ეკონომიკაკულტურასაქართველო

ქართული ანბანის ფორმის კოტეჯები და გალერეები – უნიკალური ტურისტული ცენტრი (ფოტოები)

ტერიტორიის გარე კონტური საქართველოს რუკის ფორმას იმეორებს

ქართული ანბანის ასობგერებისგან შემდგარი, საქართველოს რუკის ფორმის ახალი ტურისტული ცენტრის გეგმა არქიტექტურულ კომპანია „არტიტექს“ ეკუთვნის. ამ შესანიშნავ პროეტზე გამოცემა „კომერსანტთან“ იდეის ავტორმა, არქიტექტორმა დადუნა შათაშვილმა ისაუბრა. 

„იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყოს ტურისტული ცენტრი, სადაც თითოეული ასობგერა იქნება ტურისტისთვის ღამის გასათევი ადგილი, რომელსაც იქირავებს. ეს შეიძლება იყოს სტანდარული სასტუმროს ნომრის ტიპის ოთახი, რომელშიც უცხოელი ტურისტი თანხას გადაიხდის. ასობგერის რამდენიმე ნაწილი შეიძლება ამ ფუნქციით დაიტვირთოს, რაღაც ნაწილი შეიძლება იყოს საგამოფენო პავილიონი და ა.შ. თითოეული ობიექტი მცირე ზომის არის, მაგრამ საკმაოდ ფუნქციურია და შესაძლებელია სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდეს. სივრცე დაახლოებით უტოლდება 30-40 კვადრატულ მეტრს. პროექტში გათვალისწინებულია ანბანის 33-ვე ასო“, – განმარტავს არქიტექტორი.

ანბანის ასოები განაწილებულია საქართველოს რუკის იმიტირებულ კონტურზე ანუ ცენტრის ტერიტორიის ეს გარე კონტური საქართველოს რუკის ფორმას იმეორებს. ამასთან, ბილიკები ისეა განლაგებული, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხე გამოიყოფა ერთმანეთისგან. ტურისტული ცენტრის მთლიანი ფართობი 10 000 კვადრატულ მეტრს ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელებისთვის ოპტიმალურ ადგილად არქიტრქტორს თბილისი ან თბილისის მიმდებარე ტერიტორია მიაჩნია, „რათა რაც შეიძლება მეტი ტურისტისთვის იყოს ეს  სივრცე ხელმისაწვდომი. დიდი დელეგაციებისთვის, რომლებიც თბილისს სტუმრობენ ხოლმე, ეს ძალიან კარგი ადგილი იქნება“.

„აქცენტი გაკეთებულია საქართველოს ისტორიაზე, ქართულ დამწერლობაზე. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს  შენობებად ექცია ჩვენი ქართული უნიკალური ანბანი ფასადებზე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც გალერეა, ისე კომერციული ფართი; გვინდა, რომ გარეთ მოსიარულე ადამიანებისთვისაც ამ სკვერში ეს ასობგერები ისტორიას ჰყვებოდნენ. ამისთვის გამოვიყენეთ ფრაგმენტები, ძირითადად, აფხაზეთის ტაძრების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან. რადგან საქართველოში ჩამოსული ტურისტი აფხაზეთში ვერ მიგვყავს, ვიფიქრეთ, რომ ამ ფორმით გადმოვცეთ ინფორმაცია. ნებისმიერი სივრცე შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც კოტეჯი, გალერეა, კვების ობიექტი ქართული სამზარეულოს დემონსტრირებისთვის და ა.შ.“, – ამბობს დადუნა შათაშვილი.

არქიტექტორის თქმით, პროექტზე „არტიტექის“ გუნდმა – ლევან ოთარაშვილმა და გიორგი ვოლსკიმ იმუშავეს: „იდეა ცოტა ხნის წინ გავაჟღერეთ, მაგრამ უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესება შემდგომში მის რეალიზებასაც შეუწყობს ხელს“.

წყარო: კომერსანტი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close