ბიძინა ივანიშვილი – მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს
მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში წერს. მისი თქმით, მიაჩნია, რომ საკუთარი მისია შეასრულა.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.
„მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება“, – აღნიშნულია წერილში.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია.
„ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.
სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას.
პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.
1tv.ge
p. s. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პრაქტიკულად, მიღებულია გადაწყვეტილება, თუ ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე და ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ახალი თავმჯდომარე პარტიის ყრილობამ უნდა აირჩიოს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა. მანამდე კი, წესდებიდან გამომდინარე, თავმჯდომარის მოვალეობას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე შეასრულებს.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ 2011 წლის ნოემბერში განაცხადა. მან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოქმედი სახელისუფლებო პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა და ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა.
2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდის. ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად 2018 წელს დაბრუნდა და ისევ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა.
კომენტარები