კინო/ფილმებიქართველები უცხოეთში

მერაბ ნინიძე ექიმი „გახდა“ – ქართველი მსახიობი ახალ გერმანულ სერიალში მთავარ როლს ასრულებს (ვიდეო)

ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე გერმანული ტელეარხის, ZDF-ის მინისერიალში „ექიმი ბალუზი“ (Doktor Ballouz) მთავარ როლს თამაშობს. 6-სერიანი დრამის პრემიერა პირველ აპრილს გაიმართა.

დაჭმუჭნული ტრენჩი, პატარა Trabbi (ავტომობილის მარკა – Trabant) და დიდი გული – ასე ახასიათებს ZDF თავისი ახალი სერიალის გმირს, ექიმ ბალუზს, რომელიც კლასიკური „ბერგდოქტორის“ ალტერნატივაა (Der Bergdoktor – გერმანულ-ავსტრიული სერიალი ZDF-სა და ORF-ზე).

ახალ სერიალს ZDF ხუთშაბათს, 8 აპრილს იწყებს თავის ძირითად პროგრამაში. „დოქტორი ბალუზი“ მოგვითხრობს სოფლის ექიმზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ომს გამოექცა, სირიისა და ეგვიპტის გავლით აღმოსავლეთ გერმანიაში, ბრანდერბურგის უკენმარკში ჩავიდა და სოფლის ექიმი გახდა.

პაციენტებთან ამინ ბალუზის ურთიერთობის ისტორიებთან ერთად  ფილმში ნაჩვენებია მისი პირადი წარსული, რომელიც ბალუზს სეზონის მიმდინარეობისას „წამოეწევა“.

სერიალი ეფუძნება სამეცნიერო-პოპულარულ წიგნს „გერმანია საზღვრებს გარეთ: ექიმ ამინ ბალუზის, სოფლის ექიმის, ცხოვრება“.

„დიდი გულის მქონე“ სოფლის ექიმის როლს უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.

სერიალზე წარმოდგენა შეგიძლიათ შეიქმნათ ოფიციალური ტრეილერით.

მერაბ ნინიძე ბოლო დროს ქართველ თაყვანისმცემლებს თავისი წარმატებებით გვახარებს.

სერიალმა „მაკმაფიამ“ (McMafia), რომელშიც ქართველი მსახიობი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, „ემის“ (International Emmy) ჯილდო მოიპოვა საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში. „ემის“ დაჯილდოება 2020 წლის 25 ნოემბერს გაიმართა.

გასული წლის დეკემბერში მერაბ ნინიძე BIFA-ს ნომინაციაზეც წარადგინეს მეორეხარისხოვანი როლისთვის დომენიკ კუკის ფილმში „კურიერი“ (The Courier), სადაც იგი საბჭოთა უშიშროების პოლკოვნიკის, ოლეგ პენკოვსკის როლს ასრულებს. ფილმში მას პარტნიორობას უწევს „შერლოკისა“ და „იმიტაციის თამაშის“ ვარსკვლავი ბენედიქტ ქამბერბაჩი.

„კურიერის“ პრემიერა ნიუ-იორკში 19 მარტს გაიმართა.

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს დაიბადა თბილისში, დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა, 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III“ პრინც ედუარდის როლი ითამაშა.

მერაბ ნინიძე 1992 წელს გაემგზავრა საქართველოდან დიდ ბრიტანეთში, 1995 წლიდან კი ვენაში (ავსტრია) გადავიდა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს.

კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა – მან თენგიზ აბულაძის „მონანიებაში“ აბელ არავიძის შვილიშვილის, თორნიკეს როლი შეასრულა.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close