fbpx
ქართველები უცხოეთში

„დამოუკიდებლად ბევრი რამ შევძელი ამ უზარმაზარ ქვეყანაში და კიდევ ბევრს შევძლებ!“ – მარინა ირემაშვილი ნიუ-იორკიდან

„გარეთ იდუმალი სიჩუმე იყო და მხოლოდ საქართველოს ჰიმნი ისმოდა. უცებ ტაშის ხმა და შეძახილები შემომესმა, მეძახდნენ, საიდან ხარო? შემდეგ Georgia-ს შეძახილებით ტაშით შეხვდნენ ამ ამბავს!“

nostal.ge ამჯერად ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს გაგაცნობთ: ქალბატონი მარინა ირემაშვილი ექვსი წელია ნიუ-იორკში იმყოფება, მისი ქალიშვილი საფრანგეთშია, მეუღლე და ვაჟი კი – საქართველოში. „იმედია მალე ისევ გავერთიანდებით და გავათბობთ ჩვენს ოჯახურ კერას!“ – ამბობს სამშობლოდან შორს მყოფი ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელმაც ბევრი სიძნელე დამოუკიდებლად დაძლია, ბევრი რამ შეძლო და ახლა FB-ჯგუფის „ქართველები ფილადელფიაში“ საშუალებით თუ პირადად სხვებსაც ეხმარება პრობლემების მოგვარებაში, ქველმოქმედებას ეწევა და გაჭირვებულის დახმარება ადამიანის ერთ-ერთ უპირველეს მოვალეობად მიაჩნია.

ეს – ძალიან მოკლედ, უფრო ვრცლად კი თავად ქალბატონი მარინა გვიამბობს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებს ემიგრაციამდე და ემიგრაციაში.

ემიგრაციამდე

მცხეთა ჩემთვის მოგონებების და მონატრების ქალაქია, რადგან მცხეთა ჩემი სამშობლოა..

იქ დავიბადე და გავიზარდე.

ჩემთვის ამ წმინდა ადგილს მეტად მოკრძალებული მიდგომა და დიდი დატვირთვა აქვს. ჩემი ბავშვობა ამ ულამაზესი კუთხიდან იწყება…

გადიოდა წლები და გადავდიოდი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

დამოუკიდებლად სწორი არჩევანის ძიება, სწავლა და სამსახურებრივი ცვლილებები.

მერე ოჯახი, შვილები და თბილისში დამკვიდრება.

ახალგაზრდობის ასაკში რამდენიმე წელი გამომცემლობა „მერანში“ ვიმუშავე, რამაც საუკეთესო მოგონებები დამიტოვა, რადგან ვთანამშრომლობდი და ვმეგობრობდი ქართველ მწერლებთან თუ ბევრ სხვა ცნობილ ადამიანთან! მათი ავტოგრაფებით არაერთი წიგნი შემომრჩა.

მახსოვს, სიტყვის დიდოსტატი ოტია იოსელიანი როდესაც გვესტუმრებოდა, სკამს მივართმევდით, ჩამოჯდებოდა თავის ჩიბუხით ხელში და საოცარ ამბებს გვიყვებოდა.

სკამზე ჯდომის თავისებური მანერაც ჰქონდა.

არასოდეს მინახავს გაჩუმებული, ან ეწეოდა, ან ლაპარაკობდა… შემომძახებდა, შენ სერიოზული ბოვშვი ხარ, მოდი, რაცხას მოვყვები და მომისმინეოო. მისი ყველა ფრაზა ბრძნულ გამონათქვამად ჩამესმოდა ყურში…

ეს იყო ყველაზე საუკეთესო წლები!

მიუხედავად იმისა, რომ მომიწია ქვეყნის დატოვება, ჩემი ქვეყნის თუ ქალაქის მონატრება მუდამ თან დამდევს.

იქ მეტად ლაღი იყო ჩვენი ყოველდღიურობა. ჩემი ქალაქის ჰაერს ვსუნთქავდი და ირგვლივ ყველას ნაცნობ – მეგობრების გარემოცვაში გვიხდებოდა ცხოვრება.

დილას სამსახურში, ცხელი ყავა, ამას სულ სხვა ხიბლი ჰქონდა, რადგან ერთ-ერთ დეპარტამენტში 18 წელი ვიმუშავე და საუკეთესო მოგონებები დამრჩა.

დღემდე ჩემი თანამშრომელების სითბო ოკეანის გადმოღმაც კი მწვდება.

დროის გადანაწილება და ყოველდღიური ცხოვრების რიტმი თითქოს მომწონდა კიდეც, მაგრამ ოჯახს სხვაგვარად დასჭირდა გვერდში დგომა და ბევრი აღარ მიფიქრია.

გადავწყვიტე, ბედი მეცადა ამერიკის საელჩოში. ვიზაც მივიღე. მიხაროდა კიდეც ჩემს თავზე გამარჯვება!

მერე კი გამიჭირდა ქვეყნის დატოვება, რადგან იქ, ჩემს ქალაქში დავტოვე ჩემი ოჯახი, ახლობლები, მშობლების საფლავები, ჩემი განცდები, ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი ტკივილი და სიხარული.

და თითქმის ცარიელი, მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთით ხელში, აეროპორტშივე გავითავისე შემდგომი წლების სიმარტოვე და გული გამეყინა.

ვცდილობდი, მხნედ შევხვედროდი მწარე რეალობას და იძულებითი ღიმილით დავემშვიდობე ჩემებს!

ამ ფიქრებში ჩაფლულმა, უხმოდ დავაბიჯე ექსკალატორის კიბეს და ფიქრებიც უცებ გაიფანტა სტიუარდესის ხმაზე.

თვითმფრინავმაც ფრთები გაშალა და გუგუნით შეუერთდა ღრუბლებს…

თითქმის ექვსი წელი გავიდა, რაც ჩემი სამშობლო დავტოვე და მარტო ვცხოვრობ ამ უზარმაზარ ქვეყანაში.

 მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ცუდიც და კარგიც… ეკლიანი გზებიც ბევრი გავიარე.

ბევრჯერ ავტირებულვარ. გულიც ბევრს უტკენია, მაგრამ ეს გზაც დავძლიე, გავიარე ისე, აზვირთებული მდინარიდან გამდინარე ფონზე რომ გახვალ.

ინგლისურიც არ ვიცოდი, გამიჭირდა „უენოდ“ უცხო ქვეყანაში და ესეც დავძლიე.

დამოუკიდებელი ცხოვრება ავირჩიე და გამომივიდა კიდეც.

ბევრი საუკეთესო ადამიანი გავიცანი,  ბევრი მეგობარიც შევიძინე და ღმერთმა არც გამოგვილიოს სიკეთე და კეთილი ადამიანები.

შედეგი?

დამოუკიდებლად ბევრი რამ შევძელი ამ უზარმაზარ ქვეყანაში და კიდევ ბევრს შევძლებ!

ზოგჯერ ისეთი უცაბედი გადაწყვეტილება მიმიღია, თვითონ შემშინებია, ალბათ ამ დროს სიმარტოვის, დამოუკიდებლობის ინსტინქტი იღვიძებს და შენს თავს ბრძოლას უცხადებ!

დიახ, ზუსტად ამიტომ შეიქმნა ჯგუფები ფეისბუქის გვერდებზე და მე, როგორც ერთ-ერთი ჯგუფის ადმინი, იმაზე, რაც თავად მაკლდა უცხო ქვეყანაში, სითბო, დარიგება თუ გზის გაკვლევა, ახალ ჩამოსულებს ჯგუფიდან შემოვუძახებდით და ვამხნევებდით.

ვაწვდიდით ინფორმაციებს, ვაბინავებდით ქუჩაში დარჩენილებს, ფინანსურადაც ვეხმარებოდით, ვამისამართებდით კომპეტენტურ პირებთან და გზას ვუკვლევდით.

და შეძლებისდაგვარად ასე ვაძლიერებდით უცხო ქვეყანაში ახლადფეხმოკიდებულ ქართველებს.

ახლაც, ყოველ დილას, მსოფლიოში მიმობნეულ ქართველებს და ჩემს საქართველოს ვესალმები და ვამხნევებ ემიგრანტებს!

მესენჯერში ვერ წარმოიდგენთ დღემდე რა ხდება, რამდენი ადამიანის გზავნილებია პირადში. ის, რაც არ უნდათ, ღიად აღიარონ …

და ჩვენ სოციალურ ქსელში, არავის გასაგონად, პირადში, ბევრი რამ მოგვიგვარებია.

არც ჩვენი სამშობლო გვრჩება უყურადღებოდ, ჩემი გონება და ფიქრები ოკეანის გაღმიდან გადმოჰყურებს საქართველოს. მუდამ ვაკვირდები არსებულ ვითარებას, შემდეგ ამოვირჩევ რამდენიმე ოჯახს და გულს ვუთბობ საჩუქრებით თუ დახმარებით.

მე ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მუდამ ქველმოქმედებას ვეწეოდი და ჩემი შვილიც დიდი ხანია ამ საქმეშია ჩართული.

ხშირად ხმამაღლაც მითქვამს, არ მინდა ფული, კომფორტი, თუ ჩემ გვერდით ადამიანებს უჭირთ.

ამით იმის თქმა მინდა, რომ იყო ემიგრანტი, ადვილი არ არის. დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია და ემიგრანტობაც მძიმე ტვირთია სატარებლად!

არავინ იცის, რამდენი უძილო ღამე გვაქვს გათენებული და როგორი მძიმე შრომით გვაქვს მოპოვებული თანხა, რომელსაც სიყვარულით და ღიმილით ვაგზავნით ჩვენს ოჯახებში.

არც ამერიკაში მცხოვრები ქართველები მრჩებიან უყურადღებოდ.

იქ, სადაც ხელი მიმიწვდება, ჩემებური ყურადღებით ვცდილობ გვერდში დაუდგე მეგობრულად და გავახარო ადამიანები! მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ სითბო.

ამ ყველაფერს კი სიმბოლური დატვირთვა აქვს. უბრალოდ, ვზრუნავთ ერთმანეთის წინსვლისთვის!

რა მომწონს ამერიკელი ხალხის და რას ვუსურვებდი ჩემს ქვეყანას?

ამერიკაში ბევრი რამ მომწონს და რაც მეტად თვალს ხვდება, ეს არის სახეზე ღიმილი და ერთმანეთის დახმარება, რასაც ამერიკის სავიზიტო ბარათს დავარქმევდი.

არ აქვს მნიშვნელობა, უცხო ქვეყნიდან ხარ თუ არ საუბრობ ინგლისურად, მუდამ გიღიმიან და გეხმარებიან, ქუჩაში თუ ტრანსპორტში, ბოლომდე… არ მიგატოვებენ. ამის მაგალითების მოწმე მე თვითონ ვარ.

მომწონს საშობაოდ მორთული სახლები და ერთმანეთის მიმართ საჩუქრები და ყურადღება.

მომწონს შვილების აღზრდა. მშობლები ერთნაირად ზრუნავენ შვილების აღზრდაზე.

და ვისურვებდი, ჩვენც გვესწავლოს სახეზე ღიმილის კულტურა საზოგადოებაში და ერთმანეთის გვერდში დგომა, რაც ჩვენთვის დეფიციტია.

რა მენატრება?

ჩემს მონატრებულ მიწაზე ფეხის დაბიჯება მესიზმრება, ჩემი ოჯახი, შვილები, ჩემი თბილისი და ახლობლები მენატრება. მეუღლე (დავით ირემაშვილი – რედ.) თბილისში, ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობს.

ჩემმა ბექამ დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი და ამჟამად მცირე ბიზნესით არის დაკავებული – „ველოტურიზმი საქართველოში“.

ჩემი ნათია საფრანგეთის მოქალაქეა. ფაქტობრივად, პარიზში გაიზარდა. თბილისის ფრანგულმა უნივერსიტეტმა უმაღლესი ქულებით საფრანგეთში სტაჟირებაზე გაგზავნა და ნათიამ იქ დარჩენა გადაწყვიტა. დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგისტრატურა და საკმაოდ წარმატებული, შემდგარი საქმიანი გოგოა. მუშაობს დიდ კომპანიაში და ახლახან დააწინაურეს კიდეც! ხშირად სტუმრობს საქართველოს, ჩემგან განსხვავებით.

ასე დაიქსაქსა ჩემი ოჯახი. ნათიამ წლებია უცხო ქვეყანაში დაიმკვიდრა ადგილი, მე ამერიკას შემოვრჩი, ჩემი კაცები კი საქართველოში დარჩნენ და ვიცი, უჩვენოდ უჭირთ ცხოვრება, მაგრამ…

იმედია, მალე დავუბრუნდები ჩემს მონატრებულ სამშობლოს და ჩემს ოჯახს! ისევ გავერთიანდებით და გავათბობთ ჩვენს ოჯახურ კერას!

თუმცა ვამბობ, რომ ძლიერი ქალი ვარ, მაგრამ, საქართველოში დაბრუნებული, ალბათ ემოციების გარეშე ვერ დავაბიჯებ მიწაზე ფეხს. ეს იქნება მონატრებული სიხარულით დატვირთული გულწრფელი ცრემლები… უამისობაც არ იქნება..

ემოციურად, გამოცდილების კუთხით რას გამოვყოფდი ემიგრაციაში ყოფნის მანძილზე?

როდესაც პანდემიის გამო თავდაყირა დადგა და „დაპაუზდა“ მსოფლიო, ამან ხალხში დიდი ქაოსი გამოიწვია.თვისტომის“ ხელმძღვანელობით, სწრაფად შეიქმნა კრიზისის ცენტრი ამერიკაში და ჩვენ, ქართველები, ჩვენივე შეგნებით გავერთიანდით, რათა კოვიდის შემთხვევაში გვერდში დავდგომოდით ჩვენს ემიგრაციას. ცენტრი ევროპაში მყოფ ქართველ პაციენტებსაც ონლაინ რეჟიმით ეკონტაქტებოდა და ვისაც რა შეგვეძლო, სრული გულწრფელობით, ფინანსურად ვეხმარებოდით, ცენტრი კი გადანაწილებას ახდენდა ცუდად მყოფ ადამიანებთან.

ეს იყო ჩვენთვის მეტად ემოციური პერიოდი და უთქმელად გვერდში დგომა!

და ასევე, არ მგონია, იყო ემიგრანტი და არსებობდეს ვინმე, საქართველოში ქველმოქმედებას რომ არ ეწეოდეს. ეს ჩვენ წესად მივიღეთ და ყველა თავისებურად ცდილობს ამ კეთილი საქმის კეთებას.

ასე რომ, გაუფრთხილდით უცხო ქვეყნებში გადახვეწილ დედებს თუ მეუღლეებს!

ისინი დღედაღამ თქვენზე ზრუნავენ და ფიქრობენ… თქვენგან კი მხოლოდ თბილი სიტყვებია საკმარისი, სხვა არაფერი…

კიდევ, იცით, რა მახსენდება?

როდესაც პანდემიამ მსოფლიო გააჩერა, ფანჯრებიდან გავყურებდით დაცარიელებულ ნიუ-იორკს, რომელსაც არასოდეს სძინავს და ამ ხმაურიან ქალაქში რაღაც იდუმალმა სიჩუმემ დაისადგურა.

მხოლოდ ყოველ საღამოს, 7 საათზე, 5 წუთის განმავლობაში ხალხი ფანჯრებიდან ტაშის დაკვრით და ნივთების ხმაურით ერთმანეთს ეხმიანებოდა და მადლიერების მესიჯებს აგზავნიდნენ მედპერსონალთან და სხვა მომსახურე ადამიანებთან, რომლებიც პანდემიის გამო იძულებით სამსახურის სადარაჯოზე იდგნენ.

ერთ დღესაც, 7 საათი ხდებოდა, როდესაც ფანჯრებთან სამჯერ საქართველოს ჰიმნი ჩავრთე. გარეთ იდუმალი სიჩუმე იყო და მხოლოდ საქართველოს ჰიმნი ისმოდა. უცებ ტაშის ხმა და შეძახილები შემომესმა, მეძახდნენ, საიდან ხარო?

შემდეგ Georgia-ს შეძახილებით ტაშით შეხვდნენ ამ ამბავს! მადლობა იმ დღეს, შინაგანად თითქოს ძალა ვიგრძენი.

ჩემი ამერიკული ცხოვრების ბედნიერი დღე იყო ისიც, როდესაც ამანათი მივიღე საფრანგეთიდან.

ჩემმა უტკბილესმა მეგობარმა დალი ანთიძემ, ოპერის მომღერალმა და ხატმწერმა, თავისი ნამუშევარი – მარიამ ღვთიშობლის ხატი და საკუთარი ბაღის ვარდები, ასევე, სამების ეკლესიის სანთლები გამომიგზავნა.

რა მტკივა და რა მაწუხებს ემიგრაციაში?

სოციალურ ქსელში ქართველთა შორის შური და ბოღმა რომ ტრიალებს, აღარ ინდობენ ერთმანეთს და სიკეთე და თანადგომა სანატრელი გაგვიხდა…

ვისურვებდი, გონზე მოეგონ და ერთმანეთის პატივისცემა ისწავლონ.

კიდევ რა მტკენს გულს? საქართველოდან ჩვენზე ტალახის სროლა ადვილად რომ ეხერხებათ ზოგიერთებს, იოლად ეჩვენებათ ჩვენი ცხოვრება და ქილიკობენ.

ემიგრანტები საქართველოს სიყვარულის მესიჯს გავუგზავნით და ვთხოვთ, მეტად დააფასოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი შრომა და ჩვენ უფრო მეტს შევძლებთ ჩვენი მონატრებული სამშობლოსათვის!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

ღმერთმა დალოცოს ამერიკა და ამერიკელი ხალხი, ვინც კარი გაგვიღო, გვენდობიან, შეგვიფარეს უცხო ქვეყნის შვილები და გვაძლევენ შანსს, თავისუფლად ვიმუშაოთ და დავეხმაროთ ოჯახებს!

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close