მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 27 სექტემბერს მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ (George Clooney) 14 მეგობრიდან თითოეულს თითო მილიონი დოლარით სავსე ჩანთა აჩუქა, 2017 წლიდან გავრცელდა, როდესაც ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა ამის შესახებ. თავად მსახიობმა კი მხოლოდ ახლა დაადასტურა, რომ ეს სიმართლეა და განმარტა, რატომ მოიქცა ასე.
ამ ფაქტის შესახებ 59 წლის მსახიობმა ჟურნალ GQ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალის ეს ნომერი მიეძღვნა მამაკაცებს, რომლებმაც ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს 2020 წელს.
„ბოლო 35 წლის განმავლობაში ისინი ძალიან მეხმარებოდნენ. მათ დივანზე მეძინა, როცა ფული არ მქონდა. მათგან ვსესხულობდი ფულს. ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ, როცა მჭირდებოდა და მეც ვეხმარებოდი მათ შეძლებისდაგვარად, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ“, – ამბობს კლუნი ინტერვიუში.
მსახიობს 2013 წელს 70 მლნ დოლარის შემოსავალი მოუტანა ფილმმა „გრავიტაციამ“. კლუნის თქმით, მისი მეგობრების დამსახურებაა, რომ წარმატებებს მიაღწია და ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში მათთან მეგობრობაა. 52 წლის მსახიობი მაშინ მარტოხელა იყო, მას სულ ახალი გაცნობილი ჰყავდა მომავალი ცოლი, იურისტი ამალ ალამუდინი. ახლა ჯორჯ და ამალ კლუნები ტყუპ შვილს ზრდიან.
„ოუშენის 11 მეგობრის“ ვარსკვლავმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერთადერთი უხერხულობა და სიძნელე იყო 14 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის გამოტანა.
მისი თქმით, შეძლო ლოს-ანჯელესში ეპოვა ადგილი, თუმცა კონკრეტულად მისი დასახელება არ გაამჟღავნა; ფულის ტრანსპორტირება კი ფურგონის საშუალებით მოახერხა, რომელსაც ეწერა „ფლორისტი“. მან 14 მილიონი დოლარი 14 ძვირადღირებულ ბრენდულ ჩანთაში თანაბრად გაანაწილა, მეგობრები მოიწვია და ჩანთები გადასცა. მისი თქმით, თუ ერთი მათგანი მაინც უარს იტყოდა საჩუქარზე, ვერც დანარჩენები მიიღებდნენ, 14 მეგობრიდან კი ზოგს იმ დროს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
„მე თუ ავტობუსი დამეჯახა, ისინი მაინც არიან ჩემს ანდერძში მოხსენიებულნი და რატომ ველოდო, სანამ ავტობუსის ბორბლებქვეშ არ აღმოვჩნდები?!“ – განაცხადა კლუნიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ კლუნი, ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, „ოსკარის“ (2006, 2013) და „ოქროს გლობუსის“ (2001, 2006, 2012, 2015) პრემიების ლაურეატი, გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში: „სასწრაფო დახმარება“, „ღამე მშვიდობისა და წარმატებას გისურვებ“, „იდეალური შტორმი“, „ოუშენის 11 მეგობარი“, „შეუწყნარებელი სისასტიკე“, „მაღლა ცაში“, „გაუმარჯოს კეისარს“, „მარტის იდები“, „გრავიტაცია“ და სხვ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები