ძველ პომპეიში, ანტიკურ რომაულ ქალაქში, რომელიც ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა, არქეოლოგებმა ფრესკებით მოხატული ბარის დახლი აღმოაჩინეს.
საუბარია ეგრეთ წოდებულ თერმოპოლიუმზე – ძველრომაულ ბარ-სასაუზმეზე (ერთგვარი სწრაფი კვების ობიექტი), სადაც ცხელი კერძებით და სანელებლებიანი ღვინით უმასპინძლდებოდნენ მსურველებს (კერძებს გატანით ყიდდნენ). თერმოპოლიუმი პატარა ოთახი იყო, სასაუზმის დახლი კი პირდაპირ ქუჩაში გადიოდა. მასიურ დახლზე ამოღრმავებულ ადგილებში თიხის ქვაბები იყო ჩადგმული, რომელთა ქვედა ნაწილი წყალში იყო მოთავსებეული, წყალი კი ქვემოდან ცეცხლით თბებოდა, რის შედეგადაც ქოთნებში კერძები მუდამ ცხელი იყო.
თერმოპოლიუმი პომპეიში არქეოლოგებმა ნაწილობრივ გასულ წელს გათხარეს, მას შემდეგ სპეციალისტები დიდი სიფრთხილით ასუფთავებდნენ ნაგებობას ვულკანური ფერფლისგან. აღსანიშნავია, რომ გათხრები პანდემიის პერიოდშიც არ შეჩერებულა, არქეოლოგიური აღმოჩენის დეტალები კი ახლახან, 26 დეკემბერს გახდა ცნობილი. ნაგებობა და ფრესკები შესანიშნავად არის შენახული.
არქეოლოგებმა თავდაპირველად გაწმინდეს ფრესკა, რომელზეც ზღვის ცხენზე ამხედრებული ნიმფა და გლადიატორების ბრძოლაა გამოსახული. შემდეგ დანარჩენი ფრაგმენტები გაასუფთავეს, ყოფაცხოვრების ამსახველი სცენებით და ცხოველების და ფრინველების გამოსახულებებით.
პომპეის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი მასიმო ოსანა ამბობს, რომ ეს პირველი თერმოპოლიუმია პომპეიში, რომელიც სრულად გასუფთავდა ფერფლისაგან.
სპეციალისტების ვარაუდით, ქალაქში 80-მდე თერმოპოლიუმი იყო.
პომპეი, მეზობელ ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად, ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს დაიღუპა ვულკან ვეზუვის მძლავრი ამოფრქვევის შედეგად. XVIII-XX საუკუნეებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების და ღია ცის ქვეშ მუზეუმის მოწყობის შემდეგ პომპეი იტალიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა რომის კოლიზეუმის შემდეგ.
2019 წელს, კორონავირუსის პანდემიამდე, მუზეუმს მილიონამდე ტურისტი ესტუმრა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები