ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„ისე არ დაღამდება, რომ ძილის წინ თვალწინ არ დამიდგეს ჩემი კარ-მიდამო…“ – ემიგრანტი ქართველი მსახიობი

„რთულია ემიგრანტობა – ისე არ დაღამდება, რომ ძილის წინ თვალწინ არ დამიდგეს ჩემი კარ-მიდამო, ოჯახის წევრები, ახლობლები, მტერი თუ მოყვარე. ისეთმა რაღაცებმა იცის ხოლმე ამოტივტივება, კარგა ხნის წინათ მივიწყებული რომ მქონდა…“

ვანო ჩხაიძეს 50 წელი ემიგრაციაში შეუსრულდა. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის  პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი თავის მეუღლესთან, გულისა ქადეიშვილთან ერთად უკვე მეორე წელია იტალიაში იმყოფება. როგორც ჩვენებურთა უმეტესობას, ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დალხინებული ცხოვრების გამო არ მიუღია. როგორც თავად ამბობს, დიდი ხნით დარჩენას არ აპირებდნენ, მაგრამ პანდემიამ გეგმები აურიათ და რამდენიმე თვით გადაიწია მათი მშობლიურ ოზურგეთში დაბრუნება.

ოზურგეთის თეატრის სცენაზე

ვანო ჩხაიძე განათლებით ინჟინერ-მშენებელია, როსტოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, თუმცა თეატრი მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა, ემიგრაციამდე, 30 წლის განმავლობაში იყო ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის თეატრის სამსახიობო დასის წევრი. შესრულებული აქვს 30-მდე როლი. ამბობს, რომ თავისი ყველა პერსონაჟი უყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად – მთხრობელი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით რეჟისორ შოთა ბაბილოძის მიერ დადგმულ სპექტაკლში.

ძნელი იყო სამშობლოდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება? ემიგრანტობასთან შეგუება? რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად და როგორ დაძლიეთ პრობლემები?

ოთხი თვე დამჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს, მაინც მომიწია ამ გზაზე დადგომა. ძალიან რთულია ოჯახის მიტოვება, საყვარელ ადამიანებთან განშორება, იმ კოლექტივისგან მოწყვეტა, რომელთან ერთადაც ჩემი ცხოვრების ნახევარი მაქვს გატარებული; ძნელია სახლ-კარის გამოკეტვა, მეგობარ-ახლობლებთან სიშორე. რთულია უცხო მიწა-წყალზე ადაპტირება. ტრაპიდან მიწაზე ფეხის დადგმისთანავე ერთვები სულ სხვა სხვა სამყაროში, უნდა შეეგუო უცხო წესებს, კანონებს, კულტურას, ცხოვრების ტემპს და ა.შ. ენის არცოდნა უმთავრესი პრობლემაა.

რა თქმა უნდა, რთულია ემიგრანტობა. ისე არ დაღამდება, რომ ძილის წინ თვალწინ არ დამიდგეს ჩემი კარ-მიდამო, ოჯახის წევრები, ახლობლები, მტერი თუ მოყვარე. ისეთმა რაღაცებმა იცის ხოლმე ამოტივტივება, კარგა ხნის წინათ მივიწყებული რომ მქონდა.

პირველ ეტაპზე, როგორც ყველასთვის, რთულია სამსახურის პოვნა, ასევე, საცხოვრებელი ბინის დაქირავება (უცხოელს, მით უმეტეს – უსაბუთოს, იტალიელი ბინას არ მოგაქირავებს).

ისევ აქაური ქართველები დაგვეხმარნენ ამ პრობლემის მოგვარებაში და თავიანთ ბინაში შეგვიკედლეს.

არიან აქ ქართველები, რომლებიც 15-20 წელია ემიგრაციაში იმყოფებიან და იმათი გვერდში დგომითა და დახმარებით მოვძებნეთ სამსახურიც და გარემოსაც შედარებით ადვილად შევეგუეთ. ერთმანეთს ძალიან უდგანან გვერდში. „ბიჭებმაც“ თბილად მიმიღეს და მარტოობას ვერ ვგრძნობდი.

შვილები გყავთ? ისინი სად არიან?

შვილებიც და შვილიშვილებიც. ორი ქალიშვილი მყავს: თამთა და ქეთი. ორივე სტუდენტია. უფროსი, თამთა, სოფელ ლიხაურშია გათხოვილი და ორი შვილი ჰყავს, დემეტრე და ლილე, მესამეს მარტის ბოლოს ველოდებით.

ქეთი თბილისში სწავლობს და თან მუშაობს.

ვანო ჩხაიძე მეუღლესთან და უფროს ქალიშვილთან – თამთასთან ერთად
ვანო ჩხაიძე უმცროს ქალიშვილთან – ქეთისთან ერთად

იტალიაში სად ცხოვრობთ, რომელ რეგიონში?

ამჟამად ვიმყოფები სამხრეთ იტალიაში, აპულიის რეგიონში, კონვერსანოში. აქ, ძირითადად, სოფლის მეურნეობას, კერძოდ, მეხილეობა-მევენახეობას მისდევენ. აქაური ფერმერები ფინანსებსა და რესურსებს არ იშურებენ, რომ ბაღ-ვენახი ყოველთვის მოწესრიგებული ჰქონდეთ (დახნული, გასხლული, შეწამლული, აკონილი, სარწყავი სისტემა მუდამ გაახლებულია და მწყობრშია). მოსავლის აღებას ზეიმით ეგებებიან, სახელმწიფოც უწყობს ხელს, მოსავლის ჩაბარება-გასაღების პრობლემა არ აქვთ, ფასიც მისაღებია და ქვეყნის ეკონომიკაც იზრდება. ფერმერი აღებული თანხის უმეტეს ნაწილს ისევ მეურნეობისათვის და გადასახადებში  ხარჯავს. ქართველი მამაკაცები, ძირითადად, ამ პლანტაციებში ვართ დაკავებულები, საათობრივი ანაზღაურებით.

მე რასაც ვხედავ, იტალიაში ყველა შეძლებულად ცხოვრობს, ვერ ნახავთ ღარიბ ოჯახს, მშიერ, ქუჩაში ხელგაწვდილ ადამიანს, ყველა დასაქმებულია და ანაზღაურებაც ნორმალური აქვთ. პენსია და დახმარებებიც საკმარისია საარსებო მინიმუმისათვის კი არა, მომვლელის დასაქირავებლადაც. სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურებას სახელმწიფო აფინანსებს პენსიონერთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. აქაურ მოქალაქეს უზრუნველყოფილი სიბერე აქვს. ქვეყანა ზრუნავს ადამიანზე, უფასებს ნაშრომს, წინა პლანზე აყენებს საკუთარ მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, პატივს სცემს მას და იცის ადამიანური რესურსის, პოტენციალის ფასი.

თქვენს სამუშაოზეც გვითხარით, რით ხართ დაკავებული?

მე და ჩემს მეუღლეს ჩაბარებული გვაქვს ერთი სახლი (ვილა), თავისი ყვავილების ბაღითა და ხეხილით. მეუღლე პარალელურად დღისით მოხუც ქალბატონს უვლის, მე კი, როცა სეზონია (სეზონი კი იანვარ-თებერვლის გარდა სულ არის), ბაღ-ვენახში მუშაობას ვითავსებ საათობრივი ანაზღაურებით.

კორონავირუსის პანდემიამ რა გავლენა მოახდინა თქვენზე?

ხუთი თვის ჩამოსული ვიყავი, იტალიაში ეს საშინელი ვირუსი რომ გავრცელდა (მოგეხსენებათ, იტალიაში მაგ პერიოდში როგორი რთული ვითარება იყო). ერთ თვეში ყველაფერი ჩაიკეტა. იანვარში ახალი შესულები ვიყავით ერთ ოჯახში მე და ჩემი მეუღლე. მოხუცს უვლიდა გულისა. ჩვენდა გასახარად, მეც შემიშვეს, ბინის ქირას აღარ ვიხდიდი. ის იყო, საქმის აწყობაზე ვფიქრობდით, რომ კარანტინის პერიოდში, მარტის ბოლოს, მოხუცი გარდაიცვალა. მართლაც კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ და მაისის ბოლომდე დაგვტოვეს იმ სახლში, თან პროდუქტსაც გვიზიდავდნენ.

მერე ისევ უმუშევრობა და ისევ ბინის ქირაობა… ქირაში 200-250 ევროს ვიხდიდით.

მთავრობის ერთჯერადი დახმარებაც მომიწია, 200 ევროს ვაუჩერი პროდუქტზე და 20 ევროს ვაუჩერი მედიკამენტებზე, ესეც ქართველების დახმარებით. ახლა  300 ევროა დახმარება, მაგრამ უსაბუთოებზე აღარ გაიცემა.

კონვერსანოში პატარა საქართველო გვაქვს – 27-ათასიან ქალაქში 1000-მდე ქართველია, ყველა გვიცნობს და პატივს გვცემენ.

პანდემიამ აგვირია გეგმები და რამდენიმე თვით გადასწია ჩვენი სამშობლოში დაბრუნება; გამოგვატარა ენით აუწერელი გაჭირვება, რაზეც ახლა ყურადღებას არ გავამახვილებ…

უკან დაბრუნებაზე ფიქრობთ?

რა თქმა უნდა! სხვა მიწა-წყალზე ვერ გავძლებ, რაც არ უნდა დიდი ანაზღაურება მქონდეს. ამოვწურავ პირად პრობლემებს და აუცილებლად დავუბრუნდები ჩემს „ღელე-ღურდანს“. თუ ყველაფერი კარგად აეწყო, 2022 წლის შემობრძანება საკუთარ ოჯახში გვინდა აღვნიშნოთ.

იმედია, ყველაფერი „კარგად აეწყობა“, ვანო ჩხაიძეც დაბრუნდება და საყვარელ საქმეს გააგრძელებს: ისევ  მოეწყობა საგრიმიოროში, ნათურებით განათებულ სარკესთან, მოირგებს გრიმს და ერთი-ორი საათით სხვა პერსონაჟად გარდაისახება… მას ხომ ოზურგეთში რეაბილიტირებული თეატრი ელოდება და იქნებ თავისი საუკეთესო როლი ჯერ კიდევ არ უთამაშია…

ესაუბრა ლია კილაძე

ოზურგეთის თეატრის სცენაზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close