fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიაში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შეზღუდვები გამკაცრდა, თუმცა „თეთრი ზონაც“ გამოჩნდა

იტალიაში დღეიდან, პირველი მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები გამკაცრდა ქვეყნის ჩრდილოეთში, ლომბარდიასა (მილანი) და პიემონტში (ტურინი). ეს რეგიონები, აგრეთვე, მარკე ცენტრალურ იტალიაში, ორშაბთიდან „ნარინჯისფერ ზონაში“ გადავიდა, ხოლო მოლიზე და ბაზილიკატა „წითელი ზონის“ რისკის სტატუსს იღებენ. შესაბამის დადგენილებას ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ მოაწერა ხელი Cabina di Regia-ს მონაცემების საფუძველზე. 

როგორც ცნობილია, ე. წ. წითელ ზონებში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები ყველაზე მკაცრია. ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის. კაფეები, ბარები და რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით საღამოს 18:00 საათზე იკეტება, ხოლო „წითელ ზონებში“ ისინი მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობენ.

შემზღუდავი ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება იტალიის ხელისუფლებამ კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო მიიღო, რის შედეგადაც ინფიცირების შემთხვევებმა ისევ იმატა.

ამასთან, იტალიაში „თეთრი ზონაც“ (სადაც ინფექციის გავრცელების რისკი მინიმალურია) გამოჩნდა – ორშაბათიდან, პირველი მარტიდან ამ „სტატუსს“ სარდინია იღებს.

ახლა რეგიონის პრეზიდენტმა კრისტიან სოლინასმა უნდა მოაწეროს ხელი დადგენილებას, რომელშიც განსაზღვრული იქნება თანდათანობითი და კონტროლირებადი გახსნა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსა და სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტთან უნდა იყოს შეთანხმებული, რომლებიც მონაცემების მუდმივ მონიტორინგს აწარმოებენ.

კერძოდ, სოლინასის თქმით, ფიქრობენ იმაზე, თუ რომელ საათზე უნდა დაიკეტოს საზოგადოებრივი კვების ობიექტები, რომლებიც საღამოს საათებშიც იმუშავებენ; აგრეთვე, საუბარია კომენდანტის საათის დროის გადაწევაზეც (რომელიც, მიუხედავად „თეთრი ზონის“ სტატუსისა, სარდინიაზე მაინც შენარჩუნდება).

ახლა, როდესაც სარდინია „თეთრი ზონა“ გახდა, სოლინასის გადაწყვეტილება, რომ კუნძულზე შემსვლელებისთვის აუცილებელი იქნებ ვაქცინაციის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი, უფრო კონტრეტული ჩანს.

რაც შეეხება ვაქცინაციის კამპანიას, „ანსას“ ცნობით, აცრების რაოდენობის ზრდის ტენდენცია გრძელდება და აპრილისთვის დღეში  300 ათასიდან 500 ათასამდე უნდა გაიზარდოს, რათა მიღწეულ იქნას 19 მილიონი აცრა თვეში. ამას იმედოვნებენ შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ვაქცინაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ იმ გათვლით, რომ აპრილში ქვეყანაში Johnson & Johnson-ის ვაქცინაც შევა.

შეთანხმების თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში იტალიამ 7,3 მლნ დოზა Johnson & Johnson-ის ვაქცინა უნდა მიიღოს, რომელიც, როგორც ცნობილია, ერთ დოზად კეთდება, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკასგან“ განსხვავებით.

ფაქტობრივად, „ჯონსონის“ ვაქცინის პირველი პარტია იტალიაში უნდა შევიდეს მაშინვე, როგორც კი ევროპის მარეგულირებელი ორგანო – Ema და იტალიური სააგენტო Aifa ნებართვას მიიღებენ.

აშშ-ის წამლის კონტროლის სააგენტომ (FDA) უკვე გასცა ნებართვა Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინის სასწრაფო გამოყენების შესახებ. აშშ-ში ჩატარებული კლინიკური ცდების დროს Johnson & Johnson-ის ვაქცინამ 72%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close