ჩინეთმა წარადგინა მატარებელი, რომელიც 620 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს
ჩინეთის სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენდუში მდებარე სამხრეთ-დასავლეთ ჯიაოტუნის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ჩქაროსნული მატარებლის ახალი პროტოტიპი წარადგინეს, რომელსაც 620 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. სატრანსპორტო საშუალება მოძრაობისთვის მაღალტემპერატურულ ზეგამტარ ტექნოლოგიას იყენებს, რომლის დახმარებითაც ის ლიანდაგის ზედაპირთან შეხების გარეშე, მაგნიტური ძალის დახმარებით გადაადგილდება.
ჩენდუში გამართულ ღონისძიებაზე მედიას ჩქაროსნული მატარებლის პროტოტიპთან ერთად ამ უკანასკნელის სადემონსტრაციოდ განკუთვნილი სპეციალური 165-მეტრიანი სარკინიგზო ხაზიც წარუდგინეს. მეცნიერთა განცხადებით, სატრანსპორტო საშუალება ექსპლუატაციისთვის 3-იდან 10-წლამდე დროის პერიოდში იქნება მზად. როგორც ცნობილია, სპეციალისტები უახლოეს მომავალში მატარებლის სიჩქარის 800 კმ/სთ-მდე გაზრდას შეეცდებიან. პროექტის განხორციელება, რომელშიც სამხრეთ-დასავლეთ ჯიაოტუნის უნივერსიტეტთან ერთად სამშენებლო კონგლომერატი China Railway Group Limited და სარკინიგზო ტრანსპორტის მწარმოებელი კომპანია CRRC Corporation Limited მონაწილეობდა, დაახლოებით 9,3 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში უდიდეს სახელმწიფოში ამ დროისთვის 37900 კილომეტრი სიგრძის ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელია განლაგებული.
მაგნიტური ძალის დახმარებით მართვადმა პირველმა მატარებელმა ჩინეთში ფუნქციონირება 2003 წლიდან დაიწყო. სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 431 კმ/სთ-ია, ერთმანეთთან აკავშირებს შანხაიში მდებარე პუდონგის საერთაშორისო აეროპორტისა და ლონგიანგის ავტომაგისტრალის სადგურებს. 2022 წელს პეკინში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე კი ჩინეთი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას ისახავს მიზნად.
მაგალითისთვის, 2020 წლის დასაწყისში პეკინსა და ქალაქ ჯანჯიაკოუს შორის ახალი 174-კილომეტრიანი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი გაიხსნა, რის შედეგადაც აღნიშნულ ობიექტებს შორის მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათიდან 47 წუთამდე შემცირდა. მიმდინარე თვის დასაწყისში კი ჩინეთმა ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული კიდევ ერთი მატარებელი წარადგინა, რომელსაც გადაადგილება -40 °C ტემპერატურის პირობებშიც შეუძლია. სატრანსპორტო საშუალება, რომლის სიჩქარეც 350 კმ/სთ-ია, პეკინს, შენიანსა და ჰარბინს შორის იმოძრავებს.
კომენტარები