იტალია

იტალიის კონტრდაზვერვაში მიიჩნევენ, რომ 80-მდე რუსი დიპლომატი ჯაშუშობითაა დაკავებული

იტალიაში ჯაშუშურ საქმიანობასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ იტალიური მედია კვლავ წერს რუსი დიპლომატების საიდუმლო, ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ.

იტალიის ერთ-ერთი გავლენიანი გაზეთის, la Repubblica-ს ინფორმაციით, იტალიაში აკრედიტებული რუსი დიპლომატების ერთი მესამედი ჯაშუშობითაა დაკავებული და საიდუმლო ინფორმაციას აგროვებს.

როგორც იტალიურ კონტრდაზვერვაში მიიჩნევენ, სულ მცირე, 80 რუსი დიპლომატი რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ), ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) და საგარეო დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობს. გამოცემის ცნობით, ისინი იტალიაში ჯაშუშების გადაბირებით არიან დაკავებულები.

ამასთან, მედიის ცნობით, ორი რუსი დიპლომატი, რომლებმაც იტალიელი კაპიტანი გადაიბირეს, უკვე გაემგზავრა სამშობლოში. მათი დეპორტაცია იგეგმებოდა, თუმცა ორივე დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა და დაკავებას ასე გადაურჩნენ. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში აკრედიტებული ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად 31 მარტს გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 54 წლის ვალტერ ბიოტი, იტალიის სამხედრო საზღვაო ძალების უფროსი ოფიცერი, ფრეგატის კაპიტანი, 30 მარტს დააკავეს რომში ერთ-ერთ ავტოსადგომზე, როდესაც რუსეთის დაზვერვის წარმომადგენელს ფულის სანაცვლოდ (საუბარია 5000 ევროზე) სამხედრო ხასიათის კონფიდენციალური დოკუმენტების ასლებს აძლევდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან სამსახურის კომპიუტერებიდან ფოტოები გადაუღო დოკუმენტებს, რომლებზეც ხელი მიუწვდებოდა, როგორც იტალიის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის თანამშრომელს, ფლეშკაზე ჩაწერა და სწორედ ამ ფლეშკის გადაცემის დროს დააკავეს.

ვალტერ ბიოტი, Ansa-ს ფოტო

la Repubblica-ს ინფორმაციით, მას საიდუმლო მასალების 181 დოკუმენტი ჰქონდა.  მათგან 9 მკაცრად გასაიდუმლოებული იყო სამხედრო ხასიათის გამო.

გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის ბინიდან ამოღებული მასალებით ირკვევა, რომ დაკავებული რუსეთის დაზვერვას ნატოს საიდუმლო დოკუმენტაციასაც აწვდიდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close