იტალია: ტანკს მიზანი შეეშალა და ქათმების ფერმას ესროლა
პორდენონეს პროკურორმა გამოძიება დაიწყო, 4 საბრძოლო მანქანა დაკავებულია
იტალიაში სამხედრო ტანკმა Blindo centauro-მ, რომელიც დისტანციაზე სროლის წვრთნებში მონაწილეობდა მდინარე ჩელინასთან (Cellina) სპეციალურად გამოყოფილ პოლიგონზე, შეცდომით სხვა მიმართულებით გაისროლა და ჭურვი ვივაროს (პორდენონე) ქათმების ფერმას მოხვდა.
უამრავი ქათამი დაიხოცა აფეთქებისა და იმ შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, სადაც ფრინველები იმყოფებოდნენ.
შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა ფერმის მეპატრონეებმა მხოლოდ დღეს დილით აღმოაჩინეს ნანგრევები და დახოცილი ქათმები.
რაიონი, სადაც სროლაში წვრთნები მიმდინარეობდა, ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. როგორც სააგენტო ANSA-სთვის გახდა ცნობილი, ქათმების ფერმას Brigata Pozzuolo del Friuli-ს ღამის წვრთნების დროს ესროლეს, რომელშიც Genova Cavalleria და Lagunari of Venice მონაწილეობდნენ.
სამხედროებს მალევე არ შეუმჩნევიათ შეცდომა, რადგანაც გასროლას ცეცხლი არ მოჰყოლია.
როდესაც დილით მეპატრონეებმა ფერმაში დატრიალებული ამბავი ნახეს, ვერაფრით მიხვდნენ, რა ხდებოდა. მათ Compagnia di Spilimbergo-ს კარაბინერებს სთხოვეს ჩარევა. კარაბინერებმა იცოდნენ, რომ ახლომახლო სროლაში წვრთნები მიმდინარეობდა, ორი ფაქტი ერთმანეთს დაუკავშირეს და მომხდარს ნათელი მოჰფინეს.
პორდენონეს პროკურორმა გამოძიება დაიწყო. წვრთნებში მონაწილე 4 ტანკი დაკავებულია. გამოძიების მსვლელობისას პროკურატურამ უნდა გაარკვიოს, რატომ ისროლა Blindo centauro-მ საცხოვრებელი ცენტრის მიმართულებით, როდესაც სროლისთვის გამოყოფილი ზონა საწინააღმდეგო მხარეს მდებარეობს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები