორგი ლეონიძეს აფიქრებდა ა. ანტონოვსკაიას და ბ. ჩორნის სცენარის ვარიანტი, მაგრამ მასალის ღრმა ცოდნა იმედს აძლევდა, რომ მომავალ პაექრობაში გამარჯვებული გამოვიდოდა. ამხანაგმა სტალინმა სხვა ღირსებები დაინახა ა. ანტონოვსკაიასა და ბ. ჩორნის სცენარში და უპირატესობა მათ მიანიჭა.

იმ პერიოდში მოსკოვში იმყოფებოდა მიხეილ ჭიაურელი, ა. ანტონოვსკაიამ და ბ. ჩორნიმ მას შესთავაზეს სცენარი დასადგმელად. ამრიგად, ჩემს დიდი ხნის ოცნებას, გადამეღო ფილმი გიორგი სააკაძეზე, განხორციელება არ ეწერა“.

გადაღებები ანანურსა და არანისში

ამ თემაზე ფილმის გადაღების საკითხი სანდრო შანშიაშვილის სპექტაკლის – „გიორგი სააკაძის“ უდიდესმა წარმატებამ დაჩქარა. ყოველ შემთხვევაში, ამგვარ ინფორმაციას ვიღებთ გასული საუკუნის 40-იანი წლების პრესიდან, რომელიც ფილმის გადაღების დეტალებზე სხვა არანაკლებ საინტერესო მასალასაც გვაწვდის. მაგალითად, გაზეთი „კომუნისტი“ აქვეყნებს ინტერვიუს ფილმის რეჟისორთან მიხეილ ჭიაურლთან (რომელიც, ამავე დროს, კინოსტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო), სადაც ვკითხულობთ: „ბოლო თვეს გადამღები ჯგუფი დუშეთის რაიონში მუშაობდა. დუშეთის რაიკომის მდივანმა, ამხანაგმა მაისურაძემ დიდი დახმარება გაგვიწია. გადაღება მიმდინარეობდა ანანურსა და არანისში. 600-ზე მეტი კოლმეურნე მონაწილეობდა მასობრივ სცენებში არა მარტო ამ სოფლებიდან, არამედ სხვა სოფლების კოლმეურნეობებიდანაც. აღსანიშნავია, რომ მიღებული ხელფასი მათ თავდაცვის ფონდში შეიტანეს.

გადასაღები დაგვრჩა დიდი, ბატალური სცენები, რომელთა გადაღებაც ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს მოაწყოს მუხრანის მიდამოებში… სტუდია უკვე შეუდგა შაჰ-აბასის სასახლის აგებას. ამ სცენების გადაღების შემდეგ ფილმის გადაღების პროცესი დამთავრებულად უნდა ჩაითვალოს“.

ფილმში გამოყენებულია ქართველების, ირანელების, თურქების, რუსების, ავღანელებისა და სხვა ხალხთა 2500 კოსტუმი, 10 000 რეკვიზიტი (მათ შორის, ანტიკვარულიც), 1150 ისარი, 2150 ფარი, 105 დროშა და ასე შემდეგ… ამასთან, მკითხველი (და მაყურებელი) დაგვეთანხმება, რომ სცენის ზოგიერთი დეკორაცია და კოსტუმები ისეთი ბრწყინვალე ფერადოვნებით გამოირჩევა, რომ გული გწყდება, ფილმი რომ შავ-თეთრია და არა – ფერადი.

„აკაკი ხორავა თითქოს მკაცრი კაცი იყო“

აკაკი ხორავა – გიორგი სააკაძე

ფილმის მთავარი ოპერატორია ალექსანდრე დიღმელოვი; ხმის ოპერატორი – ვლადიმერ დოლიძე; მუსიკა – ანდრია ბალანჩივაძის; მხატვრობა – თამარ აბაკელიასი, მიხეილ გოცირიძის და რევაზ მირზაშვილისა. მთავარ როლებს ასრულებენ: აკაკი ხორავა (გიორგი სააკაძე), სერგო ზაქარიაძე (შადიმანი), ვერიკო ანჯაფარიძე (რუსუდანი), სპარტაკ ბაღაშვილი (ლუარსაბ II), შალვა ღამბაშიძე (ანდუყაფარი), სანდრო ჟორჟოლიანი (ორბელიანი), კირილე მაჭარაძე (ამილახვარი), გიორგი შავგულიძე (ნოდარი), ლიანა ასათიანი (თეკლე), მედეა ჯაფარიძე (მეფის ასული თინათინი, ლუარსაბ მეორის და), აკაკი ვასაძე (შაჰ-აბასი)…

ვერიკო – რუსუდან დედოფალი

გიორგი სააკაძის უფროსი შვილის – ავთანდილის როლს (ბავშვობაში) შემდგომში ცნობილი რეჟისორი,  გუგული (ყარამან) მგელაძე ასრულებს (უკვე ჭაბუკი ავთანდილის როლს კი – ზურაბ ლეჟავა). იგი „გიორგი სააკაძეში“ შემთხვევით აღმოჩნდა. აი რა მომიყვა ბატონმა გუგულიმ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე:

„მახსოვს, დედამ ერთ ოჯახში სტუმრად წამიყვანა. იმ ოჯახში სხვა სტუმრებიც ჰყავდათ მიწვეულნი. შევნიშნე, ვიღაც კაცი როგორი დაჟინებით მიყურებდა. რაღა მაინცდამაინც მე მითვალთვალებს-მეთქი, ვიფიქრე. თურმე ბატონი მიხეილ ჭიაურელის მეორე ასისტენტი ყოფილა.

კინოსტუდიაში ოთხ ბიჭს სინჯებისთვის პარიკები რომ დაგვახურეს, ჭიაურელმა – აი, ესო, მაშინვე პირდაპირ ჩემზე მიუთითა.

გუგული მგელაძე ავთანდილის როლში

სხვათა შორის, ფილმის გადაღებისას უეჭველ სიკვდილს გადავრჩი. მახსოვს, საომარ ეპიზოდებს იღებდნენ. ირგვლივ უამრავი ულამაზესი ცხენი იყო, ორასამდე ამხედრებული მეომრით. მე დავამთავრე გადაღება და უჩუმრად შევჯექი ერთ-ერთ თავსუფალ ცხენზე, თანაც პირველად. ცხენი უსწრაფესად მოსწყდა ადგილს და შუაგულ „ომში“ არ გამაქანა?! ახლაც არ ვიცი, როგორ გავბედე ამის გაკეთება… კიდევ კარგი, იმ რეჟისორმა შემამჩნია, რომელმაც როლზე მიმიყვანა, ცხენი როგორღაც შეაჩერა და ჩამომსვა, თორემ ალბათ, იქვე დასრულდებოდა ჩემი სიცოცხლეც და კინოკარიერაც.

გიორგი შავგულიძე (ნოდარი) და აკაკი ხორავა (გიორგი სააკაძე)

საოცარი მსახიობების გვერდით მიწევდა თამაში და ეს ჩემთვის მართლაც ბედის დიდი საჩუქარი იყო. განსაკუთრებით აღტაცებული დავრჩი აკაკი ხორავასა და სპარტაკ ბაღაშვილის გარეგნული თუ პიროვნული თვისებებით. აკაკი ხორავა, თავისი იერით, თითქოს მკაცრი კაცი იყო, მაგრამ ის დღე არასოდეს დამავიწყდება, როცა ფილმის ყველაზე პატარა გმირები – მე და მერაბ კოკოჩაშვილი (პაატას როლის შემსრულებელი, ბატონი მერაბი მაშინ ექვსი წლის იყო; მოზრდილ პაატას კი გაიოზ შარაშიძე განასახიერებს – თ. ო.) თავისი მანქანით წაგვიყვანა. იცით, გზაში რამდენი ხილი გვიყიდა? მერე საზამთროც თავისი ხელით გაგვიჭრა. მაშინ მივხვდი, ეს მკაცრი კაცი სინამდვილეში როგორი სხვანაირი ყოფილა. რაც შეეხება სპარტაკ ბაღაშვილს, იგი მართლაც განუმეორებელი გარეგნობის, სულიერებისა და ინტელექტის მქონე პიროვნება იყო. იმდენად შემიყვარდა, რომ შემდგომში ჩემს ყველა ფილმში (ეპიზოდებში მაინც) როლს ვაძლევდი.

მერაბ კოკოჩაშვილი პატარა პაატას როლში

მეფის მშიერი ამალა

კიდევ იცით, რა მახსოვს?  მეფე ლუარსაბის დიდ მოურავთან სტუმრად მისვლის სცენის გადასაღებად ემზადებოდნენ. პავილიონში აგებულ დეკორაციაში, რომელიც სააკაძის დარბაზისა უნდა ყოფილიყო, მაგიდები რამდენიმე რიგად იყო გაშლილი. მაგიდებს „თავადაზნაურობა“ და „მეფის ამალის წევრები“ უსხდნენ გარს. შემწვარ-მოხრაკული ფრინველი, გოჭები და ინდაურები უხვად ელაგა სუფრაზე და ეს იმ დროს, როცა ბარათებით მიღებული პურის დღიური ნორმა 300-400 გრამი იყო, მსახიობის თვიური ხელფასით კი ბაზარში ერთ კილოგრამ ხორცსაც ვერ იყიდდი.

მიხეილ ჭიაურელმა აკაკი ხორავასთან რეპეტიცია დაასრულა და, ის იყო, გადაღება უნდა დაწყებულიყო, რომ… საჭმლის ნასახიც ვერ იპოვეს მაგიდებზე – „მეფის ამალის“ მშიერ წევრებს და „თავადაზნაურობას“ სუფრა მთლიანად მოესუფთავებინათ.

სერგო ზაქარიაძე – შადიმან ბარათაშვილის როლში

არც ჭიაურელს და არც სურათის დირექტორს  ერთი უბრალო საყვედურიც კი არ დასცდენიათ მსახიობებს მიმართ.

დირექტორმა პრობლემა მარტივად გადაწყვიტა – გადაღება გადადო. ორი დღის შემდეგ კი, რაღაც სასწაულით, ისეთივე პურმარილი დაახვავა მაგიდებზე. გადაღების დაწყების წინ  ჩვეული, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გადახედა სუფრასთან მსხდომ „დიდებულებს“ და პავილიონიდან გავიდა.

გადაღებამ შესანიშნავად ჩაიარა. არათუ გადაღების დროს, გადაღების შემდეგაც კი კაციშვილი არ გაჰკარებია საჭმელს.

თურმე ამ ზღაპრული პურმარილისთვის… ნავთი გადაესხათ! – სხვა გზა არ იყო. გადაღება რამდენიმე დღე უნდა გაგრძელებულყო, „მეფის ამალა“ კი – მშიერი იყო!

აკაკი ვასაძე – შაჰ აბასი, „გიორგი სააკაძე“, 1942-1943

* * *

ფილმში თეკლეს როლს მსახიობი ლიანა ასათიანი ასრულებს, რომელიც მერვე კლასში იყო, ამ როლზე რომ დაამტკიცეს. აქედან დაიწყო მისი კინოკარიერა. სინჯებისას „დედოფლის სამოსი რომ ჩამაცვეს, თავზე გვირგვინი დამადგეს და გრიმი გამიკეთეს, საკუთარი თავი ვეღარ ვიცანი – სარკეში გაოცებული ვიყურებოდი. სურათები გადამიღეს, ფოტოსინჯები მოეწონათ და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ფილმში გადასაღებად დამიბარეს. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა! მოულოდნელად ისეთი ლეგენდარული მსახიობების გვერდით აღმოვჩნდი, რომელთა ფოტოებსაც სპეციალურად ვყიდულობდი და ალბომში ვაკრავდი, რომ არავის მოეპარა. გაოცებული ვუყურებდი ჩემთვის საყვარელ გენიალურ მსახიობებს, რომლებიც 15 წლის გოგონას, როგორც საკუთარ შვილს, ისე მეფერებდნენ და მანებივრებდნენ“, – იხსენებდა ქალბატონი ლიანა.

ლიანა ასათიანი გიორგი სააკაძის დის – თეკლე დედოფლის როლში

სხვათა შორის, თეკლე დედოფლის კაბა, რომელიც ფილმში გამოიყენეს, XVIII საუკუნისაა და ქართლის დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს. საერთოდ, საბჭოთა პერიოდში ასეთი რამ ხდებოდა: როდესაც ქართველ თავადაზნაურობას ქონება ჩამოართვეს, ტანსაცმელი ყოფით ნივთებად ჩაითვალა და კინოსტუდიას გადაეცა, რომელიც მათ ფილმებში იყენებდა. შემდეგ ეს კაბა მიხეილ ჭიაურელმა სერგეი ეიზენშტეინს ათხოვა და „ივანე მრისხანეში“ გამოჩნდა, ბოლოს კი სერგო ფარაჯანოვმა გამოიყენა „სურამის ციხეში“.

* * *

1946 წლის 26 იანვარს „გიორგი სააკაძეს“ „პირველი ხარისხის სტალინური პრემია“ მიენიჭა. ლაურეატები გახდნენ: რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, დამდგმელი ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი და მთავარი როლების შემსრულებლები: აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე და სერგო ზაქარიაძე.

თამარ ოთიაშვილი

სპარტაკ ბაღაშვილი – ლუარსაბ მეორე და ლიანა ასათიანი – თეკლე დედოფალი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close