საბერძნეთში დაკეტილი მაღაზიები ისევ გაიხსნა – რა წესები მოქმედებს და როდის დასრულდება ლოქდაუნი?
შეზღუდვების წესების დამრღვევებისთვის ჯარიმები გაიზარდა
დღეიდან, 18 იანვრიდან საბერძნეთში საცალო ვაჭრობის ყველა მაღაზია გაიხსნა, რომლებიც 7 ნოემბრის შემდეგ დაკეტილი იყო, ე. წ. „წითელი ზონების“ გარდა, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. გაიხსნა, აგრეთვე, მომსახურების ობიექტები – საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები და ავტოტექმომსახურების ცენტრები, თუმცა მათ გახსნასთან ერთად ახალი წესებიც მოქმედებს. ამის შესახებ, 15 იანვარს კირიაკოს მიცოტაკისის გამოსვლის შემდეგ, დეტალური განმარტება განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა ადონის გეორგიადისმა გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, 18 იანვრიდან სამუშაოს დაუბრუნდა 140 ათასამდე ადამიანი.
საცალო ვაჭრობის მაღაზიაში ვიზიტი (ან სოციალური მომსახურების მიღება) ხორციელდება SMS-ის გაგზავნით ნომერზე 13033 და მომხმარებელს სულ 2 საათი აქვს, რომ იყიდოს საჭირო პროდუქცია და სახლში დაბრუნდეს.
ამას გარდა, არსებობს შეზღუდვა მაღაზიაში, საპარიკმახეროში ან სალონში ერთდროულად მყოფი კლიენტების რაოდენობაზე, ფართობის შესაბამისად. სანიტარიული პროტოკოლი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ადრინდელი რეჟიმი.
უფრო დაწვრილებით იმის შესახებ, როგორია მთავრობის მიერ დადგენილი ახალი წესები:
- კომენდანტის საათი მოქმედებს 21:00-იდან 05:00 საათამდე;
- არამიზნობრივი გადაადგილების აკრძალვა შენარჩუნდა;
- ისევ მოქმედებს sms-ის რეჟიმი – ანუ სახლიდან გამოსვლის წინ უნდა გაგზავნოთ შეტყობინება ნომერზე: 13033; SMS-შეტყობინება საღამოს 8 საათის შემდეგ აღარ იგზავნება.
მაღაზიებში ვიზიტი
- მაღაზიაში წასვლის წინ უნდა გაგზავნოთ SMS-შეტყობინება ნომერზე 13033, ოპციით 2, ან ფორმა-ცნობა გადაადგილების შესახებ, ან საკუთარი ხელით დაწერილი განცხადება გადაადგილების თაობაზე;
- მომხმარებელმა უნდა შეინახოს 13033-ზე გაგზავნილი შეტყობინება, რათა შემოწმების შემთხვევაში დაადასტუროს მისი გაგზავნის და სახლიდან გამოსვლაზე თანხმობის მიღების დრო;
- მომხმარებელს მაღაზიაში ყოველი სტუმრობისთვის აქვს 2 საათი, რაც ნიშნავს, რომ ესემესის გაგზავნიდან და ავტომატური შეტყობინება-დასტურის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში უნდა მოასწროს მაღაზიაში წასვლა, საჭირო პროდუქციის ყიდვა და სახლში დაბრუნება.
რამდენი მომხმარებელი დაიშვება ერთდროულად მაღაზიაში
- მაქსიმალური დასაშვები რაოდენობაა – 4 ადამიანი 100 კვ. მეტრამდე ფართობის მაღაზიაში (აგრეთვე, საპარკმახეროში ან სილამაზის სალონში);
- 100 კვ. მეტრზე მეტი ფართობის მაღაზიაში ერთდროულად დაიშვება 1 მომხმარებელი ყოველ 25 კვადრატულ მეტრზე (ადრე განსაზღვრული იყო 1 მომხმარებელი 15 კვ. მეტრზე);
- სალაროსთან მოლოდინის დროს მომხმარებლებს შორის უნდა იყოს დაცული დისტანცია 2 მეტრი.
გაზრდილი ჯარიმები
მთავრობამ მიიღო ჯარიმების გაზრდის გადაწყვეტილება: ფიზიკური პირებისთვის – კიდევ 200 ევროთი (300 ევროს ნაცვლად ჯარიმა შეზღუდვების წესების დარღვევისთვის 500 ევრო გახდა), ხოლო იურიდიული პირებისთვის – 50%-ით. პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 25 იანვრიდან. მაღალი რისკის ზონებში (ე. წ. წითელი ზონა) კომერციული მაღაზიები იმუშავებენ პროდუქციის გარეთ გატანით (Click away) ანუ მომხმარებლებს მაღაზიის შიგნით არ შეუშვებენ.
საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები და სხვ.
კლიენტისთვის განკუთვნილ სავარძლებს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრი დაშორება. კლიენტები წინასწარ უნდა ჩაეწერონ ელექტრონული ფორმით ან ტელეფონით. დაწესებულებამ სამუშაო დღის დასაწყისში უნდა შეადგინოს ჩაწერილი კლიენტების სია, რომელსაც შემოწმების შემთხვევაში აუდიტორს უჩვენებს. დამცავი პირბადე აუცილებელია როგორც პერსონალისთვის, ისე კლიენტებისთვის. რეკომენდებული სამუშაო საათებია: 07:00-20:00.
მთავრობა არ აკონკრეტებს, როდის იგეგმება საბერძნეთში კარანტინის მოხსნა, თუმცა მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ლოქდაუნის რეჟიმის დასრულება უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი.
პანდემიასთან დაკავშირებით თავის გამოსვლაში რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფინანსური დახმარებები გაფართოვდება: კერძოდ, თებერვალში ქირის თანხის ანაზღაურება მოხდება 80%-ით, ამასთან, უმუშევრობის დახმარების გაცემაც ისევ გაგრძელდება. „2020 წელს გამოვყავით 24 მილიარდი ევრო – მშპ-ის თითქმის 15% – და ვიმეორებ, რომ სახელმწიფო ისევ მისცემს კომპენსაციას მათ, ვინც სამუშაოს გარეშე დარჩა, არავის დავტოვებთ დახმარების გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები