სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰის ტურნირი მოიგო და დაჯილდოებისას შვილს ქართულად მიმართა (ვიდეო)

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰის (ყატარი) ATP250 კატეგორიის პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალურ მატჩში, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, მან ორ სეტში მოუგო ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილ ესპანელ ჩოგბურთელს, რობერტო ბაუტისტა აგუტს ანგარიშით 7:6(5), 6:2. მატჩი საათსა და 29 წუთს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგის მე-13 ადგილზე მყოფი ბაუტისტა აგუტი დოჰის ტურნირის 2019 წლის გამარჯვებულია.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელს, როჯერ ფედერერს მოუგო, რომელიც მუხლზე ორი ოპერაციის და ერთწლიანი შესვენების შემდეგ პირველად დაბრუნდა კორტებზე. ნახევარფინალში კი ამერიკელ ტეილორ ფრიცს სძლია ორ სეტში.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავის კარიერაში მე-4 ტიტული მოიპოვა, ხოლო 2019 წლიდან პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული. ATP-ის კლასიფიკაციაში 42-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი 5 საფეხურით დაწინაურდება და მსოფლიოს 37-ე ჩოგანი გახდება.

რაც შეეხება ფულად პრემიას, ბასილაშვილი 103 070 აშშ დოლარს მიიღებს.

ცნობისათვის, ამავე ტურნირის 2020 წლის გამარჯვებულმა, რუსმა ჩოგბურთელმა ანდრეი რუბლიოვმა $227 930 ანუ თითქმის 55%-ით მეტი თანხა მიიღო ფულადი ჯილდოს სახით.

ნიკო აბაშიშვილი

p. s. დაჯილდოებისას ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავის ვაჟს და ქართველ გულშემატკივრებს ქართულ ენაზე მიმართა:

„ლუკას, მამიკო, მინდა, რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს გულშემატკივრებს, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის“, – თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close