ინდიელების მაგია ანუ უაღრესად სასარგებლო ჩია
ჩიას ანუ „ძალას“ იღებდნენ მნიშვნელოვანი საქმის წინ, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა. ჩიას შემადგენლობაში კალციუმი ხუთჯერ მეტია, ვიდრე რძეში, ორჯერ მეტია ცილა, ვიდრე ყველა სხვა მარცვლოვანში, ორჯერ მეტია კალიუმი, ვიდრე ბანანში და ა.შ.
ჩია (chia), ანუ ესპანური სალბი (Salvia hispanica) ადამიანს 4 ათას წელზე მეტია, რაც მოჰყავს. ის სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაშია გავრცელებული. ბევრი ინდიელი ტომისთვის მცენარე მთავარი სამრეწველო კულტურა იყო. მათ შეამჩნიეს, რომ ჩიის მიღებით იზრდებოდა ორგანიზმის ამტანობა და დაიწყეს მისი მიღება – ჭამდნენ მთლიანს, დაქუცმაცებულს იყენებდნენ ფქვილის სახით და მისგან ზეთსაც ხდიდნენ.
„ჩია“ ამ მცენარეს ერთ-ერთმა სამხრეთამერიკულმა ტომმა უწოდა, რომლის ენაზეც „ჩია“ ძალას ნიშნავს. მის თესლს იყენებდნენ მნიშვნელოვანი საქმის წინ, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა.
მცენარეს ერთი უჩვეულო თვისებაც აქვს – მას ბაღში სიბინძურის დაგროვების აღკვეთა შეუძლია. საკმარისია ჩიის თესლი ეზოს ბნელ ნაწილში დაყაროთ, რომ წამოიზრდება, ის მაშინვე დაიწყებს ჭუჭყის შეწოვას და გაზონს გაასუფთავებს.
ჩიის თესლი, ძირითადად, თეთრი, შავი, ნაცრისფერი ან ყავისფერია. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, განსხვავება ფერში მისი მოყვანის ადგილით არის განპირობებული, ასე რომ, ეს მის სასარგებლო თვისებებზე გავლენას არ ახდენს. ერთადერთი, თუ ჩიის თესლი წითელია, ეს ნიშნავს, რომ ის ნაადრევად არის აღებული.
ხალხური მედიცინის თანახმად, თეთრი თესლი, რომელიც მექსიკაში და სამხრეთ ამერიკაში მოჰყავთ, განსაკუთრებულ შედეგს იძლევა ალერგიასთან, ანემიასთან, ჰორმონულ დარღვევებთან ბრძოლაში, ხოლო შავი თესლი, რომელიც სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული, შედეგიანია დიაბეტთან, ქოლესტერინის მაღალ დონესა და ციებ-ცხელებასთან ბრძოლაში.
ჩიის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ჩია ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნამდვილი საბადოა.
უპირველესად, ის ანტიოქსიდანტების წყაროა – ამ მცენარეში ანტიოქსიდანტების რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე მოცვში.
ჩიის თესლი (ორი სუფრის კოვზი) შეიცავს 30% სასარგებლო ცხიმებს, 16% ცილებს, 40% ნახშირწყლებს, 38% ომეგა-3-ს, უჯრედისს, ვიტამინებს – В1, В2, В3, А, С, Е, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ფოლიუმის მჟავას, სპილენძს, თუთიას, ცილებსა და ნახშირწყლებს, აგრეთვე, საკვებ ბოჭკოებს. კალორიულობა: 100 გრამზე 512 კკალ.
ესპანური სალბი, ასევე, შეიცავს უჯრედისს, რომელიც, როგორც ცნობილია, სითხეს შთანთქავს, ეს კი გახდომისთვის ძალზე სასარგებლოა. ამ პატარა თესლს თავის წონაზე 12-ჯერ მეტის შესრუტვა შეუძლია, ამიტომ როდესაც კუჭში ხვდება, ის დანაყრების შეგრძნებას იწვევს.
ჩიის თესლში ბევრია ომეგა 3 და ომეგა 6.
ჩიის შემადგენლობაში კალციუმი ხუთჯერ მეტია, ვიდრე რძეში, ორჯერ მეტი ცილა, ვიდრე ყველა სხვა მარცვლოვანში, ორჯერ მეტი კალიუმი, ვიდრე ბანანში და ა. შ.
შეადარეთ თვალსაჩინოებისათვის: 100 გრამი ჩიის თესლი შეესაბამება:
- 545 მილიგრამ რძეს, როგორც კალციუმის წყარო;
- 294 გრამ შვრიას, როგორც უჯრედისის წყარო;
- 900 გრამ ფორთოხალს, როგორც ანტიოქსიდანტების წყარო;
- 178 გრამ ბანანს, როგორც კალიუმის წყარო;
- 992 გრამ ორაგულს, როგორც ომეგა 3-ის წყარო;
- 216 გრამ თხილს, როგორც მაგნიუმის წყარო;
- 400 გრამ ისპანახს, როგორც რკინის წყარო.
ჩიის სამკურნალო თვისებები შესანიშნავ შედეგებს იძლევა რეგულარული მოხმარებისას.
- ჩია აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას;
- ხელს უწყობს წონაში დაკლებას;
- ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით ის ამტკიცებს ძვლის ქსოვილს, კბილებს. ჩია ძალიან კარგად მოქმედებს რევმატოიდული ართრიტით, ოსტეოართროზით და, ზოგადად, სახსრების პრობლემების მქონე ადამიანებზე;
- არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს გულსისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობას. ომეგა 3-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს გულსისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობისთვის. ის თითქმის ყველა ნერვულ, ფსიქიკურ პროცესში მონაწილეობს. ბარიერს უქმნის თრომბის წარმოქმნას;
- ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არის ათეროსკლეროზის პროფილაქტიკური საშუალება;
- ამცირებს არტერიულ წნევას;
- აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას, ძილს;
- აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას;
- იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან;
- აწესრიგებს მეტაბოლურ პროცესებს;
- აუმჯობესებს ენდოკრინულ სისტემას, აწესრიგებს ჰორმონების გამომუშავების პროცესს;
- ამაღლებს ორგანიზმის სტრესისადმი მდგრადობას;
- ჩიის თესლი ძალიან კარგია კანისთვის. ანელებს კანის დაბერების პროცესს.
ჩიის მიღების წესები
ჩიის მიღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს და მათ ერთი აქვს საერთო – ის, რომ ჩიის თესლი აუცილებლად სითხესთან ერთად უნდა მიიღოთ.
ჩიის თესლი უნდა ჩაალბოთ. აუცილებელი არ არის, რომ მდუღარე წყალი დაასხათ. ასევე, შეგიძლიათ დაალბოთ ის მაწონში, რძეში, იოგურტში, შეურიოთ საკვებს, ხილის წვენებს, აგრეთვე, დიდი მოცულობის ჭიქაში ჩვეულებრივ ჩაის 1 კოვზი ჩიის თესლი დაუმატოთ.
ჩალბობიდან 30-40 წუთში ის ჟელესმაგვარი ხდება, თუმცა მიღება უკვე 10 წუთშიც შეიძლება. შეგიძლიათ ჩიის თესლი პირდაპირ კარგად დაღეჭოთ და ისე მიიღოთ, ოღონდ აუცილებლად უნდა დააყოლოთ საკმარისი რაოდენობის წყალი.
რამდენი ჩია შეიძლება მივიღოთ, ამასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა მოსაზრება არსებობს – ერთი ჩაის კოვზიდან დაწყებული ოთხი (და ზოგან ექვსიც) სუფრის კოვზით დამთავრებული. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ მიღებას 1 ჩაის კოვზით დაიწყებთ და შემდეგ ოპტიმალურ ვარიანტზე – 2-4 ჩაის კოვზზე შეჩერდებით.
ჩია შეგიძლიათ სხვადასხვა კერძში შეურიოთ, მისგან ფაფები მოამზადოთ და სხვა.
ჩიის მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავებისას, დაბალი არტერიული წნევის, ორსულობისა და ძუძუთი კვების, კბილების მკურნალობის, ალერგიის, დიარეის, მოწამვლის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. ბავშვებისთვის ჩიის თესლი რეკომენდებულია სამი წლიდან.
ჩიის აუტანლობა იშვიათად გვხვდება, მაგრამ, მაინც, თავდაპირველად ჯობს ის მცირე რაოდენობით მიიღოთ და დოზა შემდეგ გაზარდოთ.
გაითვალისწინეთ:
ჩია ბნელ ცივ ადგილზე შეინახეთ და თერმულად ნუ დაამუშავებთ, ასე თავის თვისებებს შეინარჩუნებს.
გამოყენების წინ გარეცხეთ.
არ მიიღოთ სამ თვეზე მეტხანს. დაისვენეთ მინიმუმ ერთი თვე და შემდეგ შეგიძლიათ კვლავ განაგრძოთ მისი მიღება.
კომენტარები