ჯანმრთელობა

მიკროჩიპები, დნმ-ის შეცვლა, სერიოზული გვერდითი მოვლენები – მითები კორონავირუსის ვაქცინის შესახებ

მას შემდეგ, რაც კლინიკური ცდებით დადგინდა, რომ COVID-19-ის ახალ ვაქცინას 90 პროცენტით ეფექტიანია, სოციალურ მედიაში ვაქცინის საწინააღმდეგო ტალღა აგორდა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ჭორს, მათ შორის — ადამიანებში მიკროჩიპების შეყვანის, ჩვენი გენეტიკური კოდის შეცვლისა და უსაფრთხოების შესახებ.

ჭორები ბილ გეიტსისა და მიკროჩიპების შესახებ

Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის სახელი კორონავირუსის პანდემიის დღიდან არაერთხელ გახდა ჭორების საგანი, მაგრამ „ტვიტერზე“ განსაკუთრებით ამოტივტივდა რამდენიმე დღის წინ, ვაქცინის შექმნის შესახებ განცხადების შემდეგ.

ასეთი ჭორების სამიზნე ის ძირითადად იმ ფილანთროპიული საქმიანობის გამო ხდება, რასაც საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ვაქცინებზე მუშაობაში ეწევა.

წლის დასაწყისიდან გავრცელებული და ამ კვირაში კვლავ ამოტივტივებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჭორის მიხედვით, კორონავირუსის პანდემია იმის გამო ააგორეს, რომ ადამიანებს ციცქნა, სათვალთვალო მიკროჩიპები შეუყვანონ და ამ გეგმის მიღმა ბილ გეიტსი დგას.

არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ ჭორს ოდნავ სანდოობას მაინც შესძენდა და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა ის კიდევ ერთხელ, სრულად უარყო BBC-ისთან.

მიუხედავად მტკიცებულებათა არარსებობისა, მაისში, კომპანია YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 28 პროცენტს სჯეროდა, რომ ბილ გეიტსს ვაქცინა ადამიანებში მიკროჩიპების შესაყვანად სჭირდება; აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელთა მხარდამჭერებში ეს 44 პროცენტს სჯეროდა.

ჭორები „დნმ-ის შეცვლის“ შესახებ

შიშები იმის შესახებ, რომ ვაქცინა როგორღაც ცვლის ადამიანის დნმ-ს, რეგულარულად გორდება ფეისბუქზეც.

BBC ამის შესახებ სამ დამოუკიდებელ მეცნიერს ესაუბრა. ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ვერ ცვლის.

როგორც ჩანს, ადამიანები, რომლებიც ასეთ ჭორებს ავრცელებენ, ოდნავაც ვერ ერკვევიან გენეტიკაში.

ვაქცინა შეიცავს ვირუსის გენეტიკური მასალის ფრაგმენტს, რნმ-ს.

„ადამიანში რნმ-ის შეყვანას არაფერს უშვრება უჯრედის დნმ-ს“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი ალმონდი.

 

ეს შემთხვევა ნამდვილად არ არის კორონავირუსის ვაქცინის მიერ დნმ-ის შეცვლის შესახებ გავრცელებული პირველი ჭორი. ამ ყალბი თეორიის შესახებ ვიდეოები სოციალურ მედიაში მაისიდან მოყოლებული ვრცელდება.

როგორც ჩანს, ამ გაუგებრობის მიზეზი ნაწილობრივ არის თავად ვაქცინის ტიპი. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა იყენებს საინფორმაციო რნმ-ის, იგივე mRNA ტექნოლოგიას.

ამ გზით, ის ორგანიზმს აძლევს იმ ცილის წარმოქმნის ინსტრუქციას, რომელიც კორონავირუსის ზედაპირზე გვხვდება.

შედეგად, იმუნური სისტემა სწავლობს, როგორ ამოიცნოს ვირუსი და მისი ამ ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებს.

რობინსონი ტვიტში წერდა იმასაც, რომ mRNA ვაქცინის ტექნოლოგია ამ დრომდე არასოდეს გატესტილა და არც მოხმარებისთვის დამტკიცებულა.

მართალია, სხვა რომელიმე mRNA ვაქცინა ამ დრომდე დადასტურებული არ ყოფილა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ადამიანებში ამ ტიპის ვაქცინაზე უამრავი კვლევა ჩატარდა.

 

ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებამდე, ახალი ვაქცინები უსაფრთხოების უმკაცრეს ტესტებს გადის.

კლინიკური ცდების პირველ და მეორე ფაზებში ვაქცინებს მოხალისეთა მცირე ჯგუფებში ამოწმებენ უსაფრთხოებაზე და განსაზღვრავენ შესაფერის დოზას. მე-3 ფაზაში ვაქცინებს ათასობით ადამიანში ცდიან ეფექტიანობაზე. ამ დროს მოხალისეთა ერთი ჯგუფი ვაქცინას იღებს, მეორე კი პლაცებოს; მკვლევრები დეტალურად აკვირდებიან მათში გამოვლენილ ნებისმიერ გვერდით ეფექტს. უსაფრთხოების მონიტორინგი მას შემდეგაც გრძელდება, რაც ვაქცინა გამოყენებისთვის დამტკიცდება.

სოციალურ მედიაში ვაქცინების შესახებ გავრცელებულ მითებზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ახალი მოხსენების ავტორი, კლერ ვარდლი აღნიშნავს, რომ mRNA ტექნოლოგიის მსგავსი საკითხების ირგვლივ არსებობს „ინფორმაციის დეფიციტი“ — სიტუაცია, როდესაც მაღალი მოთხოვნაა ინფორმაციაზე, მაგრამ დაბალი მაჩვენებლით ხდება სანდო ინფორმაციის მიწოდება.

„ამის გამო, ადამიანები მოწყვლადი ხდებიან დეზინფორმაციის მიმართ, რომელიც ამ ინფორმაციულ ნაპრალს ავსებს“, — ამბობს კლერ ვარდლი, რომელიც დეზინფორმაციის საწინააღმდეგო არაკომერციული ორგანიზაცია First Draft-ს აღმასრულებელი დირექტორია.

 

ჭორები გვერდითი ეფექტების შესახებ

კიდევ ერთი ჭორი, რომელიც ჟურნალისტმა ემერალდ რობინსონმა ტვიტერზე დაწერა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა შორის.

როგორც ის წერს, ვაქცინის ცდებში მონაწილე მოხალისეთა 75 პროცენტს გვერდითი ეფექტები განუვითარდა. თუმცა, Pfizer-ისა და BioNTech-ის ცნობით, ცდაში მონაწილე არც ერთ პირს რაიმე სერიოზული გართულება არ აღენიშნება.

„ყველა ვაქცინის მსგავსად, ხანმოკლე გვერდითი ეფექტები შეიძლება ამ ვაქცინამაც გამოიწვიოს, მათ შორის, ნანემსარი ადგილის წვა, სიცხე, კუნთებისა და თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება“, — ამბობს ლონდონის კინგსის კოლეჯის მოწვეული პროფესორი ფარმაკოლოგიურ მედიცინაში, პროფესორი პენი უარდი.

როგორც პროფესორი უარდი აღნიშნავს, ამ სახის გვერდითი ეფექტები შეინიშნება მრავალ იმ ადამიანშიც, ვინც სეზონური გრიპის ყოველწლიურ აცრებს იტარებს. ეს გვერდითი ეფექტები ძირითადად მსუბუქია და რამდენიმე დღეში უკვალოდ ქრება.

უცნობია, საიდან მოიტანა ქალბატონმა რობინსონმა რიცხვი 75 პროცენტი, მაგრამ სავარაუდოდ, ეს გახლავთ ცდების ადრეულ ფაზაში გამოვლენილი მსუბუქი გვერდითი ეფექტების მაჩვენებელი.

კლინიკური ცდების დასკვნითი ფაზის გვერდითი ეფექტების შესახებ სრული მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ Pfizer-ი ადასტურებს, რომ სერიოზული გვერდითი ეფექტები არც ერთ მოხალისეში არ გამოვლენილა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close