fbpx
მედიცინამსოფლიო

„ფანტასტიკური ამბავი“ – „ოქსფორდის“ ვაქცინას ბრიტანეთმა „მწვანე შუქი“ მისცა

ბრიტანეთმა ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას მწვანე შუქი მისცა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ვაქცინა წამლისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის რეგულირების სააგენტომ (MHRA) დაამტკიცა.

ეს მეორე ვაქცინაა Pfizer-ის შემდეგ, რომელსაც ბრიტანეთში გამოიყენებენ.

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა მომავალ კვირაში, 4 იანვარს დაიწყება. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰანკოკმა განაცხადა, რომელმაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამტკიცებას „ფანტასტიკური ახალი ამბავი“ უწოდა და დასძინა: „გაზაფხულისთვის შევძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსვლას“.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება ახალი შტამის გამო, რომელიც, მეცნიერთა დასკვნით, წინაზე 56%-ით უფრო გადამდებია.

ე. წ. ოქსფორდის ვაქცინას „ფაიზერთან“ შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს: ერთ-ერთი ის არის, რომ მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი და -70 გრადუსი ტემპერატურა არ სჭირდება. მეორე – მისი დაბალი ფასია: კომპანია „ასტრაზენეკამ“ უარი თქვა მოგებაზე და , როგორც ამბობენ, „ოქსფორდის ვაქცინის“ ორი დოზის ფასი დაახლოებით 5 დოლარი იქნება.

ისევე, როგორც „ფაიზერის“ ვაქცინა, ისიც 2 დოზად კეთდება, 28-დღიანი შუალედით. კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი მეორე დოზის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში გამომუშავდება.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close