1918 წელი. 17-18 ივლისი. ღამის 3 საათი. ტუსაღებმა სარდაფის 23 საფეხური უშიშრად ჩაიარეს. კომისარი იუროვსკი იმპერატორს ეახლა – ნიკოლაი ალექსანდროვიჩ, ურალის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილებით, თქვენ და თქვენი ოჯახი უნდა დაიხვრიტოთ!
იმპერატორი დაუფიქრებლად შებრუნდა თავისი ოჯახისკენ. ხელები გაშალა, გადაეფარა. დედოფალმა და ოლღამ პირჯვრის გამოსახვა დააპირეს.
ავტომატებმა ერთდროულად გაისროლა. იატაკზე დაცემულებს ხიშტებით მოუღეს ბოლო. მკვლელებმა დახოცილები გაძარცვეს. გვამები სატვირთო მანქანაზე შეყარეს. მზის ამოსვლამდე სხეულები ტყეში გადაიტანეს. ორმოში ჩაყარეს.
ეს რომანოვების 23-ე, დაღმავალი საფეხურის ოფიციალური ვერსიაა. ალტერნატიულ ვერსიაში კი ოჯახმა სხვა კიბეები, სხვა სივრცეები და ისტორიები გაიარა.
პრეისტორია
რუსეთის ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ რომანოვი (ნიკოლოზ II) ტახტზე 1894 წლის 2 ნოემბერს (ძველი სტილით 21 ოქტომბერი) ავიდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 15 მარტს (ძველი სტილით 2 მარტი) ნიკოლოზ II-მ, თავისი და უფლისწულ ალექსეის სახელით, ხელი მოაწერა სამეფო ტახტზე უარს უმცროსი ძმის, მიხაილ ალექსანდრეს ძის სასარგებლოდ, რომელიც რევოლუციური ძალების წნეხის გამო ტახტზე აღარ ავიდა.
ტახტზე უარის თქმის შემდეგ, 1917 წლის მარტიდან აგვისტომდე ნიკოლოზი ოჯახთან ერთად ცარსკოე სელოში, ალექსანდრეს სასახლეში იმყოფებოდა პატიმრობაში. დროებითი მთავრობის სპეციალური კომისია ნიკოლოზ მეორისა და მისი მეუღლის, ალექსანდრა თევდორეს ასულის სასამართლოსთვის გადასაცემად მასალებს სწავლობდა. მათ სამშობლოს ღალატში ედებოდათ ბრალი. კომისიამ ვერ მოიპოვა მათი დანაშაულში მამხილებელი დოკუმენტები და ამიტომ დროებითი მთავრობა მათ საზღვარგარეთ, დიდ ბრიტანეთში გასახლებაზე ფიქრობდა.
პეტროგრადში ანტირომანოვული განწყობის ზრდის გამო 1917 წლის აგვისტოში პატიმრები ტობოლსკში გადაიყვანეს.
1917 წლის რევოლუციისა და ხელისუფლებაში ბოლშევიკთა მოსვლის შემდეგ სამეფო ოჯახის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბოლშევიკური ხელმძღვანელობის ძირითად იდეად იმპერატორისათვის ღია სასამართლოს ჩატარება იქცა. 1918 წლის აპრილში რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა რომანოვების მოსკოვში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ყოფილი მეფის სასამართლოსთვის გადაცემას ემხრობოდა ვლადიმერ ლენინი, ნიკოლოზ II-ის მთავარ ბრალმდებლად ლევ ტროცკი მოიაზრებოდა, თუმცა გაჩნდა ცნობები, რომ მეფის გატაცების მიზნით „თეთრგვარდიელთა შეთქმულება“ იგეგმებოდა, და რომ ამისათვის ტიუმენსა და ტობოლსკში „შეთქმული ოფიცრები“ იყრიდნენ თავს. ამიტომ 1918 წლის 6 აპრილს რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა სამეფო ოჯახის ურალში გადაყვანა გადაწყვიტა. სამეფო ოჯახი ეკატერინბურგში, იპატიევის სახლში გადაიყვანეს.
ბელოჩეხების ამბოხებამ და თეთრგვარდიელთა არმიის შეტევამ ეკატერინბურგზე ყოფილი მეფის დახვრეტის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დააჩქარა.
სამეფო ოჯახის ყველა წევრის, ექიმ ბოტკინისა და სახლში მყოფი მოსამსახურეების დახვრეტის ორგანიზება განსაკუთრებული დანიშნულების სახლის კომენდანტს იაკობ იუროვსკის დაეკისრა.
დასჯის სცენა ცნობილი გახდა საგამოძიებო პროტოკოლებიდან, მონაწილეების, თვითმხილველებისა და უშუალო შემსრულებელთა მონათხრობიდან. იუროვსკიმ სამეფო ოჯახის დახვრეტაზე სამ დოკუმენტში ისაუბრა: „ჩანაწერი“ (1920 წ.); „მოგონებები“ (1922 წ.) და „სიტყვა ეკატერინბურგში ძველი ბოლშევიკების სხდომაზე“ (1934 წ.). ამ ბოროტების ყველა დეტალი, რომლების შესახებაც მთავარმა მონაწილემ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა გარემოებაში ისაუბრა, ნათელს ხდის, თუ როგორ დახვრიტეს სამეფო ოჯახი და მათი მოსამსახურეები.
დოკუმენტური წყაროების მიხედვით შესაძლებელია დადგინდეს ნიკოლოზ II-ის, მისი ოჯახის წევრებისა და მოსამსახურეების მკვლელობის დაწყების დრო. ავტომანქანა, რომლითაც ოჯახის განადგურების ბოლო ბრძანება მიიტანეს, 1918 წლის 17 ივლისის ღამის 1:30 საათზე მივიდა ადგილზე, რის შემდეგაც სამეფო კარის ექიმ ბოტკინს კომენდანტმა სამეფო ოჯახის წევრების გაღვიძება უბრძანა. ოჯახის წევრების შეკრებაზე 40 წუთი დაიხარჯა, შემდეგ ოჯახი მოსამსახურეებთან ერთად ნახევარსარდაფში ჩაიყვანეს, რომლის ფანჯრებიც ვოზნესენსკის შესახვევს უყურებდა. ნიკოლოზ II-ს უფლისწული ალექსეი ხელში აყვანილი მიჰყავდა, რადგან მას ავადმყოფობის გამო სიარული არ შეეძლო. ალექსანდრა თევდორეს ასულის თხოვნით, ოთახში ორი სკამი შეიტანეს. ერთზე თავად დაჯდა, მეორეზე კი ალექსეი დასვეს. დანარჩენები კედელთან გამწკრივდნენ. იუროვსკიმ ოთახში სადამსჯელო ჯგუფი შეიყვანა და განაჩენი წაიკითხა.
აი, როგორ აღწერს თავად იუროვსკი დახვრეტის სცენას: „ყველას წამოდგომა შევთავაზე. ისინი ადგნენ, დაიკავეს მთელი კედელი და ერთი გვერდითა კედელი. ოთახი ძალიან პატარა იყო. ნიკოლოზი ჩემკენ ზურგით იდგა. მე გამოვაცხადე, რომ ურალის მუშათა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, ურალის ქრისტიანთა და ჯარისკაცთა დეპუტატებმა მათი დახვრეტა დაადგინეს. ნიკოლოზი მომიბრუნდა და კითხვა დამისვა. მე გავიმეორე ნათქვამი და გავეცი ბრძანება: „ცეცხლი“. პირველმა მე ვისროლე და ნიკოლოზი მოვკალი. სროლა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ჩემი იმედი, რომ ხის კედელი ტყვიას არ აისხლეტდა, არ გამართლდა. უწესრიგო სროლა დიდხანს ვერ შევაჩერე. მაგრამ როდესაც, როგორც იქნა, შევძელი და შევაჩერე სროლა, დავინახე, რომ ბევრი მათგანი კიდევ ცოცხალი იყო. მაგალითად, ექიმი ბოტკინი მარჯვენა ხელის იდაყვზე დაყრდნობილი იწვა, თითქოს ისვენებდა. მე მას რევოლვერიდან გასროლით მოვუღე ბოლო. ალექსეი, ტატიანა, ანასტასია და ოლგაც ცოცხლები იყვნენ, ცოცხალი იყო დემიდოვაც. ამხანაგ ერმაკოვს ხიშტით უნდოდა საქმის ბოლომდე მიყვანა, თუმცა არ გამოუვიდა. მიზეზი მოგვიანებით გაირკვა (გოგონებს ზედა ტანზე ბრილიანტებიანი ჯავშანივით სამოსი ეცვათ). იძულებული გავხდი, ყველა მათგანი რიგ-რიგობით დამეხვრიტა“.
სიკვდილის ფაქტის კონსტატაციის შემდეგ ყველა გვამი სატვირთოში გადაიტანეს. ღამის 3 საათის შემდეგ, გამთენიისას, მოკლულთა ცხედრები იპატიევის სახლიდან განინა იამაში, სოფელ კოპტიაკის მახლობლად მდებარე მიტოვებულ მაღაროში წაიღეს.
მაღარო 15 მეტრის სიღრმისა იყო და 2,5 მეტრის სიმაღლემდე წყლით იყო სავსე. სამეფო ოჯახის წევრებისა და მოსამსახურეების შიშველი ცხედრები ორმოში ჩაყარეს და ყუმბარები ესროლეს, თუმცა ცხედრები მაინც ვერ გაანადგურეს. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ გოგირდმჟავა გამოეყენებინათ. კიდევ ერთი დღის შემდეგ, 19 ივლისის ღამეს, სხეულები სხვა მაღაროში, მოსკოვის ტრაქტის 90-ე ვერსზე გადაჰქონდათ დასამალად, მაგრამ გზაში, გამთენიისას, რომანოვების ცხედრებით დატვირთული მანქანა პოროსიონკოვო ლოგის ჭაობში ჩაეფლო.
ამიტომ გადაწყვიტეს, დიდი ორმო ამოეთხარათ და ცხრა ცხედრი იქ ჩაეყარათ. ორი გვამი სხვაგან დაწვეს. სამარხს, უფრო მეტი საიმედოობისათვის, გოგირდმჟავა გადაასხეს, ხოლო ორმოს შპალები დააყარეს ზემოდან.
პოროსიონკოვო ლოგში პირველი გათხრები 1979 წელს ჩატარდა. 1991 წელს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ოლქის ხელისუფლების თანხმობით, საფლავი ოფიციალურად გახსნეს და მასში ცხრა ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს.
მრავალმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ეს ნიკოლოზ II-ის, ალექსანდრა თევდორეს ასულის, ოლგას, ტატიანასა და ანასტასია რომანოვებისა და მათი გარემოცვის ჩონჩხები იყო. უფლისწულ ალექსისა და პრინცესა მარიას ნეშტები მაშინ ვერ იპოვეს.
სამეფო ოჯახის წევრები 1998 წლის 17 ივლისს პეტერბურგში, პეტრე-პავლეს ტაძარში დაკრძალეს.
ალერნატიული ვერსია
თუ იმპერატორის ოჯახს გაანადგურებთ, გერმანია ლენინს ორმაგ აგენტობაში ამხელს – ასე დაემუქრნენ გერმანელები ბოლშევიკებს. რომანოვები ახალ მმართველობას ვერ გადაურჩნენ – ასეთი უნდა ყოფილიყო ხალხის განწყობა, ამიტომ ბოლშევიკებმა რომანოვების ორეულები დახოცეს და სამეფო სამარხში მჟავითა და ბენზინით დამწვარი ცხედრები ჩაყარეს.
იმპერატორის ოჯახს თავშესაფარზე ყველა ქვეყანამ უარი უთხრა… გარდა საქართველოსი. რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახი საქართველოში კოდორის ხეობით, სოხუმის სამხედრო გზით შემოვიდა. ამ ოპერაციის სათავეში ქაქუჩა ჩოლოყაშვილი, უჩა დადიანი და ვინმე შერვაშიძე იდგნენ. რომანოვები თავად მიხეილის სასახლეში გადასვლამდე, ალექსანდრე გრიგოლიას სახლს შეეხიზნენ.
მოგვიანებით ბოლშევიკებმა მათი შევიწროება კვლავ დაიწყეს.
თავის გადასარჩენად ნიკოლოზ II, იგივე სერგეი დავიდოვიჩ ბერიოზკინი, სოხუმში მეეზოვედ და ღამის დარაჯად მუშაობდა. იგი 1957 წელს გარდაიცვალა.
დედოფალი ალექსანდრა ფიოდოროვნა, რომელიც გვარს ხშირად იცვლიდა (აფანასიევა, სეროვა), დრანდის ციხეში გაამწესეს.
მისი ერთ-ერთი ასული, მარია 30-იან წლებში გულაგში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ანასტასია და უფლისწული ალექსი გუდაუთაში ცემით მოკლეს.
ტატიანა, იგივე ფებრონია დოცენკო აფხაზეთის ომამდე სოხუმში ცხოვრობდა.
digest.pia.ge
კომენტარები