fbpx
ქართველები უცხოეთში

უცებ ქართულად ავყვირდი: გააჩერეეეთ! – თავი საქართველოში მეგონა – ემიგრანტი ქალის წერილები

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია…

დღეს მილანში მყოფ ლამაზ ქალბატონს, ნათია ლაზიშვილს გაგაცნობთ. ის 39 წლის ასაკში სამი შვილის დედაა და მალე ბებია გახდება, თუმცა როცა მის ფოტოებს უყურებ და მის ნაწერს კითხულობ, ამაში ეჭვი გეპარება. ფოტოებიდან გაცილებით ახალგაზრდა გოგო გიყურებთ. მის ნაწერებში კი ბავშვური სისადავე და გულწრფელობაა…

„ეხლა რომ მკითხონ ყველაზე მეტად რა გენატრებაო? ალბათ ვეტყოდი, რომ ბავშვობა. გუნდაობისას გაყინულ ხელებს რიგრიგობით რომ ვუთბობდით ბავშვები ერთმანეთს“, – ასე იწყება მისი ერთი პატარა ნოველა „მოდი, გაგითბო ხელები, მოდი“.

დაახლოებით 300 ლექსი და 200-მდე ნოველა აქვს დაწერილი. ახლა მუშაობს რომანზე „მზის ჩასვენება”. გაიცანით, ეს გზავნილი ნათია ლაზიშვილის ვერბალური ავტოპორტრეტი და მისი ცხოვრების ამბავია…

მე ვარ ნათია ლაზიშვილი, 39 წლის ემიგრანტი. წარმოშობით ლაზი ვარ, დედა აჭარელი აბაშიძის ქალია. იტალიაში, ქალაქ მილანში ვცხოვრობ. უბრალო ოჯახში გაზრდილი ვარ, ვცდილობ, სხვებს არ დავემსგავსო. სიცოცხლე მიყვარს და მინდა, რომ ჩემი პოზიტიური განწყობა ყველას გადავდო. მიყვარს ჩემი კუთხე, გურია, რომელიც საოცარად მდიდარია ჯანსაღი, უბოროტო ხალხით. ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა და არა ერთი ნოველა მაქვს დაწერილი ჩემს ბავშვობაზე. სულ იქ მინდა დაბრუნება, ალბათ რომ შემეძლოს, დროს გავაჩერებდი და იქ დავრჩებოდი…

ზოგადად ხელოვანი ადამიანი ვარ. მიყვარს სამყარო და ყველაფრის სხვაგვარი აღქმა მაქვს. წერა ძალიან მიყვარს, ვწერ ყველგან, სადაც მომიხერხდება და სადაც მუზა მეწვევა. ერთხელ ავტობუსს ველოდებოდი, ძალიან მეჩქარებოდა. უცებ მუზა მომივიდა და დავიწყე ლექსის წერა, მოკლედ თავით ვარ ჩარგული ტელეფონში. როცა ზემოთ ავიხედე, რას ვხედავ? – ავტობუსი მოსულა გაჩერებაზე, ხალხი ასულა და დაძრულა კიდეც. უცებ ქართულად ავყვირდი: გააჩერეეეთ! გააჩერეეეთ! ეტყობა, თავი საქართველოში მეგონა…

სოციალურ ქსელებში ჩემს ნოველებს ბევრი კითხულობს და მათგან სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ. ოთხი წლის წინ ისინი აიტაცა ხალხმა და მათგან დიდი სითბო და სიყვარული მივიღე. მე არ ვუწოდებ საკუთარ თავს მწერალს და პოეტს, ჯერ ბევრი მაკლია, რომ ეს წოდება დავიმსახურო. ვწერ იმაზე, რაც მტკივა და რასაც ყველა ადამიანი განიცდის. ჩემი მეგობარი, პოეტი გელა დაიაური მეუბნება: შენს ნოველებს როცა ვკითხულობ, ვტირი, იმდენად დიდი გრძნობით გაქვს გადმოცემული, გული გაქვს შიგნით ჩადებული და ეს კარგად ჩანსო.

ჩემს ნოველას „გოგონა მაღაზიაში“ 12 ათასი ნახვა ჰქონდა, მეორეს, „გაცრეცილი წერილი“ – რვა ათასი. ეს გახდა ჩემთვის სტიმული, თორემ ადრე ასე აქტიურად არ ვწერდი. ასევე მაქვს საბავშვო ზღაპრები და მოთხრობები, რომლის დაბეჭდვაც მინდა. ამას დიდი ხანია ვგეგმავ, მაგრამ ფინანსურად ვერ ვახერხებ… მილანის ეკლესიაში არის სულიერი მოძღვარი, მამა კირიონ მაჩაიძე, რომელსაც ვაფასებ, ძალიან კარგი ადამიანია. მან მითხრა როცა წიგნები დაიბეჭდება, პრეზენტაცია მილანში მოვაწყოთო.

საქართველოში მყავს და მაქვს ყველა და ყველაფერი, რაც ძვირფასია: მშობლიური კუთხე, შვილები, დედა, დედ-მამიშვილები, მეგობრები… მამა შვიდი თვის წინ დამეღუპა. 63 წლის ასაკში, ინფარქტით ისეთი ღუღუნა მამა დავკარგე… აი, ამან გაანადგურდა ჩემი გული. პანდემიის გამო ვერ ჩავედი საქართველოში და ვერ დავიტირე. ოჯახში ოთხი და-ძმა ვართ. ჩემი და ცხრა წელია ემიგრაციაშია. დედა სულ მთხოვს მალე ჩამოდიო, მაგრამ ჯერ არ გამოდის…

შვილები ოთხი წელია, არ მინახავს. როცა ჩემი 19 წლის ქალიშვილი გათხოვდა, ვერც მის ქორწილს დავესწარი, რადგან საბუთები გადავადებაზე მქონდა დატოვებული. მალე ბებო გავხდები, მაგრამ პანდემიის გამო შვილიშვილს მალე ვერ ვნახავ… როცა პოსტი დავდე მალე ბებო გავხდები მეთქი და ერთმა დამიწერა: ალბათ ღადაობს, ვერ ხედავთ, 20 წლისას ჰგავს, რა ბებო? რის ბებოო? ერთი ჩემი დაქალი ხუმრობს ხოლმე: „თაფლში და რძეში ხომ არ გძინავსო?“

წლების მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ასაკი მარტო ციფრებია და არაფერს ნიშნავს. მთავარია, გულს არ დაეტყოს წლები და ადამიანი შინაგანად არ დაბერდეს. როგორი ბავშვურიც ვიყავი, ისეთივე დავრჩი… ოღონდ, უფრო შემიყვარდა სიცოცხლე, რომლის თითოეული წუთი ჩემთვის ძვირფასია… ეს ჩემი ბუნებაა, ჩემი სამყარო, სადაც ვცხოვრობ და არასოდეს შევიცვლები.

იტალიაში 2015 წელს ჩამოვედი, თუმცა მერე ისევ უკან დავბრუნდი. ვიფიქრე, ისევ ვცდი, იქნებ, აღარ დამეტოვებინა შვილები, თუმცა სხვა გზა აღარ იყო. იტალია ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, საქართველოს შემდეგ, თავისი სიძველით, ისტორიით, მრავალი სანახაობით, მისთვის ჩვეული თავისუფლებით, აქ თითქოს ყველაფერი ჩემია. ეს ქვეყანა მაძლევს იმას, რაც მთელი ცხოვრება მაკლდა და მინდოდა… თუმცა ამისთვის მსხვერპლად ითხოვს სამშობლოსა და ოჯახისგან შორს ყოფნას. ბევრი ოცნება მაქვს, მინდა ჩემს შემოქმედებას მივხედო. ასევე მინდა გავხსნა ძაღლების თავშესაფარი, რამდენად მოვახერხებ, არ ვიცი.

საქართველო ჩემი სამშობლოა და სიცოცხლესავით მიყვარს. ჩემი ოცნებაა მისი გაძლიერება და ის, რომ ერთიან, ძლიერ და დაცულ სამშობლოში ყველა ემიგრანტი დაბრუნდეს. კიდევ ერთს დავამატებდი: მინდა საქართველოში დააფასონ ხელოვანი ნიჭიერი ადამიანები. უცხოეთი სავსეა ჩვენი ქვეყნიდან წასული დაუფასებელი ქართველებით.

ბოლოს, მინდა ყველას ჩემს ნოველებში შესული სიტყვებით მივმართო: მთავარია, რწმენა არ დაკარგო საკუთარი თავის, ღვთის და მომავალის. გახსოვდეს, ავდარს დარი მოჰყვება, ზამთარს – გაზაფხული. ეს ბუნების კანონია. ისეთი დარჩი, როგორიც მამაზეციერმა შეგქმნა, როგორიც მიგიღო დედაბუნებამ და არ იცხოვრო სხვების მითითებებით. გაიღიმე, ჩაურაზე კარი ნეგატიურ ადამიანებს. შეხედე საკუთარ თავს სარკეში და ძალიან, ძალიან შეიყვარე ყოველი დღე…

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close