„ფაიზერის“ ანტიკოვიდ ვაქცინის პირველი პარტია იტალიაში დღეს შეიტანეს (ვიდეო)
ვაქცინაციის მომხრე იტალიელთა რაოდენობა ბოლო 6 თვეში თითქმის 8%-ით გაიზარდა
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიით დატვირთულმა ფურგონმა იტალიის საზღვარი ბრენერში დღეს დილით გადაკვეთა. ავტომობილი ძვირფასი ტვირთით, კარაბინერების თანხლებით, რომის სპალანცანის ინსტიტუტისკენ გაემართა. Pfizer-Biontech-ის ვაქცინის პირველ, 9750 დოზას ინფექციური დაავადებების ცნობილ ცენტრში საღამოსთვის ელოდებიან.
„ფურგონი ბელგიიდან ჩამოვიდა იტალიაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზებით. ჩვენ ვთქვით, რომ ვაქცინაციას წლის ბოლომდე დავიწყებდით და ასეც იქნება. პირველები ვაქცინას მიიღებენ ჩვენი მედმუშაკები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ყოველდღიურად მუშაობენ, რომ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ“, – დაწერა Facebook-ში საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ. მან თეთრხალათიანებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ დღესასწაულის დროსაც კი და ბედნიერი შობა უსურვა. „ჩვენ დავიბრუნებთ თავისუფლებას და ისევ გადავეხვევით ხოლმე ერთმანეთს“, – წერს დი მაიო. იგი ფეისბუქზე ვიდეოსაც აქვეყნებს.
მას შემდეგ, რაც წამლის ევროპულმა სააგენტომ (EMA) „მწვანე შუქი“ აუნთო ამერიკული კომპანიის ვაქცინას, ევროკავშირში 27 დეკემბერს „ვაქცინის დღე“ მოეწყობა – ასე უწოდეს პირველ დღეს, როდესაც სიმბოლურად დაიწყება ვაქცინაცია ევროპის მთელ კონტინენტზე.
იტალიაში ჩატანილი პირველი 9750 დოზა სპალანცანიში შეტანის შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განაწილდება. პირველად ვაქცინაცია სპალანცანიში დაიწყება 27 დეკემბერს, დილიდან.
არავითარი ცნობილი პირები, არავითარი VIP-პერსონები და საზოგადოებრივი მოღვაწეები – პირველ დოზებს მიიღებენ ისინი, ვინც კოვიდ-19-თან ბრძოლის წინა ხაზზეა – ექიმები და მედდები. 27 დეკემბერსვე, მაგრამ, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ვაქცინაციის კამპანია იტალიის დანარჩენ ნაწილებშიც დაიწყება. მაგ., პირველი პარტიიდნ 1620 დოზა ლომბარდიაში გაიგზავნება, 975 – ემილია-რომანიაში, 875 – ვენეტოში, 685 – სიცილიაზე, 910 – პიემონტში, 20 – ვალე დ’აოსტაში, 50 – მოლიზეში, 85 – უმბრიაში.
Pfizer -ის ფურგონები ვაქცინის ფლაკონებს რეგიონებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ცენტრებში განათავსებენ, რადგან ვაქცინა, როგორც ცნობილია, -70 გრადუს ცელსიუსზე ინახება.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი გაზაფხულის შემდეგ საკმაოდ გაიზარდა. ISS-ის (ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტი) მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი 3 იტალიელიდან 2-ს სურვილი აქვს, ვაქცინა გაიკეთოს. ანუ ვაქცინის მომხრეა 67%-მდე, შესაბამისად, მოწინააღმდეგე 33%-მდე, მაშინ როდესაც 6 თვის წინ ვაქცინაციის მოწინააღმდეგე იყო იტალიელთა 41% (შესაბამისად, მომხრე – 59%).
როგორც ცნობილია, „ფაიზერის“ ვაქცინა კუნთში კეთდება, 2 დოზად, 3 კვირის შუალედით. კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტს ორგანიზმი მეორე დოზის გაკეთებიდან 7-10 დღეში გამოიმუშავებს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები