იმედს გამოვთქვამ, რომ 2021 წელს ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შესთავაზებს – ბენ ჰოჯესი
ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში და გადამდგარი გენერალი ბენ ჰოჯესი იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელს ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შესთავაზებს. განცხადება გადამდგარმა გენერალმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს გააკეთა. ჰოჯესი ფიქრობს, რომ საქართველო ალიანსში სამოქმედო გეგმის გარეშე უნდა მიიღონ.
„ვისურვებდი, რომ 2021 წელს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა – ნატომ, საქართველოს წევრობა შესთავაზოს. ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს და ალიანსმა საქართველო სამოქმედო გეგმის გარეშე უნდა მიიღოს. ეს სამოქმედო გეგმა ამ ვითარებაში აღარ მუშაობს, კარგად მუშაობდა მაშინ, როცა ნატომ ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად დაიწყო გაფართოება. ახლა საქართველო გაცილებით დაწინაურებულია ნატოსთან, შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობებში. ვფიქრობ, რომ პროცესის დაჩქარება ვითარების შესაბამისი იქნება“, – ამბობს ბენ ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.
ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის ყოფილი მაღალჩინოსანი აქვე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში ინსტიტუტები გაძლიერდება და სახელმწიფო „ახალგაზრდების ნდობას“ დაიბრუნებს.
„ქართველ ხალხს ძალიან სჭირდება კარგი ინსტიტუტები და მედია. სასამართლო და საარჩევნო პროცესები უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე და სამართლიანი. სწორედ ამას ვგულისხმობდი, ინსტიტუტების გაძლიერებაში რომელთა მიმართ ახალგაზრდების ნდობა უნდა გაიზარდოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გააღრმავებს ურთიერთობებს საქართველოსთან, სწორად შეაფასებენ რეგიონში არსებული ვითარებას და შავი ზღვის რეგიონს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა. საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და ეს პროცესი გრძელდება“,- ამბობს ბენ ჰოჯესი.
გადამდგარი ამერიკელი გენერალი აქვე ამბობს, რომ საქართველოს „ძალიან კარგი ახალი თაობა ჰყავს“ და ეს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კომენტარები