პოლიტიკასაქართველო

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. კახა კუჭავას კანდიდატურას დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ უყარეს კენჭი. მის არჩევას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი წინააღმდეგი წავიდა.

კახა კუჭავა 2021 წლის იანვრიდან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია და პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას იკავებს. იგი 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, 2016-2020 წლებში კი იყო საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე აირჩიეს.

კახა კუჭავა 2016 წლიდან არის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. 2012-2016 წლებში მას წამყვანი პოზიციები ეკავა კერძო სექტორში, საკონსულტაციო, საინვესტიციო და სამთო-მოპოვებით სფეროებში მოღვაწე კომპანიებში. 2011-2015 წლებში იგი იყო მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო ბიზნესორგანიზაცია „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

2007-2010 წლებში კახა კუჭავა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკორპორაციო სამართლისა და კორპორაციული მართვის ექსპერტად მუშაობდა, ხოლო 2005-2007 წლებში – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ბიზნესის გარემოს რეფორმა“ კორპორაციული სამართლის სპეციალისტად. 2001-2004 წლებში და 2005 წელს იგი საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების იურიდიული მრჩეველი იყო. 2001-2004 წლებში იგი მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ უფროსი იურისტის პოზიციაზე.

კახა კუკავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძეს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა 24 აპრილს დატოვა.

მსგავს თემაზე: „ვუთხარი, მალე ჩემი ცოლი გახდები-მეთქი“ – პარლამენტის თავმჯდომარის ცხოვრებისეული ისტორიები (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close