„ვიზეარი“ ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს იწყებს
ვარშავა, ვილნიუსი, დორტმუნდი, რიგა და ევროპის კიდევ 13 ქალაქი - ასეთია მარშრუტები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და „ვიზეარი“ (Wizz Air) საქართველოში რეგულარულ ფრენებს 18 აპრილიდან განაახლებს – თავიდან 2 მიმართულებით, შემდეგ კი ეტაპობრივად დაემატება კიდევ 15 მიმართულება.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს შორის გაფართოებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შედეგად, 18 აპრილს Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
მათი ცნობით, თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, სამომავლოდ სიხშირეების ზრდა იგეგმება ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. მაისიდან ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარული ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით განაახლებს, ივნისიდან კი, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენა ევროპის კიდევ 13 მიმართულებით.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის ინფორმაციით, მგზავრებს ქუთაისში დახვდებათ „ოთხჯერ უფრო გაფართოებული აეროპორტი, ახალი სერვისებითა და სიახლეებით, რომლებიც ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება“.
რაც შეეხება საქართველოს საზღვრის კვეთის პირობებს: უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლია საზღვარზე „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის ან კოვიდვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ლიეტუვაში შესვლისას, იმ პირობების გარდა, რასაც ქვეყნის მთავრობა ითხოვს, გამგზავრებამდე აუცილებლად შევსებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური PLF ფორმა ვებგვერდზე. პოლონეთის მთავრობა მგზავრებისთვის წინასწარი რეგისტრაციის შესავსებ სპეციალურ ფორმას არ ითხოვს.
დეტალური ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით იხილეთ ბმულზე.
კომენტარები