პრაღაში, თავდასხმაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ბაჩუკი ჯალაღონია პოლიციას ჩაბარდა.
საქმეზე გამოძიება სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღის ცენტრში საქართველოს მოქალაქე 29 წლის მამაკაცს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. უწყება არ აზუსტებს, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, ჯალაღონიამ მამაკაცს ჭრილობები დანით მიაყენა. შემთხვევა პრაღის ცენტრში, ტურისტულ ნაწილში მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს მოხდა, თავდამსხმელის იდენტიფიცირება კი პოლიციამ მხოლოდ ახლა მოახერხა.
„ხანგრძლივი ინტენსიური ოპერაციის წყალობით სისხლის სამართლის საქმეების გამომძიებლებმა გამოარკვიეს, რომ ბოროტმოქმედი შესაძლოა იყოს მამაკაცი, რომელსაც უკვე ეძებს საქართველო და რომელიც ანალოგიური დანაშაულის გამო წარსულში უკვე იყო ნასამართლევი“, – აღნიშნა პოლიციის პრესმდივანმა ევა კროპაჩოვამ, იუწყება ადგილობრივი მედია.
ამ დრომდე არ არის დადგენილი სიტყვიერი დაპირისპირების დაწყების მიზეზი, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე 29 წლის მამაკაცს თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. შედეგად, მძიმედ დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.
27 წლის ბაჩუკი ჯალაღონია რამდენიმე წელია მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში ცხოვრობს.
მისი ნასამართლეობის დამადასტურებელი ფოტო ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა. შსს-ს ინფორმაციით, ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში ბრალდებული თავად ჩაბარდა პოლიციას.
კომენტარები