საზოგადოებაინტერვიუ

როგორ მივიღოთ თბილისში ბინა ერთ ლარად: ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა

თბილისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად უკანონებს. ვის შეუძლია თვითნებურად დაკავებული ფართის დაკანონება, რა პროცედურებია გასავლელი და რა ვადებში ხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა:

– უკვე წლებია მუნიციპალიტეტი თვითნებურად დაკავებულ ფართებს საკუთრებაში გადასცემს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფართებში ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ვერ ახერხებდნენ ფართის დაკანონებას. კონკრეტული წლები განსაზღვრული არ არის, რადგან ეს ფასდება ინდივიდუალურად. ზოგიერთი ოჯახი 10 წელი ცხოვრობს, ზოგი – 30, და შემდეგ დაუკანონდათ ფართები. მინიმალური დრო არის 10 წელი. ყველა შემთხვევას სწავლობს გამგეობა, შემდეგ მზადდება მონაცემები და გადის მთავრობის სხდომაზე, სადაც ხდება გადაწყვეტილების მიღება.

2017 წლიდან დღემდე სიმბოლურ 1 ლარად ფართი საკუთრებაში 1400-მდე ოჯახს გადაეცა.

ვის აქვს აღნიშნული პროექტით სარგებლობის უფლება?

თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე წლების განმავლობაში მწვავედ იდგა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართებში ხანგრძლივი დროით მცხოვრებთა პრობლემა. სწორედ ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას. თუმცა ეს არ ეხება დევნილებს, აღნიშნულ საკითხზე მათ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.

რა პროცედურებია გასავლელი და რა სახის საბუთები უნდა წარადგინოს მოქალაქემ?

მოკვლევას აწარმოებენ გამგეობები. საჭიროა მოქალაქის განცხადება, დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

რა ვადებში ხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება?

გამგეობის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე ფართის გადმოცემის მოთხოვნის წერილი ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ფართების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის შემდგომ კი სსიპ ქონების მართვის სააგენტო ინიცირებას უკეთებს პროექტს და წარადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. ვადებს რაც შეეხება, განსაზღვრული არ არის.

ამ მიმართულებით რამე სიახლე ხომ არ იგეგმება მომავალში?

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კვლავ აგრძელებს წლობით დაუკანონებელი ფართების მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესს, რათა კიდევ უფრო მეტმა ოჯახმა შეძლოს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართის, ბინის საკუთრებაში მიღება.

მარი ნებიერიძე

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close