პოლიტიკასაქართველო

ხატი, პატიმრების ნაცვლად? – რას ითხოვდნენ ჟენევაში

დეკემბერში, ჟენევის დისკუსიის ბოლო რაუნდზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო რეჟიმს მის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას სთხოვდნენ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი კი ამავე შეხვედრაზე ოქონის ტრიპტიკონის დაბრუნებას მოითხოვდა.

რადიო თავისუფლების წყარო, რომელიც ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, გვეუბნება, რომ მურატ ჯიოევმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს დელეგაციის მოთხოვნები მოისმინა. მისი თქმით, ეს არ იყო, პირდაპირი გაგებით, გაცვლის შეთავაზება, თუმცა ჯიოევმა იქვე აღნიშნა, ხატის დაბრუნება ჰუმანიტარული საკითხია და თუ ეს მოხდება, სხვა საკითხებზე მოლაპარაკება უფრო გაადვილდებაო.

პრეტენზია ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობაზე

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დე ფაქტო ხელისუფლება ოქონის ტრიპტიკონის დაბრუნებას ითხოვს. მსგავსი რამ 2018 წლის შეხვედრაზეც გაისმა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხის განხილვაზე არც მაშინ ფიქრობდა და არც ახლა აპირებს.

რადიო თავისუფლებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან დაუდასტურეს, რომ ჯიოევმა ეს საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა, მაგრამ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ის რეაგირების გარეშე დატოვეს.გარდა ამისა, 2018 წელს ოსურმა მხარემ მოითხოვა თრუსოს ხეობაში ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების შესამოწმებლად ოსი ექსპერტების დაშვებაც. ტერიტორიულ და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე პრეტენზიებს ოსური მხარე, როგორც წესი, იმ დროს აცხადებს, როცა საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებულთა გათავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვას და სხვა ინციდენტებზე პასუხს ითხოვს.

ოქონის ხატი-ტრიპტიკონი – ელენე დედოფლის მზითვი, მისი წარმოშობის და მოგზაურობის ისტორია

მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, ტრიპტიკონი საქართველოში ბაგრატ IV-ის მეუღლემ, დედოფალმა ელენემ, ბიზანტიიდან მზითვად ჩამოიტანა, მე-12 საუკუნეში კი თამარ მეფემ გორში ოქონის ტაძარი ააშენა და იქ ოქონის ტრიპტიკონის დასვენება ბრძანა. ოქონის ტრიპტიკონი მე-12 საუკუნიდან გორის მფარველ ხატად ითვლება.

ოქონობის დღესასწაულის ტრადიცია თამარ მეფის სახელს უკავშირდება და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება. ამ დღეს გორელები აღდგომის მესამე დღეს ახლაც აღნიშნავენ და მას ამჟამად რელიგიურ-სახალხო დღესასწაულის სახე აქვს.

სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი არიან გამოსახულნი. ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშად ითვლება და მე-10 საუკუნის მიწურულით თარიღდება.

ოქონის ხატი-ტრიპტიკონი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, 1991 წელს, ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა. ხატი ცხინვალის მუზეუმში 1925 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადაიტანეს. ოქონის ტრიპტიკონი ხელახლა ჩნდება 2001 წელს. იგი კრისტის აუქციონზე გასაყიდად გამოაქვს რუსეთის მოქალაქე ოლეგ ზემლიანიკოვს. სპეციალურმა კომისიამ მისი საწყისი ფასი 2 მილიონი აშშ დოლარით განსაზღვრა. ამ ამბავმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 3 წელი გრძელდებოდა კვლევა და, საბოლოოდ, ტრიპტიკონი საქართველოს 2004 წელს დაუბრუნდა. ექსპონატი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.

შემოკლებული ვერსია. სრულად წაიკითხეთ აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close