მიგრაცია

როდიდან და რა მიმართულებით დასაქმდებიან ქართველები ისრაელში ლეგალურად

როდიდან და რა მიმართულებით დასაქმდებიან ქართველები ისრაელში ლეგალურად – ამ საკითხზე საქართველოსა და ისრაელის მხარეებს შორის შეთანხმება უკვე გაფორმდა. დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმება 3 წლის ვადით არის მიღებული და მისი ამოწურვის შემდგომ 1-წლიანი პერიოდულობით მის გაგრძელებას ითვალისწინებს. როგორია ამ ხელშეკრულებების წინაპირობები და რომელი პროფესიის ადამიანები სჭირდება დღეს ყველაზე მეტად ისრაელს?

ისრაელის ელჩმა რან გიდორმა BMG-სთან ინტერვიუში კონტრეტულად დაასახელა ის მიმართულებები, რომლებიც განსაკუთრებით პანდემიის დროს გახდა მოთხოვნადი. ირკვევა, რომ ისრაელს ქართველი კადრები დამხმარეებად, კერძოდ კი იმ ადამიანების ე.წ. CAREGIVER-ებად ესაჭიროება, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივი მკურნალობა სჭირდებათ.

„სწორედ პანდემიის გამო, ეს ხალხი გვჭირდება და თან რაც შეიძლება სწრაფად. ორი ქვეყნის მთავრობამ უკვე მოახდინა ხელშეკრულების რატიფიცირება. ქართული მხარე ახლა დასაქმების კანდიდატების რეკრუტირებისთვის ემზადება და პოტენციურ დასაქმებულებს ამჟამად, მომავალი საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ტრენინგები უტარდებათ“, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა.

ელჩი ისრაელში დასაქმებული ქართველების ანაზღაურების მოცულობას არ აკონკრეტებს და განმარტავს, რომ ხელმოწერილი ხელშეკრულება ქართველების დროებით, თუმცა ლეგალურ დასაქმებას ითვალისწინებს.

„მომავალში ამ მიმართულებით დასაქმებულების რაოდენობა შესაძლოა გავზარდოთ, ცხადია, სხვა მიმართულებებთან ერთად. ქართველი კანდიდატების კვალიფიკაციას რაც შეეხება, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ მათ მოეთხოვებათ ოთხიდან მინიმუმ ერთი ენის ცოდნა, რომელზეც ისრაელში ყველაზე ხშირად საუბრობენ – მინიმუმ ინგლისურად ან რუსულად მაინც უნდა შეეძლოთ საუბარი. შემდეგ ქართველები სპეციალურ ტრენინგებსაც გაივლიან“, – განაცხადა რან გიდორმა.

მისივე თქმით, საელჩო მზადაა, ყველა იმ დაინტერესებულ პირს გაესაუბროს, რომელსაც მომავალში ისრაელში დასაქმება სურს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close