ინტერვიუსაზოგადოება

„ვუთხარი, მალე ჩემი ცოლი გახდები-მეთქი“ – პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ცხოვრებისეული ისტორიები (ვიდეო)

24 აპრილს ქართული საზოგადოება მორიგი მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდა – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. მან ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გადაინაცვლა, უმრავლესობამ კი მის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა.

შევეცადეთ, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მოგვეძიებინა, რაც ამ დროისთვის ქართულ მედიაშია გავრცელებული.

კახა კუჭავა 41 წლისაა, იგი 1979 წლის 23 სექტემბერს დაიბადა, წარმოშობით  წყალტუბოელია, სკოლა თბილისში დაამთავრა.

უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ბრიტანეთში – 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს კი ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტმა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი მიანიჭა.

ასევე, იგი იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვარტალური ჟურნალის, „კორპორაციული მართვის“ გამომცემელთა საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

გადაცემა „სთორიში“კახა კუჭავამ თავისი მეუღლის გაცნობის ამბავი და სიყვარულის ისტორია გაიხსენა.

ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როცა მომავალი მეუღლე პირველად ნახა, თუმცა მალევე მივლინებაში წავიდა და მასთან განშორება მოუწია. განშორებამ კი მისი კიდევ ნახვის იმედი დაუტოვა.

„ლიზა 2007 წელს გავიცანი, წარმოშობით რუსია, გავიცანი ზაფხულში, ერთადერთხელ ვნახე, ერთ საღამოს, მამამისი საქართველოშია გაზრდილი, სკოლა აქ აქვს დამთავრებული, ძალიან ახლოს არის საქართველოსთან. საქართველოში გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ მე მომიწია მივლინებაში წასვლა, დამრჩა უკმარისობის გრძნობა და თითქოს რაღაც იმედი, რომ ხვალ და ზეგ ისევ ვნახავდი“, – იხსენებს კუჭავა.

მისი თქმით, დაახლოებით ერთ წელში მომავალი მეუღლე ისევ ნახა, ოღონდ ამჯერად მეგობრის ქორწილში, სადაც თვითონ იყო თამადა. „ხომ არის, რომ ერთხელ ნახავ და უკვე იცი – ის შენი ადამიანია. მაშინ ვუთხარი, რომ ჩემი მეუღლე გახდები-მეთქი… გაეცინა… საბოლოო ჯამში 6 თვეში ჩემი მეუღლე გახდა, თუმცა ამ 6 თვეშიც ძალიან ცოტა ხანს გვქონდა ურთიერთობა, რადგან იმ პროექტის გამო, ფაქტობრივად, ჰაერში ვცხოვრობდი“.

ამავე გადაცემაში კახა კუჭავამ 90-იან წლებში საკუთარ სამეგობროში მომხდარი ტრაგედია გაიხსენა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

„ისეთი ფაქტია, არ მიყვარს ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ… ეს არ იყო ჩხუბი, შემთხვევით მოხდა. ჩემი მეგობარი სახლიდან გამოდიოდა, სულ სხვა ადამიანს ელოდებოდა მკვლელი, ეს შერჩა ხელში და პირდაპირ ესროლა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ ორი კვირით ადრე თითქოს გული უგრძნობდა. რამდენიმე მეგობარი გვნახა, ნასვამი იყო, სიყვარული აგვიხსნა, თუ როგორ გვაფასებდა, როგორ უნდოდა, უფრო ხშირად ყოფილიყო ჩვენთან, გვითხრა, რომ ცოლი მოყავდა მალე… მერე ორ კვირაში გავიგეთ ასეთი ამბავი“, – იხსენებს კახა კუჭავა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close