ნოდარ დუმბაძის საახალწლო ლოცვა საქართველოს
ნოდარ დუმბაძე ბევრს წერდა ღმერთზე, უფლის სიყვარულსა და ლოცვის ძალაზე. ის ხშირად იმეორებდა ამ სიტყვებს: „სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი“.
იგი ყველა წინადადების ბოლოს ღმერთზე საუბრობს, ვითომ ხუმრობით, ვითომ შემთხვევით, ღმერთმა გიშველოს, ღმერთმა დაგლოცოს, სტუმარი ღვთისაა. ამის დამკვიდრება და ყველაფერში ღმერთის ძიება იმხანად მართლა გამბედაობა იყო.
„მამა რომ საოცრად ბევრს წერდა ღმერთზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, კეთილშობილებაზე და ეს ყველაფერი რომ ღმერთი იყო, ამაზე თვალი ამიხილა პატრიარქმა. მამას გარდაცვალების მეცხრე დღეს პატრიარქმა სიონში გადაუხადა პანაშვიდი და შემდეგ იქადაგა. მაშინ მოვისმინე დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი, ნიჭიერი და ჭკვიანი კრიტიკოსის საუბარი ლიტერატურაზე. არ ვიცოდი, რას ნიშნავდა პატრიარქი, ვიცოდი, რომ ის იყო მღვდელმთავარი, მას უნდა ემთხვიო, მოწიწებით მოეპყრა, ეს ყველაფერი ვიცოდი სიტყვების დონეზე, მაგრამ იმწუთას პატრიარქი ჩემთვის იყო ყველაზე დიდი ლიტერატურათმცოდნე, რომელმაც ყველაფერი, რასაც მამას ნაწარმოებების კითხვისას ვგრძნობდი, წინ დამილაგა და მითხრა, რომ მზე არის ღმერთი, რომ სიყვარული არის ღმერთი, ციტატებს ამბობდა მამას ნაწარმოებებიდან და იქვე გვიშიფრავდა. რას ნიშნავს, რომ „ადამიანი ფრესკა არ არის, რომ მას ერთ სიბრტყეში კი არ უნდა უყურო, უნდა შემოუარო და საიდანაც უკეთ იმზირება, იქიდან შეხედო“. იმაზე დიდი კეთილშობილება არ არსებობს, რომ, დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მისი კარგი მხარეც დაინახო. ეს იყო საოცარი რამ, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება“, – იხსენებს მწერლის ქალიშვილი.
ნოდარ დუმბაძის საახალწლო ლოცვა საქართველოს
„ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი.
განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი, საუკუნოდ დაგმანე ყური მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი ყოველი, აღმართული მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად, დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი, ქართველი ხალხის მშობელისა. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი – პურით, მარანი – ღვინით, ახორი – საქონლით, კარია – ფრინველით და გული სათნოებით.
ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრისთვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს, რათა დილით ადგეს, ნახოს და სამშობლოს უკვდავება ინატროს!
მიიღე, მამულო, ეს ლოცვა!“
ნოდარ დუმბაძე
კომენტარები