ქართველები უცხოეთში

„ცუკერ, სადაა ჩურჩხელის სმაილი???“ – საახალწლო ნობათი, რომელმაც ქართველ ემიგრანტს ემოციური პოსტი დააწერინა

რა ცოტა რამე ჰყოფნის სამშობლოდან შორს მცხოვრებ ემიგრანტს სიხარულისთვის – მით უმეტეს, ასმაგად სასიხარულოა ემიგრაციაშივე მყოფი თანამემამულის მიერ გამოხატული ყურადღება და სითბო, რომელსაც ვერანაირი მატერიალური საზომით ვერ გაზომავ. სწორედ ამგვარმა ყურადღებამ და სითბომ დააწერინა ამერიკაში მცხოვრებ თინა ბედიაშვილს ემოციური პოსტი:

„ემიგრანტისთვის ბევრი რამ არაა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც მშობლიური მხარის ნობათი. განსაკუთრებით, თუ ძალიან დიდი ხანია აქ ცხოვრობ (25 წელი ჩემს შემთხვევაში), ბრაიტონიდან, ნიუ-იორკიდან (18 საათია მანქანით აიოვას შტატიდან), ქართველების გარემოცვიდან და მაღაზიებიდან ძალიან შორს.

დღეს, ჩემი მხარის შვილმა, ზესტაფონელმა, ამ ჯგუფში გაცნობილმა შესანიშნავმა ადამიანმა, ბრაიტონის ერთ-ერთმა ყველაზე მაგარმა შეფ-მზარეულმა, ბავშვობაში მამოგზაურა, სახლი და ბებია გამახსენა და ცრემლები დამაღვრევინა!!!

უდიდესი მადლობა ლელას – ნაირას Imerlishvili Imerlishvili ამ უგემრიელესი ნობათისთვის, ნამდვილი იმერული ჩურჩხელებისთვის, რომელმაც, ჩემი პოსტის წაკითხვის შემდეგ, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ამოავლო ჩურჩხელები და გამომიგზავნა!!! მისი ამანათი ზუსტად ისეთი დიდი სიფაქიზით იყო შეხვეული, როგორც ჩემი თინა ბებია აკეთებდა! ზუსტად ის სურნელი მეცა, როცა გავხსენი, როგორსაც მხოლოდ ბავშვობაში ვგრძნობდი, როცა ბებია და დედიკო ფელამუშს ადუღებდნენ და ჩურჩხელებს ავლებდნენ. ამ სურნელმა სამზარეულო გაავსო. ვიგრძენი, რომ თვალებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა, როცა გავსინჯე ჩურჩხელა და ის გემო ვიგრძენი, დავიწყებული რომ მეგონა! ზუსტად ის გემო, როგორსაც ჩემი ბებია აკეთებდა!!!

რა სიტყვებით უნდა მოვეფერო ამ ადამიანს და როგორ გადავუხადო მადლობა ამ განცდებისთვის!!!? დავურეკე, მოვესიყვარულე, გავუზიარე ჩემი განცდები და დავულოცე მარჯვენა!!!

იმედი მაქვს, რომ ვირუსის დამთავრების შემდეგ განახლდება ნორმალური ცხოვრება, შევძლებ ნიუ-იორკში ჩამოსვლას, როგორც ვგეგმავდი გასულ წელს და შევძლებ პირადად ვუთხრა მადლობა ჩემს ახლად შეძენილ მეგობარს ლელა-ნაირას!!!

რა ვთქვა, ეს ჯგუფი რომ არა, ვერასოდეს გავიცნობდი უამრავ ძვირფას ადამიანს, ვერ გავუნაწილებდი და მივიღებდი იმ სითბოს, სიყვარულს, პოზიტივს, რომელიც მხოლოდ საქართველოში გაზრდილ ადამიანებს შეუძლიათ მაჩუქონ მე!!!

ამიტომ, გიო [გიორგი ნიკოლაიშვილი – რედ.], კიდევ ერთხელ მადლობა ამ ჯგუფის შექმნისთვის!!!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ წელს! ბედნიერი წელი და ბევრი ძვირფასი ემოციები გქონოდეთ ყველას!!!

P. S. ცუკერ, სადაა ჩურჩხელის სმაილი???“ – წერს თინა ბედიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close