პოლიტიკასაბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკისი: „შობისთვის განსხვავებულად მოემზადეთ“ – რა თქვა საბერძნეთის პრემიერმა ინტერვიუში

„მე და ჩემი ოჯახი პირველები ავიცრებით და ამას მოვუწოდებ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც“

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თესალონიკში თავისი ვიზიტის დროს ინტერვიუ მისცა რადიო Status FM-ს. როგორც ცნობილია, თესალონიკში, ისევე როგორც მთელ ჩრდილოეთ საბერძნეთში, ეპიდემიის გავრცელების მხრივ განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია შეიქმნა და პრემიერი ადგილზე ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩავიდა. მიცოტაკისმა ინტერვიუში რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, იმაზეც, თუ როგორ უნდა შეხვდნენ ბერძნები შობას.

„მე გთხოვთ ცოტა მოთმინებას და კიდევ ერთ ძალისხმევას შობის წინა პერიოდში. კარგად მესმის გადაღლა, მწუხარება, სიბრაზე და შიშიც კი იმის გამო, რაც აქ, თესალონიკში მოხდა. ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან შეკრებები სახლში, ეს არის ვირუსის გადაცემის ყველაზე საშიში გზა. შობის დღესასწაულებზე მხოლოდ ერთი+ერთი ოჯახის შეკრებას დავუშვებთ, აირჩიეთ, რომელ ოჯახთან ერთად გსურთ სადღესასწაულო დღეების გატარება. ამ ეტაპზე ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები, ეს შემიძლია გითხრათ. ეს საშობაო დღესასწაული იქნება სრულიად განსხვავებული, ბევრად უფრო შეზღუდული, რადგან, ძალიან მარტივად, ასეა საჭირო“.

კირიაკოს მიცოტაკისმა არ ისაუბრა მთავრობის დეტალურ გეგმაზე, როგორ მოხდება კარანტინის შემსუბუქება, თუმცა განაცხადა, რომ მთავრობის მიდგომა იქნება ძალიან ფრთხილი და კონსერვატიული.

„ახლა ეს დასაშვებია, რადგან დავინახეთ, როგორ ძლიერად დაგვარტყა [პანდემიის] მეორე ტალღამ, ახლა ჩვენ რომ დავიწყოთ მოდუნება მესამე ტალღის წინ, დაუშვებელი იქნებოდა“, – აღნიშნა პრემიერმა და გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ექსპერტების მიერ შემუშავებული შეზღუდვის ზომების დაცვა და თითოეული ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

„პირველად მე გავიკეთებ ვაქცინას“

კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას პრემიერმა განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი პირველები იქნებიან, ვინც ვაქცინას გაიკეთებს და მოუწოდა სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, ასევე მოიქცნენ, რადგან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ვაქცინები, რომლებიც დამტკიცდება, უსაფრთხო და ეფექტიანი იქნება.

„პანდემიას ვერ დავამარცხებთ, თუ არ ჩატარდება ადეკვატური ვაქცინაცია. ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის დიდ კამპანიას“, – თქვა მან და ვაქცინები დაახასიათა, როგორც მედიცინის დიდი მიღწევა.

მიცოტაკისმა გაიხსენა დედამისის – აწ გარდაცვლილი მარიკა მიცოტაკისის ამბავი, რომელიც თითქმის პარალიზებული იყო პოლიომიელიტის გამო. პრემიერმა უყოყმანოდ მოიყვანა პირადი მაგალითი, რათა შეეხსენებინა ბერძნებისთვის, რომ ეს დაავადება აღარ არსებობს სწორედ ვაქცინაციის წყალობით.

საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ვაქცინაციის ჩატარების გეგმა და ხაზი გაუსვა, რომ ვინც ვაქცინაზე უარს იტყვის, სავარაუდოდ, პრობლემებს წააწყდება თვითმფრინავით მოგზაურობის შემთხვევაში (მოგეხსენებათ, გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანიები, სავარაუდოდ, ბორტზე არ დაუშვებენ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი ცნობა არ ექნებათ).

ნინო ბაჯელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close