მედიცინამსოფლიო

თურქმა მეცნიერებმა შექმნეს ხელსაწყო, რომელიც კორონავირუსის დიაგნოსტირებას 10 წამში ახდენს 99%-იანი სიზუსტით

თურქმა მეცნიერებმა ბილკენტის უნივერსიტეტის ნანოტექნოლოგიების ეროვნული კვლევითი ცენტრიდან  (UNAM) შექმნეს ხელსაწყო Diagnovir-ი, რომელიც საშუალებას იძლევა კორონავირუსის დიაგნოსტირება 10 წამში მოხდეს პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუშის საფუძველზე. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრის საიტზეა  განთავსებული. ავტორები ირწმუნებიან, რომ მათი მეთოდის ეფექტიანობა 99%-ია. მათივე თქმით, ასეთ შედეგს ნანოტექნოლოგიის გამოყენებით მიაღწიეს

ახალ მეთოდს საფუძვლად უდევს ოპტიკური დიაგნოსტირების სისტემა, როდესაც ვირუსის არსებობის შემთხვევაში ნათების ფერი იცვლება. პაციენტის პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუშს სპეციალურ ხსნარში ურევენ და პათოგენების აღმომჩენ ჩიპზე უსვამენ. პათოგენების აღმოჩენა ხდება მიკროსქემის საშუალებით 10 წამის განმავლობაში, ფლუორესცენციული სიგნალის მიღების შედეგად. ჩიპი სპეციალურად არის შექმნილი ბიოსენსორული მოწყობილობისათვის.

ჩვეულებრივი პისიარ ტესტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში საჭიროა არა ცხვირხახიდან აღებული ნაცხი, არამედ ნერწყვის ნიმუში, რომელსაც პირის ღრუდან ბამბის ტამპონით იღებენ. პისიარ ტესტისგან განსხვავებით სისტემა დაფუძნებულია არა ვირუსების რეპლიკაციის პრინციპზე, არამედ ვირუსების არსებობის ან არარსებობის დადგენაზე ახალი ტექნოლოგიის საშუალებით.

წინაკლინიკური ცდების დროს დიაგნოსტირების ახალმა სისტემამ 99%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. მკვლევარ ალი აიტაკა სეიმანას თქმით, დადებითი პასუხის შემთხვევაში 5-10 წამი საკმარისია, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი 20 წამი მოცდაა საჭირო.

თურქი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ შემუშავებული ახალი ტესტები ფართოდ იქნება გამოყენებული არა მარტო თურქეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, როგორც ვირუსების აღმოჩენის სწრაფი და საიმედო მეთოდი. მათივე ინფორმაციით, მასობრივი წარმოებისთვის აუცილებელი ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში უკვე განხორციელდა.

„კორონავირუსი – ეს არის 150 ნანომეტრი დიამეტრის მქონე ნაწილაკი“, – განმარტავს უნივერსიტეტის რექტორი აბდულა ატალარი. მისი თქმით,  UNAM-ის მეცნიერები უკვე მრავალი წელია ნანონაწილაკებთან მუშაობენ – ეს მათი სპეციალიზაციაა: „როგორც კი თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენმა მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა ამ პროექტზე“.

ახლა მკვლევარები იმედოვნებენ, რომ თურქეთის ხელისუფლებისგან ნებართვას მასობრივ წარმოებაზე უახლოესი ორი თვის განმავლობაში მიიღებენ. ისინი თვლიან, რომ მათი გამოგონება საბოლოო ჯამში მთლიანად შეცვლის PCR-ტესტებს, რომლის პასუხის მიღებას 24 საათი სჭირდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close