კრიმინალი

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ – ჩემი შვილი ისტერიულად ტიროდა, თუმცა თავდამსხმელები მაინც არ ჩერდებოდნენ

„ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს ვახო სანაიასა და მასთან ერთად მყოფ პირს, ცოლის ნათესავს რამდენიმე პირი თავს დაესხა.

ვახო სანაია თავდასხმას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ისე სხეულზე.

ვახო სანაია „ფორმულასთან“ საუბრის დროს იხსენებს, რომ კონფლიქტი მასა და თავდამსხმელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო.

„წუხელ, დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, წყნეთის ქუჩაზე, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, რათა შინ მივსულიყავით, ჩვენი მანქანა ვერ ამოვიდა, იყო მოყინული და გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური. ამასობაში, საიდანღაც იქვე, უბანში სამი ადამიანი გამოჩნდა, იმ უბნელები, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ეცნო ჩემს მეუღლეს, მისი ყოფილი მეზობელი იყო. ყველანაირად ცდილობდა ერთ-ერთი, რომ გამოვეწვიე, პროვოცირებდა, გამომყვა იმ დროს, როცა მანქანას ვაწვებოდით, ვეხმარებოდით მაშველებს. მიწვევდა, ვუთხარი, რომ დამანებე თავი, ჩემს საქმეს ვაკეთებ, რომ მანქანა ავიყვანო ჩემს ოჯახთან-მეთქი, სამივე ნასვამი იყო, ჩამოიხსნა შარფივით რაღაც ნაჭერი, ქუდი გადაიხადა და მითხრა, კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა. ვუთხარი, საერთოდ ვერ გხედავ, ვაწვები მანქანას და თავი დამანებე-მეთქი.

ოდნავ მოშორებით გადაინაცვლა და იქედან დაიწყო გინება, შემდეგ შემოუარა ამ მანქანას უკნიდან, ზურგით ვიდექი და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით, მუშტებმოღებელი უნდა დამსხმოდა თავს, ინსტიиქტურად გავიწიე უკან და ეს ადამიანი წაიქცა, მაგრამ მოყინული იყო და მეც წავიქეცი, წაქცეული როცა ვიყავი, ის დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც. ამ დროს ჩემი მეუღლე და ჩემი რძალი გადმოვიდნენ მანქანიდან, რძალსაც აქვს დაზიანებები, მასაც დაარტყეს.

პირდაპირ აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ,„ტვ პირველის“ მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გადმოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე”, – ჰყვება სანაია.

მისი თქმით, ამ დროს მცირეწლოვანი ბავშვი ძიძას მანქანაში ჰყავდა, ის ტიროდა, თუმცა თავდამსხმელები მაინც არ ჩერდებოდნენ.

„ბავშვი ეჭირა ძიძას მანქანაში, წლის და ორი თვის არის, ისტერიკულად ტიროდა, შეეშინდა და მაინც არ ჩერდებოდნენ. მაშველები მოვიდნენ, ჩაერივნენ, შუაში ჩადგნენ და მთხოვეს, რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი, ჩამსვეს მანქანაში… დაინახეს, რომ ბავშვი იყო, ტიროდა, ქალები იყვნენ და ისევ მაინც იწევდნენ მანქანისკენ, ზედ გადაუარეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს. რძალმა დარეკა საპატრულო პოლიციაში, მოვიდნენ და იქვე დააკავეს ესენი და ჩვენ გადაგვიყვანეს გამოკითხვაზე“, – ამბობს სანაია.

ვახო სანაიას ცოლი ფეისბუქზე წერს, რომ ვახო სანაიას დაუდასტურდა ტვინის შერყევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close