თესალონიკის ციხეში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ კორონავირუსი დაუდგინდათ – ვინ არიან ისინი?
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკის ციხეში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ კორონავირუსი დაუდგინდათ. ჩვენი ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არის გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ლაშა შუშანაშვილი და, ასევე, ნოდარ შუკაკიძე, იგივე „ნოდო გლდანსკი“.
შუკაკიძის ინფიცირების შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, ია გაბედავამ დაუდასტურა. მისი თქმით, ნოდარ შუკაკიძე ციხიდან საავადმყოფოში 3-ჯერ ჰყავდათ გადაყვანილი.
თესალონიკის ციხეში კორონავირუსის აფეთქების შესახებ იუწყება ბერძნული მედიაც.
საქართველოს საგარეო უწყებაში „პრაიმტაიმს“ დაუდასტურეს, რომ ინფიცირებულ პატიმრებს შორის ქართველებიც არიან, თუმცა საკონსულო დეპარტამენტი მათ ვინაობას არ ასახელებს.
„თესალონიკში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ. საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზეა ციხის ადმინისტრაციასთან, იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოს ქართველი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისათვის რომ თესალონიკის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული“, – გვითხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ ნოდარ შუკაკიძის სახელმა ორი დღის წინ გლდანში, ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმის საქმეში გაიჟღერა. თავად მელია ამბობდა, რომ მისი საარჩევნო შტაბი „კანონიერი ქურდის“ ნოდარ შუკაკიძის დაკვეთით დაწვეს. როგორც ირკვევა, შუკაკიძე ამჟამად თესალონიკის ციხეში კორონავირუსს ებრძვის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი ინფორმაციით, მასთან ერთად ინფიცირებულია ლაშა შუშანაშვილიც, რომელიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება. ის წარსულში პატიმრობიდან სწორედ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს, თუმცა 2018 წელს მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად კვლავ დააკავეს სხვა ქართველ „კანონიერ ქურდებთან“, მათ შორის ნოდარ შუკაკიძესთან ერთად.
საბერძნეთის სასამართლომ შუკაკიძეს 7 წლით, შუშანაშვილს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შუშანაშვილის საქმეში დევს რამდენიმე სამედიცინო დასკვნა, რომლის საფუძველზეც ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თესალონიკის საპატიმროში განსაკუთრებული კვება აქვს დანიშნული.
კომენტარები