fbpx
ვიდეოპაატა სიმსივეს ბლოგი

თბილისში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტებს საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი ემოციური პოსტით ეხმაურება

რამდენიმე დღის წინ თბილსის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და გამოაქვეყნა ვიდეო გასულ წელს თბილისში მომხდარი ვანდალიზმის ფაქტების შესახებ. ამ ნამდვილად მძიმე კადრებს საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი პაატა სიმსივე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

ქუთაისში 90-იანებში ერთი უმნიშვნელო პოზიტივიც კი ხალხში დიდი გამოხმაურების და მითქმა-მოთქმის საგანი ხდებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით ბავშვები გამოვირჩეოდით. მახსოვს ძველი ტროლეიბუსები შეღებეს, „კოკა-კოლა“ დააწერეს და მეორე დღეს, სკოლაში მიმავალი, ყველა იმაზე ვლაპარაკობდით, ქალაქში „კოკა-კოლას“ ახალი ტროლეიბუსები დადისო.

რაღაცა მომენტში იმ „კოკა-კოლას“ ერთ-ერთ ტროლეიბუსს მინა გაუტყდა, მინა ვერ იპოვეს ალბათ და მის მაგივრად ფანერა ააკრეს.

მოკლედ, „კოკა-კოლას“ ტროლეიბუსი „გაბანძდა“, მაგრამ იმ პერიოდში ჩვენი ქალაქისთვის მოხდა რაღაც სასწაული: 1 ნომერ ავტობუსის ხაზზე, წრიულზე, შემოიყვანეს ახალთახალი ავტობუსი. ამდენი უღიმღამო „იკარუსის“ ფონზე ეს იყო საოცრება. რა თქმა უნდა, მისი გამოჩენის პირველსავე დღეებში „ვეწვიე“. სადმე არც ვიყავი წასასვლელი, უბრალოდ, მინდოდა მეც მენახა. ინტერიერი ძალიან განსხვავებული ჰქონდა, ჩაწიკწიკებული რბილი სკამებით და ისე დადიოდა, მოტორის ხმა თითქმის არც ისმოდა.

დაახლოებით ერი თვის მერე კიდევ მომიწია იმ ავტობუსით მგზავრობამ. ავედი და რას ვხედავ: ერთ-ერთი სკამი გაჭრილი იყო, ვიღაცამ ეტყობა დანა დაუსვა; იმ დროს „ბაბოჩკა“ ყოველ მეორეს ედო ჯიბეში. ძალიან მეწყინა. იმ გაფატრული სკამის სურათი დღემდე ჩამრჩა მეხსიერებაში. დაახლოებით 1 წლის თავზე იმ ავტობუსში კიდევ მეტი გაჭრილი და გაკერილი სკამები შეგხვდებოდათ. ამას გარდა, მომრავლდა აქა-იქ ამოკაწრული სახელები, „შაკო“, „მაკო“, „ნუკა“, შმუკა“ და ჯანდაბა.

მაშინ პატარა ვიყავი და როცა წარმოვიდგენდი, როგორი გამოსახულება შეიძლებოდა ჰქონოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებდნენ, მეგონა, რომ რაღაც ურჩხულის სახეები ექნებოდათ. ახლა ვუყურებ ამ ვიდეოს და ვხედავ ახალგაზრდა ადამიანებს, როგორ იქცევიან. განსაკუთრებით ის მომენტი მომხვდა ცუდად გულზე, პატარა ბავშვების საქანელებს რო ამტვრევენ.

თაობების ცვლა პირადად ჩემთვის იყო ერთადერთი იმედი, რომ საქართველო ძირეულად შეიცვლებოდა და ყოველთვის, როცა ახალგაზრდები ასე იქცევიან, განსაკუთრებით იმედგაცრუებას იწვევენ ჩემში. ალბათ იმიტომაც, რომ ბოლომდე გააზრებული არა აქვთ, რამხელა მისია აკისრიათ: ისინი ცხოვრობენ თავიანთი მშობლების და წინა თაობების დანატოვარ რთულ მემკვიდრეობაში და მათი ვალია, რომ ეს გარემო მთლიანად შეცვალონ და არა პირქით – გააუარესონ.

რამდენი წელი გავიდა იმ ამბიდან, რაც მოვყევი და ამ ვიდეოს ყურების მერე ისევ ის გრძნობა დამეუფლა, რაც მაშინ – იმ დაჩეხილი ავტობუსის ყურებისას. ვითომ რაღაც მომეტში ქვეყანა შეიცვალა, დასავლეთისკენ გავიხედეთ. თუმცა დროდადრო ასეთი ხალხი გვახსენებს, რომ სინამდვილეში ჩვენ ვართ ძველი, საბჭოური, მინაჩამტვრეული და ფანერააკრული ტროლეიბუსი, უბრალოდ, „ფასადზე“ დავიწერეთ „კოკა-კოლა“ და გვგონია, რომ დასავლური ეტიკეტით რაღაც გარდატეხას მივაღწიეთ. თუ ახალმა თაობამაც იგივე შეცდომები გაიმეორა, გამოდის, ტყუილად გვიცხოვრია და რასაც ვაკეთებთ, არაფერს აზრი არ ჰქონია…“ – წერს პაატა სიმსივე.

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close