„რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება, კარგი იქნება, თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმას“
რობერ სტურუასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, მისი გათავისუფლება არ იგეგმება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გაცხადდა, რომ რობერ სტურუა რუსთაველის თეატრის დატოვებას არ აპირებს.
თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
„ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები და არამცთუ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა ყველაზე ის პატივი, რაც გულისხმობდა ევროპაში ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ინსტრუმენტის ხელმოწერა, ეს გახლავთ სტამბოლის კონვენცია, რომელსაც ხელი მოვაწერე 2014 წელს ყველას, ქართველი გოგონებისა და ქალების სახელით. ჩვენ მსხვერპლს ვერასდროს ვუსაყვედურებთ, რატომ არ ილაპარაკე დროზეო.
ნინუცა მაყაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მიწვეული იყო საგამოძიებო ორგანოში, ის ჯერ არ მისულა. იმედია უარს არ აცხადებს, თუნდაც ფიქრობდეს, რომ 11 წლის შემდეგ გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარულიო, მინდა ვუთხრა, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, ვინაიდან ეს სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით როგორც კულტურის მინისტრი, მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე გაცხადდა, რომ ის წასვლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელიც დამეთანხმებით, მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, ჩვენ მას ყველამ უნდა მივცეთ შესაბამისი საშუალება, რომ იმუშაოს და იმოღვაწეოს. ეს არის მისი საქმე. კარგი იქნება, თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმას“, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს. „მოწოდების გარდა, არაფრის გაკეთება არ შემიძლია“, – თქვა თეა წულუკიანმა.
„არა მხოლოდ ერთმა მხარემ, არამედ მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან. კარგი იქნება, თუ ის ამასობაში დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, რადგან მე მოწოდების გარდა არაფრის გაკეთება არ შემიძლია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მსახიობი ბესო ზანგური ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის მხრიდან 11 წლის წინ ინტენსიურ ძალადობაზე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა. ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს რეჟისორი რობერტ სტურუა გამოესარჩლა, რამაც რეჟისორის მიმართ ბევრი ადამიანის აგრესია და ვერბალური, ძალზე არაკორექტული, თავდასხმა გამოიწვია.
საკითხით დაინტერესდნენ სამართალდამცველებიც. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა როგორც ნინუცა მაყაშვილმა საქართველოს პირველ არხს უთხრა, გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. თავად ბესო ზანგური ყოფილ მეუღლეზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.
რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებას მიმართავს და ჩვენებას მისცემს 11 წლის წინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, თეატრი მზად არის, საქმის გამოძიებამდე, ბესო ზანგურს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს.
ვითარების გარკვევამდე კი რუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი „იულიუს კეისარი“. მოხსნა. სპექტაკლში ბესო ზანგური ბრუტუსის როლს ასრულებს.
კომენტარები