TOSCANA TV-მ ქართველი ემიგრანტი მხატვრის ტილოების სატელევიზიო ჩვენება მოაწყო (ვიდეო)
nostal.ge-ს მკითხველი უკვე იცნობს იტალიის ქალაქ სიენაში (ტოსკანის რეგიონი, ადმ. ცენტრი – ფლორენცია) მცხოვრებ თვითნასწავლ ქართველ მხატვარს, ია შარიაშვილს, რომელმაც გასულ შემოდგომაზე ფლორენციასა და პრატოში მოწყობილ გამოფენებზე წარმატებას მიაღწია და ხელოვნებათმცოდნეთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ექსპერტთა ყურადღება ნიჭიერმა ქართველმა მხატვარმა, რომელმაც ხატვა სულ რაღაც 2 წლის წინ დაიწყო, უპირველეს ყოვლისა, თვითნაბადი ნიჭის, გამორჩეული ხედვის და გამოხატვის საინტერესო მანერის გამო მიიქცია.
ია შარიაშვილის ნახატების ექსპრესია, მოულოდნელი იდეური გადაწყვეტა, აზრობრივი და ემოციური დატვირთვა მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ფლორენციაში გამართული ჯგუფური გამოფენის შემდეგ დაიგეგმა იას პერსონალური გამოფენა, თუმცა პანდემიის მეორე ტალღის გამო მისი გამართვა ზაფხულამდე გადაიდო.
ნაახალწლევს ია შარიაშვილს ტოსკანის კულტურის სამსახურის პრეზიდენტი დაუკავშირდა და უთხრა, რომ რადგან ამ ეტაპზე გამოფენის მოწყობა ვერ ხერხდება, მის ნახატებს ტელევიზიით უჩვენებდნენ გადაცემაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება. ასე მოეწყო იას ნახატების ერთგვარი სატელევიზიო გამოფენა 6 იანვარს Toscana tv-ს ეთერში.
გთავაზობთ ფრაგმენტს, რომელიც იას ნახატებს ეძღვნება. „ეწვიეთ“ ტელეგამოფენას და დატკბით ნიჭიერი ქართველი ხელოვანის შემოქმედებით.
თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც ტოსკანის მზის ქვეშ „დაიბადა“
კომენტარები