მედიცინაიტალია

იტალია: აცრის შემდეგ 3 ადამიანის გარდაცვალების გამო გამოძიება დაიწყო

ASTRAZENECA-ს ერთ-ერთი პარტიის ვაქცინით აცრა Aifa-მ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაბლოკა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე АstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ 3 ადამიანის გარდაცვალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე იტალიის წამლის სააგენტომ (Aifa), სიფრთხილის მოსაზრებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ABV2856 პარტიით აცრა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაბლოკა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემები წერენ

სიციალიაზე, კერძოდ, სირაკუზაში დაიწყო გამოძიება 43 წლის სამხედრო მეზღვაურის, სტეფანო პატერნოს გარდაცვალების ფაქტზე. ქალაქ აუგუსტაში Astrazeneca-ს ვაქცინით აცრიდან მეორე დღეს ახალგაზრდა სამხედროს გული გაუჩერდა.

კატანიაში 50 წლის პოლიციელი დავიდე ვილა გარდაიცვალა. იგი Astrazeneca-ს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან 12 დღის შემდეგ დაიღუპა.

ტრეპანიში კი კარაბინერების მარშალს (maresciallo dei carabinieri), 54 წლის ჯუზეპე მანისკალოს აცრიდან 48 საათში გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.

სამივე მათგანმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა მიიღო ერთი და იმავე – ABV2856 პარტიიდან. შესაბამისად, იტალიის წამლის სააგენტომ (Aifa) დღეს განაცხადა, რომ ამ პარტიის ვაქცინის გამოყენებას იტალიის მთელ ტერიტორიაზე დროებით ბლოკავს.

კიდევ ერთი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა ნეაპოლში – 58 წლის მამაკაცი, სკოლის თანამშრომელი გარდაიცვალა აცრის შემდეგ, თუმცა ეს ვაქცინა სხვა პარტიიდან იყო. ამის მიუხედავად ნოლის (Nola) პროკურატურამ მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენა, ხოლო სამედიცინო ჩანაწერები ამოიღო.

გამოძიებას ჯერჯერობით არ დაუდგენია გარდაცვალების ფაქტების პირდაპირი კავშირი ვაქცინაციასთან, თუმცა შეშფოთება იზრდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც. რამდენიმე მათგანმა უკვე შეაჩერა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება.

მაგალითად, დანიამ დღეს შეაჩერა AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა თრომბების წარმოქმნისა და სავარაუდო სიკვდილის გამო, მას მიჰყვნენ ნორვეგია და ისლანდია.

ავსტრიამ 2 დღის წინ  შეაჩერა „ასტრაზენეკას“ სხვა პარტიის (ABV5300) ვაქცინის გამოყენება. ამის მიზეზი გახდა აცრის შემდეგ 48 წლის ქალის გარდაცვალება, რის მიზეზსაც იკვლევენ. ამ შემთხვევის გამო ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ, აგრეთვე, შეაჩერეს ამავე პარტიის ვაქცინით აცრა, რომელიც 17 ქვეყანაში გავრცელდა (მათ შორის არ იყო იტალია).

დიდი ბრიტანეთისთვის კი AstraZeneca-ს (ე. წ. ოქსფორდის) ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტიანია“, ხოლო საფრანგეთი აცრის შეჩერების მიზეზს ვერ ხედავს, რადგან „5 მლნ ევროპელიდან მხოლოდ 30 ადამიანს ჰქონდა ჩივილები სისხლის შედედების დარღვევასთან დაკავშირებით“. გერმანიაც მათ შორისაა, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინით აცრას აგრძელებს.

EMA (ევროპის წამლის სააგენტო) ხაზს უსვამს, რომ თრომბების წარმოქმნის რისკი აცრილ ადამიანებში უფრო მაღალი არ არის და ვაქცინით მიღებული სარგებელი რისკებზე გაცილებით დიდი რჩება, ამასთან, მისივე ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება და ყველა დარეგისტრირებულ შემთხვევას შეისწავლიან.

თავის მხრივ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) აცხადებს, რომ საქმის კურსშია იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლებიც ჯანმოს ევროპის რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო  „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით, აღნიშნული რამდენიმე შემთხვევის სრული მოკვლევის დასრულებამდე.

ჯანმოს განცხადებით, ქვეყნების მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე (მიმდინარე წლის 9 მარტის მდგომარეობით) 268 მილიონზე მეტი დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთდა და მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით არის გამოწვეული.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობას ვერ შეამცირებს. სხვა მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობა კვლავ გაგრძელდება, მათ შორის, აცრილთა შორისაც, მაგრამ მათ შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არ იქნება.

მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ რომ დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომელიც გამოწვეულია COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით“, – აღნიშნულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, გააგრძელონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გვერდითი მოვლენების დაკვირვება ნებისმიერი შესაძლო უარყოფითი მოვლენების აღრიცხვისა და გლობალური მეთვალყურეობის მონაცემთა ბაზაში მათი გაზიარების მიზნით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close