fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიაში ხვალიდან კიდევ ერთი რეგიონი „გაწითლდება“

18 ნოემბრიდან „წითელი ზონების“ რიცხვს აბრუცოც მიემატება, თუმცა სკოლები არ დაიკეტება

აბრუცოს რეგიონი (ადმ. ცენტრი ლ’აკვილა) ხვალიდან, 18 ნოემბრიდან „წითელი ზონა“ ხდება. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა მარკო მარსილიომ გუშინ, 16 ნოემბერს სულმონაში „სან რაფაელეს“ საავადმყოფოში ვიზიტისას განაცხადა. მარსილიოს თქმით, სკოლები არ დაიკეტება

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელი მოგვეწერა დადგენილებისთვის, რომელსაც Dpcm-ს მე-3 მუხლში მოცემული დისციპლინა შემოაქვს, ანუ ე. წ. „წითელი ზონა“ და მეტი არაფერი“, – განაცხადა რეგიონის პრეზიდენტმა.

„მიდიოდა დისკუსია სკოლებთან დაკავშირებით, მაგრამ საბჭოში უმეტესობა ვთანხმდებით იმაზე, რომ რომც გვინდოდეს, ვერ მივიღებთ სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის თხოვნას სკოლების კლასების დახურვაზე ყველა დონეზე, – განმარტა მარსილიომ. – ამჟამინდელი სიტუაცია არ აძლევს საშუალებას მშობლებს, რომ ეს პრობლემა გადაჭრან. ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება და შვებულების არარსებობა ბავშვის მოსავლელად ან დამატებითი თანხები ძიძებისთვის ოჯახებს დაუძლეველ ტვირთად დააწვებოდა“.

აბრუცოში არ დაიკეტება საბავშვო ბაღები და საშუალო სკოლის დაწყებითი კლასები, დანარჩენ კლასებში სწავლების პროცესი მხოლოდ დისტანციურად გაგრძელდება.

ხვალიდან აკრძალულია აბრუცოს რეგიონში შესვლა ან რეგიონიდან გასვლა, აგრეთვე, ერთი და იმავე ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილება სამუშაოზე წასვლის, აუცილებელი სიტუაციებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული საჭიროებების გარდა. დაშვებულია მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება (რომელი მისამართიც მითითებულია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში).

იკეტება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები პროდუქტების და პირველადი აუცილებლობის საგნების მაღაზიების გარდა, აგრეთვე, იკეტება ბაზრები, გარდა პროდუქტების ბაზრებისა. საგაზეთო ჯიხურები, თამბაქოს კიოსკები, აფთიაქები ისევ იმუშავებენ. საზკვების ობიექტები დაკეტილი რჩება, დაშვებულია სახლში მიტანა, გაყიდვა გატანით, 22:00 სთ-მდე, აკრძალულია ნაყიდი საკვების ან სასმლის საზოგადოებრივი კვების ობიექტების სიახლოვეს მოხმარება.

მარსილიოს მიერ ხელმოწერილი დადგენილება №102 იმოქმედებს 18 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე, თუ „სხვა რამე არ იქნება მითითებული“.

გასულ 24 საათში აბრუცოში კორონავირუსის 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (ასაკი – 2-იდან 97 წლამდე; სულ გამოვლენილია 20552 შემთხვევა). გარდაიცვალა 13 პაციენტი (სულ – 703). ამ დროისთვის მოქმედი პაციენტების რაოდენობა 14 008-ს უდრის (გუშინდელთან შედარებით 509-ით გაიზარდა).

მთლიანად იტალიაში გასულ ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის  32191 ახალი შემთხვევა დადასტურდა (ჩატარდა 208 458 ტესტი), 731 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ლომბარდიაში (8448 ახალი შემთხვევა; 202 გარდაიცვალა), ვენეტოსა (3124) და კამპანიაში (3019) გამოვლინდა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმები ბარის წითელ ზონად გამოცხადებას ითხოვენ აპულიის (იტ. puglia) რეგიონში ინფიცირების შემთხვევების სახიფათო ზრდის გამო, თუმცა ჯერჯერობით ამაზე კომენტარი ოფიციალური პირებიდან არავის გაუკეთებია.

აპულიაში (ადმ. ცენტრი – ბარი) გასულ 24 საათში კორონავირუსის 1234 შემთხვევა გამოვლინდა (მათგან 495 – ბარის პროვინციაში), გარდაიცვალა 36 ადამიანი (8 – ბარის პროვინციაში).

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close